"როსონერიმ" ბეწვის ხიდზე გაიარა და სამი ქულა რის ვაივაგლახით აიღო. ამბობენ, რომ ბერლუსკონიმ ალეგრის გაშვება "მილანის" მიერ მეორე გაშვებული გოლისას მიიღო და მიუხედავად გადარჩენილი თამაშისა, აზრი არ შეუცვლია. როგორც ჩანს, ლომბარდიული გრანდის პრეზიდენტს ალეგრი ისედაც აღარ მოსდიოდა თვალში და "კატანიასთან" მატჩი, უბრალოდ, საბაბი იყო.
მართალია, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება და
"გაძეტა დელო სპორტი" გვარწმუნებს, რომ ალეგრის პოსტის დატოვება იმ შემთხვევაშიც მოუწევს, თუ "მილანმა" მესამე ადგილი შეინარჩუნა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ითქვა ისიც, რომ ბერლუსკონის მასიმილიანოს გაშვება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ მაშინ პრეზიდენტის დაყოლიება ადრიანო გალიანიმ მოახერხა.
იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე იმ მწვრთნელთა გვარები დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი მასიმილიანო ალეგრის შეცვლის. ამბობენ, რომ სილვიო ბერლუსკონის ფავორიტი კლარენს ზეედორფია, ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი, რომელიც ბრაზილიურ "ბოტაფოგოში" ასპარეზობს და მომდევნო სეზონიდან მწვრთნელობას ეშურება.
დონ სილვიოს კლარენსთან ყოველთვის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა ჰქონდა და როგორც ჩანს, მასში დიდი სამწვრთნელო პოტენციალი დაინახა. ფავორიტთა შორის სახელდებიან ჰოლანდიელი მწვრთნელები: მარკო ვან ბასტენი და ფრანკ რაიკაარდი - თავის დროზე ორივე "მილანის" ღირსებას იცავდა. სახელდება ვინჩენცო მონტელას კანდიდატურაც, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფლორენციელებმა მწვრთნელი სხვაგან გაუშვან.
არის ალესანდრო კოსტაკურტას და ლუჩანოს სპალეტის ვარიანტები, თუმცა ფავორიტთა შორის არც ერთს არ ასახელებენ - პირველის სამწვრთნელო კვალიფიკაცია სერიოზულ კითხვებს ბადებს, ხოლო მეორე რუსულ "ზენიტში" სეზონურად 6 მილიონ ევროს იღებს და ამ თანხის გამქაჩავი "მილანი" ნამდვილად არ არის.
მოკლედ, კანდიდატები ბევრია, რომელთაგან ორი-სამი ფავორიტადაც ითვლება, ყველაზე უფრო ხშირად კი მაინც კლარენს ზეედორფზე საუბრობენ. ჰოლანდიელის შესახებ მოსაზრებები მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა: ერნან კრესპომ და ჯანლუკა ძამბროტამ გამოთქვეს...
ერნან კრესპო: "ზეედორფი ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე ფეხბურთელი გახლდათ, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. მას თავიდანვე ეტყობოდა მწვრთნელობის ნიჭი და კარგი იქნება, თუ ამ საქმეს მიჰყოფს ხელს. დიდი სურვილი მაქვს, რომ "მილანის" მწვრთნელად დანიშნონ, რადგან ზუსტად ვიცი, დიდ წარმატებებს მიაღწევს. ვფიქრობ, არჩევანის მასზე შეჩერებით ლომბარდიელები მხოლოდ მოიგებენ".
ჯანლუკა ძამბროტა: "კლარენს ზეედორფი ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო, მაგრამ რამდენად კარგი მწვრთნელი იქნება, რთული სათქმელია. მწვრთნელობა სულ სხვა საქმეა და რაიმეს მტკიცება რომ დავიწყო, არ იქნება მართალი. ერთი ღმერთმა იცის, ივარგებს თუ არა კლარენსი მწვრთნელად, მაგრამ პირადად მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ".
ალეგრი "რომაში"?
რა ბედი ელის მასიმილიანო ალეგრის? - იმავე "გაძეტას" მტკიცებით, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ მასიმილიანო აურელიო ანდრეაცოლის შეცვლის და დედაქალაქურ "რომას" ჩაუდგება სათავეში. ითქვა ისიც, რომ ალეგრი "ჯალოროსისთან" 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და წელიწადში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.
დიახ, იტალიელი ჟურნალისტები ასეთ დეტალურ ცნობებს ავრცელებენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ სამწვრთნელო ცვლილებები მართლაც მზადდება. ვნახოთ, ყველაფერს ახლო მომავალში მოეფინება ნათელი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ადრიანო გალიანი მასიმილიანო ალეგრის გამოექომაგა