იტალია. სერია A. XIV ტური: "ნაპოლი" ზევით, "ინტერი" ქვევით

AutoSharing Option

 

ტურინის "იუვენტუსის" მარცხი დამატებითი მოტივაცია იყო "ინტერისთვის" და "ნაპოლისთვის" საიმისოდ, რომ მეტოქეები დაემარცხებინათ და ლიდერთან სხვაობა შეემცირებინათ.


ნეაპოლელებმა გაართვეს თავი ამოცანას; აი, მილანელებმა კი კიდევ ერთხელ წაიფორხილეს...

მხოლოდ სკუდეტო
სარდინიაზე გამარჯვება ყოველთვის რთულია, თუმცა ნეაპოლელებმა მისიას თავი გაართვეს და სახლში სამი ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნდნენ. მით უმეტეს, ამ ქულებმა ვალტერ მაცარის გუნდს ლიდერთან მიახლოების საშუალება მისცა. სამხრეთელებს პატარა ჩავარდნა ჰქონდათ. ბევრმა ჩამოწერა ეს გუნდი სასკუდეტო მარათონიდან, თუმცა ასე მარტივად არ ყოფილა საქმე...

ვალტერ მაცარიმ 3-5-1-1 ტაქტიკა აირჩია. შეტევის წინა ხაზზე ლორენცო
ინსინიე გაამწესა, მის უკან კი მარეკ ჰამშიკი მოქმედებდა. შეხვედრა სტუმართა სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლი მაცარის შეგირდებმა მხოლოდ მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გაიტანეს.

შედეგიანი დარტყმა ჰამშიკის ანგარიშზეა, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში. გატანა შეეძლო ინსინიესაც, რომელიც ბევრს მოძრაობდა და სარდინიელ მცველებს სისხლი გაუშრო.

ნამატჩევს ვალტერ მაცარი ძალიან კმაყოფილი იყო:
"ეს იყო სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელიც გამარჯვებით დავასრულეთ. თუ გვსურს, რომ სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ, სწორედ "კალიარის" მსგავსი გუნდები უნდა დავამარცხოთ როგორც სახლში, ისე გასვლაზე. ურთულესი მატჩი იყო, რომელშიც სამი ქულა მოვიპოვოთ. შეგირდებს ამაზე მეტს, უბრალოდ, ვერ მოვთხოვთ. მათი მისამართით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის".

კომენტარი გააკეთა ერთადერთი გოლის ავტორმა მარეკ ჰამშიკმა:
"სარდინიაზე თამაში ყოველთვის რთულია და ასე იყო ამჯერადაც. "კალიარისთან" მოგება საკუთარი თავის რწმენას შეგვმატებს, რადგან ლიდერთან სხვაობა ორ ქულამდე შევამცირეთ. ჩვენ სკუდეტოს ვუმიზნებთ და სხვა მიზანი, უბრალოდ, არ გვაქვს".

არასტაბილური ინტერი
როდესაც "ინტერს" შთამბეჭდავი წაუგებელი სერია ჰქონდა, მაშინაც ხშირად ვწერდით, რომ ანდრეა სტრამაჩონის გუნდის თამაშში ბევრი ხარვეზი შეინიშნება. შეუძლებელია, გუნდმა სტაბილურად ჩაატაროს მთელი სეზონი, როდესაც თავდასხმაში ანტონიო კასანოს, დიეგო მილიტოს და როდრიგოს პალასიოს იმედზეა...

არც ერთის საწინააღმდეგო არ გვაქვს არაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ კასანოს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, თუნდაც 90 წუთი დაჰყოს მინდორზე; მილიტო ვეტერანის ასაკშია და საუკეთესო დროება უკან აქვს მოტოვებული; პალასიო კი ექსტრა-კლასის ფორვარდი არც არასდროს ყოფილა.

დაუმატეთ ამათ უამრავი ექსპერიმენტი ნახევარდაცვაში და ისეთი ყაიდის ფეხბურთელები, როგორებიც ნაგატომო, პერეირა, ალვარესი, გუარინი და სხვები არიან... არც ერთს არ ვერჩით, მაგალითად, ფრედი გუარინს ბრწყინვალე დარტყმა აქვს, მაგრამ ყველა ფრონტზე წარმატების მისაღწევად აშკარად უფრო სოლიდური შემადგენლობაა საჭირო.

მოკლედ, ბოლო მატჩების ჩაგდებამ ნათლად დაგვანახვა, რომ "ნერაძურიში" საკადრო პრობლემებია და რადგან მასიმო მორატი სატრანსფერო ფანჯრის იგნორირებას აპირებს, მილანური გრანდის სასკუდეტო ამბიციები ბუნდოვანი ხდება.

ერთადერთი და გამარჯვების გოლი ნიკოლა სანსონემ გაიტანა, რომელმაც ცენტრიდან წაიღო ბურთი, გზად რამდენიმე მილანელს ჩაუქროლა და უძლიერესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან დაბალ კუთხეში მოათავსა. რობერტო დონადონის გუნდი საკუთარ არენაზე ძალიან კარგად ასპარეზობს, რაც "ინტერთან" პაექრობაშიც დადასტურდა.

აქვე რამდენიმე კომენტარი...

ანდრეა სტრამაჩონი (ინტერი):
"პირველ ტაიმში ურიგოდ არ გვითამაშია, თუმცა გოლის გატანა ვერ შევძელით. აი, მეორეში მეტოქემ აშკარად გვაჯობა და ეს უნდა ვაღიაროთ. ტრავმებმა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა და უკვე მერამდენე თამაშია, ანტრაქტის შემდეგ მკვეთრად ვუკლებთ. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გრძელი სათადარიგო სკამია საჭირო და იმედია, დაშავებული ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნდებიან".

ხავიერ ძანეტი (ინტერი):
"მეორე ნახევარში აშკარად მოვუკელით და ამისთვის დავისაჯეთ კიდეც. მეტოქემ სისწრაფეში გვაჯობა, ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგო და დამსახურებულად გაიმარჯვა. თუ სკუდეტოსთვის ბრძოლა გვსურს, ასე აღარ უნდა ვითამაშოთ. ფაქტია, რომ ეს იმ გუნდის აჩრდილი იყო, რომელმაც ტურინში "იუვენტუსი" დაამარცხა".

რობერტო დონადონი (პარმა):
"პირველ რიგში, მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი შეხვედრის განმავლობაში მხურვალედ გვქომაგობდნენ. სულ რომ ასეთი ატმოსფერო იყოს "ენიო ტარდინიზე", კიდევ უფრო შედეგიანად ვითამაშებდით. საკუთარ საჯარიმოში არ ჩავიკეტეთ, შევუტიეთ მეტოქეს და უმნიშვნელოვანესი გოლიც გავიტანეთ. ამას დაცვის შესანიშნავი გარჯა დაემატა და შედეგად, სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში. შეგირდების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის".

იტალია. სერია A. XIV ტური
27 ნოემბერი
ლაციო-უდინეზე 3:0
გოლები: 1:0 გონსალესი (17), 2:0 კლოზე (31), 3:0 ერნანესი (59).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კავანდა, ბიავა, სიანი, რადუ - კანდრევა (81. ლულიჩი), გონსალესი, ლედესმა (65. ცანა), ედერსონი (46. ერნანესი), მაური - კლოზე.
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - კოდა (87. ერუ), დანილო, დომიცი (24. ანჯელა) - პერეირა, ვილიანსი (46. რანიჯი), ალანი, ბადუ, არმერო - მაიკოსუელი - დი ნატალე.
გაფრთხილება: ლედესმა, ცანა - კოდა, მაიკოსუელი.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 8-7(6-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 40 000

26 ნოემბერი
კალიარი-ნაპოლი 0:1
გოლი: 0:1 ჰამშიკი (73).

პარმა-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 სანსონე (75).

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუვენტუსი 14 10 2 2 29-10 32
2 ნაპოლი 14 9 3 2 23-11 30
3 ფიორენტინა 14 8 4 2 25-12 28
4 ინტერი 14 9 1 4 26-16 28
5 ლაციო 14 8 2 4 22-17 26
6 რომა 14 7 2 5 31-23 23
7 პარმა 14 5 5 4 17-18 20
8 კატანია 14 5 4 5 18-20 19
9 მილანი 14 5 3 6 21-18 18
10 ატალანტა 14 6 2 6 14-20 18
11 სამპდორია 14 5 2 7 17-19 16
12 უდინეზე 14 3 7 4 18-23 16
13 კალიარი 14 4 4 6 13-20 16
14 ტორინო 14 3 7 4 15-14 15
15 პალერმო 14 3 5 6 14-21 14
16 ჯენოა 14 3 3 8 14-21 12
17 კიევო 14 3 3 8 13-25 12
18 სიენა 14 4 5 5 13-14 11
19 ბოლონია 14 3 2 9 15-19 11
20 პესკარა 14 3 2 9 9-25 11
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
10 - ელ შაარავი (მილანი); 8 - კავანი (ნაპოლი), ლამელა (რომა), დი ნატალე (უდინეზე), კლოზე (ლაციო); 7 - მილიტო (ინტერი), ოსვალდო (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XIV ტური: "ბებერი ქალბატონის" ლოგიკური მარცხი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული