იტალია. სერია A. XIV ტური: "ბებერი ქალბატონის" ლოგიკური მარცხი

AutoSharing Option
"მილანი"-"იუვენტუსის" დაპირისპირება მართლაც განსაკუთრებულია, რაც კვირას გამართულმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ეს იყო დიდი ფეხბურთი, ტრადიციული ემოციებით, დაძაბულობით და დრამატიზმით...

უჩვეულო იუვე
მიმდინარე სეზონში "იუვენტუსი" შესანიშნავად ასპარეზობს და სრულიად დამსახურებულად უდგას სატურნირო ცხრილს სათავეში. ტურინული გრანდი თითქოს ორი თავით აღემატება სხვა იტალიურ გუნდებს, რასაც პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში ამტკიცებს.

მართალია, "იუვემ" "ინტერთან" საკუთარ კედლებში წააგო, მაგრამ იმ შეხვედრაშიც დაგვანახვა, რომ სხვებზე წინ დგას და სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტია...

და რა მოხდა "მილანთან" პაექრობაში? - ვიხილეთ სრულიად მოშლილი "ბიანკონერი", უამრავი ტექნიკური წუნი,
სწორხაზოვანი შეტევები და პერმანენტული ქაოსი დაცვაში. ამბობენ, რომ დიდწილად ეს "იუვეს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, ანჯელო ალესიოს "დამსახურებაა", რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად ვერ გაუძღვა გუნდს ხეირიანად.

თუმცა, მხოლოდ ალესიოზეც ვერ გადატყდება ჯოხი - ცხადია, რომ გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი ანტონიო კონტესთან წინასწარ თანხმდება...

ქვემოთ ის მიზეზები ჩამოვთვალოთ, რომელთა გამოც "იუვენტუსი" "მილანთან" ვერაფერს გახდა - გნებავთ, ის შეცდომები, რომლებიც "იუვეს" მწვრთნელებმა დაუშვეს და რამაც განაპირობა კიდეც ლიდერის მარცხი...

მირკო ვუჩინიჩი და მაურისიო ისლა ძირითადში
სასტარტო შემადგენლობას ნამდვილად ანტონიო კონტე დააყენებდა და არა ანჯელო ალესიო, თუმცა ვისაც არ უნდა დაეყენებინა, ფაქტია, რომ ბევრისთვის გაუგებარი გადაწყვეტილებები მიიღო. მაგალითად, მირკო ვუჩინიჩი დიდი ხანია, ვერაფერ ფეხბურთს აჩვენებს და თავისუფლად შეიძლებოდა, მის ნაცვლად ძირითადში სებასტიან ჯოვინკოს ეთამაშა.

ფაქტია, ჩერნოგორიელს კრიზისი აქვს და მასზე აქცენტის გაკეთება სრულიად ალოგიკური გახლდათ. მით უმეტეს, მეორე ტაიმში "იუვეს" მწვრთნელებმა თამაშიდან შედარებით აქტიური ფაბიო კვალიარელა მოხსნეს და არა ინერტული ვუჩინიჩი, რაც ამ გაუგებრობის კულმინაცია გახლდათ.

მარჯვენა ფრთაზე მაურისიო ისლა მოქმედებდა და არა შტეფან ლიხტშტაინერი. არადა, შვეიცარიელი შესანიშნავ ფორმაშია და ეს "ჩელსისთან" პაექრობაშიც დაადასტურა. ეს მაშინ, როდესაც ისლას აშკარად ჩავარდნა აქვს და საერთოდ ვერ ჩაეწერა ტურინულ გრანდში. ამასთან, მაურისიო "უდინეზეში" საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ და მისი მარჯვენა ფლანგზე გამოყენება ასევე გაუგებარია.

შესაძლოა, მწვრთნელმა ექსპერიმენტებს მიმართოს, მაგრამ ასეთ პრინციპულ პაექრობაში?..

სიმონე პადოინი "მხსნელად"
პირველ ტაიმში "მილანმა" აშკარად დაჯაბნა მეტოქე და მიუხედავად იმისა, რომ საეჭვო გოლი გაიტანა, მასპინძელთა უპირატესობა ერთი წუთით არ დამდგარა ეჭვქვეშ.

ისიც კარგად გამოჩნდა, რომ მაურისიო ისლა მარჯვენა ფრთაზე ვერაფერს გახდებოდა და მისი შეცვლა იყო საჭირო.

ისლა მართლაც შეცვალეს, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, სამხრეთამერიკელი სიმონე პადოინმა ჩაანაცვლა, ფეხბურთელმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში, პრაქტიკულად, არ უწევს თამაში.

რთული სათქმელია, რა ჩაიფიქრა ანჯელო ალესიომ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი გეგმა არ განხორციელდა. სიმონემ ხეირიანად ვერც კი მიიღო ბურთი და ბუნებრივია, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლფასი ჰქონდა.

რატომ პადოინი და არა ლიხტშტაინერი, ან თუნდაც სიმონე პეპე, რომელსაც შეტევის გაძლიერება შეეძლო, აუხსნელია...

ლუსიო თამაშგარეში
მატჩის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუსიოს ტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღებდა "მილანთან" პაექრობაში მონაწილეობას. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაცხადდა, ბრაზილიელ მცველს, უბრალოდ, მწვრთნელები აღარ ენდობიან და იმიტომ აღარ ჩანს "იუვეს" ძირითად შემადგენლობაში.

ლუსიო თადარიგში გახლდათ, სასტარტოში კი ანდრეა ბარცალისთან და ლეონარდო ბონუჩისთან ერთად მარტინ კასერესი ვიხილეთ.

არადა, ურუგვაელი, უკიდურეს შემთხვევაში, განაპირა მცველია, ხშირად კი სულაც გარემარბად ირჯება - მისი ცენტრში დაყენება აშკარა შეცდომა იყო, რადგან ტურინელთა საჯარიმოში სწორედ კასერესის გამო, ხშირად პანიკური ვითარება იქმნებოდა.

ფაქტია, კასერესი არ არის ცენტრალური მცველი და რთული სათქმელია, რატომ იყო ძირითად შემადგენლობაში, როდესაც ლუსიო სრულიად ჯანმრთელია.

სებასტიან ჯოვინკო და ჩაწოდებები
"იუვენტუსმა" გოლი პირველივე ტაიმში გაუშვა და მეორეში მატჩის გადასარჩენად გავიდა მინდორზე. ასეთ დროს ბევრი რამე მწვრთნელზეა დამოკიდებული, რომელმაც ხარვეზებზე დროული რეაგირება უნდა მოახდინოს და საჭირო ცვლილებები განახორციელოს როგორც შემადგენლობაში, ისე ტაქტიკა-სტრატეგიაში. ეს ყველაფერი კი ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს მოყვანილი...

ანჯელო ალესიომ თამაშიდან ფაბიო კვალიარელა მოხსნა და ბრძოლაში სებასტიან ჯოვინკო ჩართო, რასაც მოჰყვა კიდეც "იუვეს" თამაშში სტრატეგიული ცვლილება.

ტურინელებმა ჩაწოდებებზე გააკეთეს აქცენტი და მუდმივად მეტოქის საჯარიმოში კიდებდნენ ბურთს, სადაც სრულიად უმწეოდ გამოიყურებოდნენ სებასტიან ჯოვინკო და მირკო ვუჩინიჩი. ეს უკანასკნელი არასდროს გამოირჩეოდა მეორე სართულზე თამაშში, სებას სიმაღლე კი 1.64 სმ-ია და ამით ყველაფერია ნათქვამი.

მოკლედ, კომბინაციურმა თამაშმა არ გაჭრა და მეორე ტაიმის შუაწელიდან ტურინელებმა ჩაწოდებებს უმატეს. ამ დროს კი მეტოქის საჯარიმოში სებასტიან ჯოვინკო ტრიალებდა და არა ნიკლას ბენდტნერი, ან თუნდაც ალესანდრო მატრი...

უსამართლო, სამართლიანი გოლი
ზემოთ ის მიზეზები ჩამოვთვალეთ, რამაც ტურინელთა მარცხი გამოიწვია და სანამ რამდენიმე კომენტარს გაგაცნობდეთ, ერთადერთ გოლზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

VideoSportall.Ge
მილანი - იუვენტუსი 1:0


როგორც ტურინელთა კარს უკან მდგარმა რეფერიმ გადაწყვიტა, მაურისიო ისლამ "მილანის" ერთ-ერთი იერიშისას ბურთი ხელით შეაჩერა და ამისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთი უფრო ფერდში მოხვდა ისლას, ვიდრე ხელზე, თუმცა ამას უკვე აღარ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა - რობინიომ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად აქცია, რამაც "მილანს" ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოუტანა.

იტალიური საფეხბურთო სამყარო თანხმდება, რომ პენალტი არ იყო, თუმცა "როსონერი" იმსახურებდა იმ ერთ, გამარჯვების გოლს.

აქვე ტურინელები უნდა შევაქოთ, რომლებმაც მსაჯის შეცდომა ღირსეულად მიიღეს და აღნიშნეს, რომ გამარჯვებას სწორედ მილანური გრანდი იმსახურებდა.

ჯუზეპე მაროტა (იუვენტუსის სპორტული დირექტორი):
"სუსტ თამაშს არავითარი გამართლება არ აქვს და მარცხის მიზეზების ძიებისას მსაჯის შეცდომაზე ლაპარაკი არასერიოზულია. მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი ყველაზე სუსტი შეხვედრა იყო და დამსახურებულად დავმარცხდით. გადაღლილობა? - თუ ყველა ფრონტზე წარმატების მიღწევა გვსურს, ასეთ რიტმს ფეხი უნდა ავუწყოთ".

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი):
"თერთმეტმეტრიანი არ იყო, მაგრამ მსაჯმა დანიშნა და უკვე ვეღარაფერს შევცვლით. მთავარია, რომ საშინლად ვითამაშეთ და მარცხს ვიმსახურებდით. დიდი დრო გვქონდა იმისთვის, რომ თამაში შემოგვებრუნებინა, მაგრამ საამისოდ, პრაქტიკულად, არაფერი გაგვიკეთებია. ეს მარცხი ჭკუის სასწავლებლად უნდა გამოვიყენოთ".

მასიმილიანო ალეგრი (მილანის მთავარი მწვრთნელი):
"სათადარიგო სკამიდან მომეჩვენა, რომ ისლას ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ მსაჯები შეცდნენ. რას ვიზამთ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც არბიტრებს ჩვენ დავუჩაგრივართ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ტურინელებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ჩვენი კარის მიმართულებით, მაშინ, როდესაც ჯანლუიჯი ბუფონმა 4-5-ჯერ მაინც გადაარჩინა "იუვე" გაშვებული გოლისგან. ვიმსახურებდით მოგებას და მოვიგეთ კიდეც".

იტალია. სერია A. XIV ტური
27 ნოემბერი
ლაციო-უდინეზე 23.45

26 ნოემბერი

კალიარი-ნაპოლი 0:1
გოლი: 0:1 ჰამშიკი (73).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, როსეტინი, არიაუდო, აველარი - ეკდალი (80. იბარბო), კონტი, ნაინგოლანი - რიბეირო (83. ჩეპელინი) - საუ, ნენე (88. დესენა).
ნაპოლი (3-5-1-1): დე სანკტისი - გამბერინი, კანავარო, ბრიტოსი - მაჯო (65. მესტო), ბერამი, ინლერი, ჯემაილი (68. ვარგასი), ცუნიგა - ჰამშიკი - ინსინიე (83. დოსენა).
გაფრთხილება: როსეტინი, საუ - ჯემაილი.
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 9-12(3-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 10 000

პარმა-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 სანსონე (75).
პარმა (4-4-2): მირანტე - როზი (74. ბენალოუანე), ძაკარდო, პალეტა, გობი - მარკიონი, ვალდესი, ასკუა, სანსონე (77. ბელფოდილი) - ბიაბიანი, ამაური.
ინტერი (4-4-2): ჰანდანოვიჩი - ძანეტი, რანოკია, სამუელი, ჟუან ჟესუსი (86. დანკანი) - გუარინი, ალვარესი (74. კოუტინიო), კამბიასო (90. ლივაია), ნაგატომო - პალასიო, მილიტო.
გაფრთხილება: გობი, ვალდესი - პალასიო, დანკანი.
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 13-9(5-5); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 35 000

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუვენტუსი 14 10 2 2 29-10 32
2 ნაპოლი 14 9 3 2 23-11 30
3 ფიორენტინა 14 8 4 2 25-12 28
4 ინტერი 14 9 1 4 26-16 28
5 ლაციო 13 7 2 4 19-17 23
6 რომა 14 7 2 5 31-23 23
7 პარმა 14 5 5 4 17-18 20
8 კატანია 14 5 4 5 18-20 19
9 მილანი 14 5 3 6 21-18 18
10 ატალანტა 14 6 2 6 14-20 18
11 უდინეზე 13 3 7 3 18-20 16
12 სამპდორია 14 5 2 7 17-19 16
13 კალიარი 14 4 4 6 13-20 16
14 ტორინო 14 3 7 4 15-14 15
15 პალერმო 14 3 5 6 14-21 14
16 ჯენოა 14 3 3 8 14-21 12
17 კიევო 14 3 3 8 13-25 12
18 სიენა 14 4 5 5 13-14 11
19 ბოლონია 14 3 2 9 15-19 11
20 პესკარა 14 3 2 9 9-25 11
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
10 - ელ შაარავი (მილანი); 8 - კავანი (ნაპოლი), ლამელა (რომა), დი ნატალე (უდინეზე); 7 - მილიტო (ინტერი), კლოზე (ლაციო), ოსვალდო (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XIV ტური: "მილანმა" "იუვენტუსი" წააქცია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული