მუნდიალის გმირი - ფაბიო გროსომ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
არიან ფეხბურთელები, რომელთა კარიერაც, ძირითადად, ერთ კონკრეტულ ტურნირთან ასოცირდება... ასეთ მოთამაშეთა შორის გახლავთ ფაბიო გროსო, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

35 წლის გროსოს "იუვენტუსთან" ხელშეკრულების ვადა გასულ ზაფხულს დაუსრულდა და ახალი კლუბის ძიებაში გახლდათ.

მას შემდეგ რამდენიმე თვეა გასული. ფაბიოს საინტერესო შეთავაზება არ მიუღია და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა:

"ზაფხულიდან მოყოლებული, რამდენიმე წინადადება მივიღე, მაგრამ ჩემთვის ყველა უინტერესო გახლდათ. ნახევარი სეზონი უქმად გავიდა და ვფიქრობ, რომ დროა, კარიერა დავასრულო.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წლების განმავლობაში გვერდში
მედგა. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და აუცილებლად სპორტის უპირველეს სახეობაში დავრჩები.

კერძოდ, სამწვრთნელო ლიცენზიის აღებას ვაპირებ, რადგან ეს საქმე ყოველთვის მომწონდა".

ფაბიო გროსო საკლუბო დონეზე ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ აუცილებლად შემორჩება ისტორიას, რადგან მან ეროვნულ ნაკრებში, თვით მუნდიალზე გაიბრწყინა.

2006 წელს იტალიის უმთავრესმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, რაშიც გროსომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

შეგვიძლია მერვედფინალური მატჩი გავიხსენოთ, როდესაც კაცნაკლული "სკუადრა აძურა" ავსტრალიასთან წვალობდა - მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ფაბიო მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავად შეიჭრა, მცველს გვერდი აუარა, რომელსაც ისღა დარჩენოდა, რომ მეტოქე თამაშის წესის დარღვევით შეეჩერებინა...

არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ფრანჩესკო ტოტიმ გოლად აქცია.

იტალიამ მეოთხედფინალში დიდწილად გროსოს გარღვევის წყალობით გააღწია, რომელსაც პენალტი და ერთადერთი გოლი მოჰყვა.

ყველას კარგად გვახსოვს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი და გერმანია-იტალიის დრამატული დაპირისპირება.

შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა და თერთმეტმეტრიანების დანიშვნამდე სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი - ალექს დელ პიერომ კუთხური ჩააწოდა, გერმანელებმა თავით გამოიტანეს ბურთი, რომელიც ანდრეა პირლოს მიუგორდა. ამ უკანასკნელმა გროსოს იდეალური პასი მისცა, მისი დარტყმული კი უზადო გამოდგა და იტალია ფინალში გავიდა.

მუნდიალის გადამწყვეტი შეხვედრა ფრედ დასრულდა და საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა - უკანასკნელი პენალტი ფაბიო გროსომ შეასრულა, ბურთი ცხრიანში გაჭედა და "აძურამ" მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

აქვე ვთქვათ, რომ ფაბიო გროსომ იტალიის ეროვნულ ნაკრებში სულ 48 მატჩი გამართა და 4 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, საუკეთესო წლები "პალერმოსა" და "ლიონში" გაატარა. იქამდე "პერუჯაში" ასპარეზობდა, სულ ბოლოს კი "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.

თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ გროსო სანაკრებო ფეხბურთელი გახლდათ, მისი გვარი კი ყოველთვის 2006 წლის მუნდიალთან იქნება ასოცირებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული