სერია A. XXI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: საიუვენტუსე ტური

AutoSharing Option
XXI ტური "რომა"-"ინტერის" შეხვედრამ დახურა და რადგან ეს მეტად საინტერესო დაპირისპირება კვირას გვიან ღამით დასრულდა, ტურის მიმოხილვაში მასზე არაფერი გვითქვამს. ამიტომ ჯერ სწორედ რომაულ ჯახზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

ზემანი რომასგან მეტს ითხოვს
მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ თამაში თანაბარი გამოდგა. ტერიტორიულ უპირატესობას რომაელები ფლობდნენ. "ინტერი" მეტწილად კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას. მომენტები კი ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ წინასამატჩოდ ანდრეა სტრამაჩონი გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობაში იყო, ვიდრე ზდენეკ ზემანი. "ინტერს" ანტონიო კასანო
და დიეგო მილიტო აკლდა, რამაც მილანელებს შეტევაში სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

შედეგად, სტრამაჩონიმ როდრიგო პალასიოს ახალგაზრდა მარკო ლივაია შეუწყვილა, რომელიც ნიჭიერი კია, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ გაფუჭებული მომენტებით გვამახსოვრებს თავს.

რაც შეეხება ზემანს, მან შეტევაში ტრადიციული ტრიო გაამწესა - ფრანჩესკო ტოტის, ერიკ ლამელასა და პაბლო ოსვალდოს შემადგენლობით.

ძირითადში დააყენა დანიელე დე როსი, მაგრამ შესვენებაზე შეცვალა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ზემანსა და დე როსის შორის ყველაფერი რიგზე ვერ არის. ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ფრანჩესკო ტოტიმ გახსნა, გამათანაბრებელი კი ფრედი გუარინის შესანიშნავი თამაშის შედეგად, როდრიგო პალასიომ გაიტანა.

ფრე სამართლიანი შედეგი გახლდათ. ამის შესახებ ორივე მწვრთნელმა განაცხადა...

ანდრეა სტრამაჩონი (ინტერი): "პირველ ნახევარ საათში "რომამ" წნეხის ქვეშ მოგვაქცია, თუმცა შემდეგ ვიპოვეთ ჩვენი თამაში და მეტოქის ნახევარზეც გადავედით.

"ჯალოროსის" საკუთარ მოედანზე უდიდესი პოტენციალი აქვს და ვიცოდი, რომ მძიმე ბრძოლის გადატანა მოგვიწევდა. ვფიქრობ, თამაში თანაბარი იყო და შესაბამისად, შედეგი ლოგიკური დაფიქსირდა.

ერთი კია, მთელი მატჩის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ თავდასხმაში გვიჭირდა, რამაც ძალიან გაგვირთულა მდგომარეობა. კასანო და მილიტო რომ ყოფილიყვნენ, მოგების გაცილებით მეტი შანსი გვექნებოდა".


ზდენეკ ზემანი (რომა): "შეგირდთა გარჯით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ, აი, შედეგი კი ნამდვილად არ მახარებს. საკუთარ მოედანზე ყოველთვის სამი ქულისთვის ვთამაშობთ და სხვა ყველაფერი ჩვენთვის მიუღებელია.

მეტი სიზუსტე გვმართებს დამაგვირგვინებელ ფაზაში და ამას უკვე დიდი ხანია, გავიძახი. "ინტერმა" ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა მიმდინარე სეზონში და მინდა მეტოქეს კომპლიმენტები ვუძღვნა.

ჩვენ მეტი გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამეულში მოხვედრა აუხდენელ სურვილად დაგვრჩება".


იუვეს თავდასხმა შეუთხელდა
"იუვენტუსმა" "უდინეზეს" კი გადაურბინა, მაგრამ როგორც ანტონიო კონტე აცხადებს, ტრიუმფი მის გუნდს ძვირად დაუჯდა. იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩის წინ, რომელიც "ვეკია სენიორამ" "ლაციოსთან" უნდა გამართოს, კონტეს განკარგულებაში ერთადერთი ფორვარდია - ალესანდრო მატრი:

"სებასტიან ჯოვინკო, მირკო ვუჩინიჩი და ნიკლას ბენდტნერი ტრავმირებულნი არიან, ფაბიო კვალიარელას კი დისკვალიფიკაცია აქვს. გამოდის, რომ ჩემს განკარგულებაში ერთადერთი თავდამსხმელი, ალესანდრო მატრია.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ტრავმირებულთა ზუსტი დიაგნოზი ჯერ არ ვიცი და ვერც იმას გეტყვი
, როდის დაგვიბრუნდებიან.

მოკლედ, "უდინეზესთან" მატჩი ძვირად დაგვიჯდა",
- აცხადებს "იუვეს" თავკაცი.


მონტელა: უნდა გამოვფხიზლდეთ!
პირველად მიმდინარე სეზონში, ვინჩენცო მონტელამ ღიად გამოთქვა უკმაყოფილება შეგირდთა თამაშით და განაცხადა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.

არადა, "ფიორენტინას" თვით "ნაპოლი" სტუმრობდა და საყაიმო შედეგი, წესით, არ უნდა ყოფილიყო ფლორენციელთათვის ტრაგიკული - მონტელა წაგებული მატჩების შემდეგ იცავდა თავის ფეხბურთელებს, ამჯერად კი სხვაგვარად მოიქცა:

"2013 წელი მართლაც საშინლად დავიწყეთ და სამწუხაროდ, ჩავარდნა ჯერ კიდევ გრძელდება. თუ ვინმეს უნდა მოეგო, ეს "ნაპოლი" გახლდათ და გამოდის, რომ კიდევ ერთ მარცხს გადავურჩით.

უნდა გამოვფ
იზლდეთ, თორემ სეზონის პირველ ნახევარში მოპოვებულ ქულებს და ავტორიტეტს წყალში გადავყრით. შემდეგ ტურში სულ სხვა "ფიორენტინას" ნახვა მსურს და ვნახოთ, როგორ გამიმართლებენ შეგირდები".

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XXI ტური: "ბებერი ქალბატონი" ისევ გაახალგაზრდავდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული