იტალია. სერია A. XVIII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას თუ სკუდეტოს ჭრილში შევხედავთ, ბოლო რამდენიმე ტური ერთადერთ რამეს გვეუბნება: "იუვენტუსი" განსაკუთრებული პრობლემების გარეშე შეინარჩუნებს ტიტულს.

ტურინულმა გრანდმა მიჯრით მოიგო შეხვედრები, კონკურენტებმა კი ქულები არა მარტო მოედანზე, მის მიღმაც დაკარგეს...

"ინტერი" არასტაბილურია, "ნაპოლის" ქულები ჩამოაკლეს და შედეგად, მეორე ადგილზე "ლაციო" აღმოჩნდა, რომელიც სკუდეტოზე ნამდვილად არ ფიქრობს და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება აქვს მიზნად დასახული.

მოულოდნელი მდევარი
ლიდერს "ლაციოს" სახით მოულოდნელი მდევარი ჰყავს, მაგრამ მისდევს კი რომაული გუნდი ტურინულ გრანდს? - ამ თემაზე "ბიანკოჩელესტეს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სტეფანო
მაურიმ
ისაუბრა:

"სხვისი რა გითხრათ და პირადად მე სკუდეტოზე ნამდვილად არ ვფიქრობ.

მთავარია, რომ ასევე გავაგრძელოთ, თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ და შედეგი აუცილებლად დადებითი გვექნება.

თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ, ჩავთვლი, რომ მისია შესრულებულია. "იუვენტუსი" სხვა დონის ფეხბურთს თამაშობს და სატურნირო ცხრილში შესაბამისი პოზიცია უკავია".


ბევრად უფრო ოპტიმისტური განწყობა აქვს კლუბის პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს, რომელიც სატრანსფერო საკითხებსაც შეეხო:

"ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი გვიკავია. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ამ გუნდს მეტი შეუძლია და ვფიქრობ, რომ 2013 წელს კიდევ უკეთესად ვითამაშებთ.

გავძლიერდებით თუ არა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში? - ბაზარზე არც ისე ბევრი ფეხბურთელია, რომელთა დამატება გუნდს რეალურად გააძლიერებს.

თუ ასეთი ვარიანტი გამოჩნდა, შანსს ხელიდან არ გავუშვებთ. თუმცა დღეს უფრო ზედმეტი ფეხბურთელების გაშვებაზე ვმუშაობთ - ფრანსელინო მათუზალემმა უკვე დატოვა გუნდი და "ჯენოას" შეუერთდა; აი, მაურო სარატე კი ჯერ კიდევ "ლაციოს" ფეხბურთელია".


შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე "ლაციო" გენუაში ჩავიდა და "სამპდორია" მისსავე მოედანზე დაამარცხა.

ამ გამარჯვებით რომაულმა გუნდმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მდგომარეობა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მოკალათდა.

არის ფუნდამენტი?
"ინტერი"-"ჯენოას" მატჩის შემდეგ ანდრეა სტრამაჩონიმ განაცხადა, რომ არის ფუნდამენტი, რომელზეც 2013 წელს დიდი გუნდი უნდა აშენდეს...

სტრამაჩონი "ინტერის" მთავარ მწვრთნელად დაახლოებით ცხრა თვეა მუშაობს, თანამედროვე ფეხბურთში კი ასეთ დროში შედეგს ითხოვენ და არა საფუძვლის, ან გნებავთ, ფუნდამენტის ჩაყრას. თუმცა, ანდრეა ჯერჯერობით ხელშეუხებელია, მასიმო მორატი კი მასზე უდიდეს იმედებს ამყარებს.

"ჯენოასთან" "ინტერმა" ქაოსური ფეხბურთი ითამაშა და შეეძლო სულაც წაეგო ის შეხვედრა - თუმცა, ფრე მარცხის ტოლფასია, როდესაც სკუდეტოს უმიზნებ და საკუთარ კედლებში აუტსაიდერს ეთამაშები.

სტრამაჩონი ისევ ძიებაშია, "ჯენოას" 3-4-3 ტაქტიკა დაუპირისპირა და თავიდანვე გვამცნო, რომ მეტოქის დანდობა არ იქნებოდა...

რეალობა სხვაგვარი გამოდგა, გენუელები განსაკუთრებული პრობლემების გარეშე უმკლავდებოდნენ მასპინძელთა იერიშებს და კონტრშეტევებზე მწარედაც იკბინებოდნენ. მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ანდრეას მორიგი ექხპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა.

მოკლედ, არც თამაშია და არც შედეგი. "ინტერის" ქომაგთა ერთადერთი ნუგეში კი ის ფუნდამენტია, რომელზეც სტრამაჩონიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა...

მაგრამ ჩაყარა კი 36 წლის სპეციალისტმა ის საფუძველი, რომელზეც დიდი გუნდი უნდა აშენდეს?

ზღაპარში დაძლეული კრიზისი
რამდენიმე საშუალო დონის გუნდთან მოპოვებული გამარჯვება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "მილანის" მესვეურებს კრიზისის დაძლევაზე და აღმასვლის დაწყებაზე ეკეთებინათ განცხადებები. ჩემპიონთა ლიგის საგზური შავ-წითლებმა ჯიბეში იგულეს და ერთი-ორმა სკუდეტოსაც კი გახედა.

თუმცა ასე მარტივად არ არის საქმე და "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართულმა შეხვედრამ ეს ნათლად დაგვანახვა.

"რომამ" შავი დღე აყარა "მილანს" და ბოლოს რომ ჩვეულად არ მოედუნებინა ყურადღება, "მრისხანე მეტოქეს" სამარცხვინო ანგარიშით დაამარცხებდა.

მაინც აღვნიშნოთ, რომ "ჯალოროსი" მოწინააღმდეგეს 4:0-ს უგებდა, საბოლოოდ კი შეხვედრა 4:2 დასრულდა.

VideoSportall.Ge
რომა - მილანი 4:2


ასე იოლად "რომას" დიდი ხანია, არ გაუმარჯვია და თანაც ვისთან, მსოფლიო ფეხბურთის აღიარებულ გრანდთან.

ის, რაც "სტადიო ოლიმპიკოზე" "მილანის" საჯარიმოში ხდებოდა, არავითარ ახსნას არ ექვემდებარება - მარიო იეპესი და ფილიპ მექსე ფორმალურად იყვნენ მოედანზე, მათი ზონიდან კი მარკო ამელია პერმანენტულად იბომბებოდა.

ასეთი "მილანი" "ბარსელონასთან" განწირულია, ხსნას კი გულშემატკივრები ისევ ტრანსფერებში ეძებენ - აბა, იეპესი რომ ალესანდრო ნესტასავით ვერ ათამაშდება, ეს ცხადზე უცხადესია.

თუმცა "მილანს" არა მარტო დაცვაში, შეტევაშიც უჭირს და სწორედ ამ თემებზე პრესას კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი გაესაუბრა:

"სეზონი მწარე მარცხით დავასრულეთ, მაგრამ ამის გამო ხასიათის გაფუჭება არ ღირს. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და შედეგი აუცილებლად მოვა.

სატრანსფერო პროცესებში ჩავერთვებით, მაგრამ რა დოზით, ამაზე დღეს ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. ერთი ვიცი, მარიო ბალოტელი "მილანში" ვერ გააგრძელებს კარიერას, რადგან მასში კოლოსალურ თანხას ითხოვენ.

დიდიე დროგბა? - ამ შემთხვევაშიც ფინანსებთან გვაქვს საქმე და ვფიქრობ, რომ მისი გადაბირება დღეს მხოლოდ ჩინურ, რუსულ და არაბულ გუნდებს შეუძლიათ.

ვეცდებით, საჭირო მოთამაშეები დავიმატოთ. ამაზე უფრო მეტს დღეს ვერაფერს ვიტყვი".


დიდი ნახტომი
"იუვენტუსმა" გასული სეზონი დაუმარცხებლად ჩაამთავრა და მისი დამაჯერებელი ლიდერობა არავის უკვირს.

"ლაციო" ედუარდო რეიას დროსაც ცხრილის ზედა ნაწილში ტრიალებდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც კარგა ხანია უმიზნებს. აი "ფიორენტინას" ასეთი ასპარეზობა კი მართლაც დიდი სიურპრიზია.

Sportall.Geთუ ვინმემ განიცადა უდიდესი პროგრესი, ეს სწორედ ფლორენციული გუნდია, რომელსაც ვინჩენცო მონტელა უდგას სათავეში.

განსაკუთრებულად ძლიერი "ვიოლა" ნახევარდაცვაშია, სადაც მწვრთნელს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს. მაგალითად, "პალერმოსთან" გასვლით პაექრობაში, რომელიც ფლორენციელებმა სამი უპასუხო გოლის წყალობით მოიგეს, დავიდ პისარო თადარიგში დარჩა და მხოლოდ მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში.

ჩილელთან ერთად, მოედნის შუაგულს შესანიშნავად აკონტროლებენ ალბერტო აკვილანი და ბორხა ვალერო. ცნობისთვის, საგოლე პასების რაოდენობით, ესპანელი პირველ ადგილზეა მიმდინარე გათამაშებაში, მის ანგარიშზე კი რვა ასისტია.

დაუმატეთ ამათ სტევან იოვეტიჩი, რომელიც თუ ჯანმრთელია, გოლების გარანტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა, ჩერნოგორიელი ხშირადაა ლაზარეთში და ფლორენციელებს ერთი კარგი ფორვარდი არ აწყენდათ.

კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ უკვე გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სატრანსფერო პერიოდში სწორედ ფორვარდის ძიებაში იქნება.

"ფიორენტინა" ნამდვილი აღმოჩენაა. ამ გუნდმა ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა წინ.

ლიდერი და ყველაზე რეალური კონკურენტი
"იუვენტუსმა" მორიგი მატჩი მოიგო და კიდევ უფრო გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.

VideoSportall.Ge
კალიარი - იუვენტუსი 1:3


იტალიურ საფეხბურთო სამყაროში პრაქტიკულად აღარ დავობენ იმაზე, თუ ვინ გახდება ჩემპიონი, რადგან ტურინული გრანდი სხვებზე ორი თავით მაღლა დგას.

თუმცა "რაი სპორტმა" მაინც ჩაატარა გამოკითხვა. კითხვა კი ასეთი იყო: "ვის შეუძლია "იუვენტუსისთვის" რეალური კონკურენციის გაწევა?"

გამოკითხულთა უმრავლესობამ არჩევანი "ნაპოლიზე" შეაჩერა, გუნდზე, რომელსაც ორი ქულა ჩამოაკლეს და დღეს მხოლოდ მეოთხე ადგილზეა სატურნირო ცხრილში.

მიუხედავად ამისა, გულშემატკივრებს სხვებზე მეტად მაინც სამხრეთელების სჯერათ და ეს არც არის გასაკვირი - თუ იგივე "ინტერი" კარგ შემთხვევაში ჩამოყალიბების სტადიაშია, "ნაპოლი" უკვე მომწიფებულია იმისთვის, რომ ტროფეებისთვის იბრძოლოს.

ვალტერ მაცარის შეგირდებმა სიენაში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგეს და ტიფოზთა რწმენა კიდევ უფრო გააღრმავეს.

საგულისხმოა, რომ გამოკითხვის შედეგებს პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დაეთანხმა:

"სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას ყურადღებით ვადევნებ თვალს და ანალიზის გაკეთებაც შემიძლია.

ვფიქრობ, "იუვეს" გულშემატკივრები ნაადრევად ზეიმობენ სკუდეტოს, რადგან დარჩენილ დროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ტურინელთა რეალურ კონკურენტად "ნაპოლის" მივიჩნევ, რომელიც წლებია, ამ შემადგენლობით ასპარეზობს.

სეზონის მეორე ნახევარში მაცარის გუნდი აუცილებლად მოუმატებს. ამაში დარწმუნებული ვარ".


Sportall.Geბოლოს ისიც ვთქვათ, რომ 2012 წლის იტალიის საუკეთესო გოლეადორი სწორედ ნეაპოლელი ედინსონ კავანი გახლავთ, რომელმაც მეტოქეთა კარი 43-ჯერ დალაშქრა.

აქედან 27 სერია A-ში გაიტანა, 6 იტალიის თასზე, 7 ევროპის ლიგაზე, 1 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 იტალიის სუპერთასზე და 1 ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

მეორე ადგილზე ანტონიო დი ნატალეა, რომელმაც 30-ჯერ გამოიჩინა თავი; მესამე კი 29 გოლის გამტანი დიეგო მილიტოა.

Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XVIII ტური: "რომამ" "მილანს" გადაურბინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული