პალერმო-კატანია: სიცილიური ვნებები დერბის წინ

AutoSharing Option
სიცილიური დერბი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცხელი საფეხბურთო დაპირისპირებაა, რომელიც ტრადიციულად ნერვულ ვითარებაში მიმდინარეობს და ეს ემოციური ფონი თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე იგრძნობა.

ასეა ამჯერადაც - შაბათს, "პალერმო" "კატანიას" უმასპინძლებს და მხარეები უკვე აქტიურ პოლემიკაში არიან ჩაბმულნი. "პალერმოს" სპორტული დირექტორი პიეტრო ლო მონაკო თავის დროზე სწორედ "კატანიაში" მუშაობდა და იქიდან სკანდალით წამოვიდა - ამიტომ მისთვის ამ დერბის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

"კატანიას" აღმასვლა და ქვედა ლიგებიდან ელიტაში აღზევება სწორედ ლო მონაკოს უკავშირდება, თუმცა შემდეგ მას კლუბის პრეზიდენტთან მოუწია დაპირისპირება, რასაც მისი
"პალერმოში" გადაბარგება მოჰყვა. ლო მონაკო სიცილიური დერბის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა და ისედაც დაძაბული ფონი კიდევ უფრო გაამძაფრა:

"აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან "პალერმო" "კატანიაზე" ძლიერი გუნდია. ჩვენთან "ბარსელონა" არ ჩამოდის. ამიტომ მხოლოდ სამ ქულაზე უნდა ვიფიქროთ. ვარ თუ არა რევანშისტულად განწყობილი? - არა, რადგან "კატანიადან" წამოსვლით მე არაფერი დამკლებია.

როდესაც იქ ვმუშაობდი, გუნდი პროგრესირებდა; წამოვედი თუ არა, სტაგნაციის პერიოდი დაიწყო. ეს ჩემი პრობლემა აღარაა. მე "პალერმოში" ვარ, გუნდში, რომელიც "კატანიას" აუცილებლად დაამარცხებს".

ლო მონაკოს განცხადებას "კატანიას" პრეზიდენტი ანტონიო პულვირენტი გამოეხმაურა: "ლო მანოკოს სატურნირო ცხრილში არ ჩაუხედავს, თორემ ნამდვილად არ იტყოდა, რომ "პალერმო" "კატანიაზე" ძლიერი გუნდია.

მან რვა წელი იმუშავა ჩვენთან და ამისთვის მადლობა ეკუთვნის, მაგრამ თუ ასეთი განცხადებების კეთებას გააგრძელებს, მის მიმართ ჩვენი პატივისცემა გაქრება. ვიცი, რომ "კატანიას" ტოფოზები ლო მონაკოს მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი და კარგი იქნება, თუ ცეცხლზე ნავთს არ დავასხამთ.

ყველას კარგად გვახსოვს 2007 წელი, როდესაც დაძაბულ ფონს ტიფოზებისა და კარაბინიერების დაპირისპირება მოჰყვა. ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული