სერია A. ბოლო ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: ჯოჯოხეთიდან მობრუნებული გალიანი

AutoSharing Option
სერია A-ს ბოლო ტური მეტად უხვგოლიანი გამოდგა: 10 შეხვედრაში 37 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 3.7 შედეგიანი დარტყმაა.

მოკლედ, შემტევებმა გაილაღეს და ეს არც არის გასაკვირი, რადგან გუნდების უმეტესობა ყველანაირი წნეხისგან თავისუფალი იყო. თუმცა ბოლო ტურს ინტრიგაც ახლდა თან - ამ და სხვა თემებზე ტურის შეჯამებაში...

დრამატული ფინიში
ყველაზე დაძაბული და დრამატული ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლა გამოდგა. "ფიორენტინამ" "პესკარას" თავიდანვე მოუმთავრა საქმე და ყველაფერი "სიენა"-"მილანის" პაექრობას უნდა გადაეწყვიტა. ლომბარდიელებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს, სხვა დანარჩენს კი ევროპის უპრესტიჟულეს
საკლუბო ტურნირზე "ფიორენტინა" გაჰყავდა.

მატჩის წინ მასიმილიანო ალეგრი დაპირდა გულშემატკივრებს, რომ მარიო ბალოტელის და ჯამპაოლო პაცინის ერთად დააყენებდა ძირითად შემადგენლობაში, თუმცა სიტყვა გატეხა და პაცო ისევ თადარიგში დატოვა. მეტიც, ჯამპაოლოს სტეფან ელ შაარავიც მიუსვა გვერდით, სასტარტოში კი სუპერმარიოსთან ერთად რობინიო და მბაიე ნიანგი ვიხილეთ.

ამან არ გაამართლა და ალეგრი იძულებული გახდა, პირველი შეცვლა შესვენებაზე გაეკეთებინა. მეორე ნახევარში პაცინიც და ელ შაარავიც მოედანზე იყვნენ, რამაც საბოლოოდ გამოიღო კიდეც შედეგი. ბოლო წუთებში სტუმრებმა არათუ ტერლიცის მიერ ანტრაქტამდე გატანილი გოლი გაქვითეს, მეორეც შეაგდეს და ნანატრ მიზანს მიაღწიეს.

დიდი გამოხმაურება მოჰყვა გამათანაბრებელ გოლს, რადგან არბიტრმა თერთმეტმეტრიანი საეჭვო ვითარებაში დანიშნა - ბალოტელის ზურგიდან მიაწვა მცველი და თითქოს ხელიც მიაყოლა, მაგრამ სერია A-ში ასეთ პენალტებს იშვიათად ნიშნავენ - ბუნებრივია, მსაჯის გადაწყვეტილება ყველაზე აქტიურად ფლორენციელებმა გააპროტესტეს და აქვე გავეცნოთ კიდეც რამდენიმე კომენტარს...

დანიელე პრადე ("ფიორენტინას" სპორტული დირექტორი): "გაორებული შეგრძნება მაქვს - შესანიშნავი სეზონი გვქონდა და არ შეიძლება, ეს არ მახარებდეს, მაგრამ ბოლო წუთებში დაკარგულ ლიგის საგზურზე ძალიან მწყდება გული. თანაც, "მილანმა" გამოგონილი თერთმეტმეტრიანით შეიტანა თამაშში გარდატეხა და ჩემი პირადი აზრით, უსამართლოდ მოიგო. არც კი ვიცი, რა აზრი აქვს გაპროტესტებას, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას".

მანუელ პასკუალი (ფიორენტინა): "ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ჩვენ ვიმსახურებდით და ის, რაც სიენაში მოხდა, უსამართლობაა. ვერავის ვერაფერში ვადანაშაულებ, მაგრამ ერთი ვიცი: მიმდინარე სეზონში ჩვენ "მილანზე" უკეთესი გუნდი გვყავდა. "როსონერის" სასარგებლოდ გამოგონილი პენალტი დანიშნეს, რაც არ გამკვირვებია".

გონსალო როდრიგესი (ფიორენტინა): "ის რომ ვთქვა, რასაც რეალურად ვფიქრობ, იტალიაში თამაშს სამუდამოდ ამიკრძალავენ".

ვინჩენცო მონტელა ("ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ გოლები მალევე გავიტანეთ და შემდეგ მთლიანად ტოსკანურ პაექრობაზე გადავერთე. ბოლომდე მჯეროდა "სიენასი", მაგრამ საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა... პენალტი მართლაც საეჭვო იყო და ცუდია, რომ ამხელა დუელის ბედი სწორედ ასეთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, მასიმილიანო ალეგრის და მთლიანად, "მილანს" კომპლიმენტები ვუძღვნა; ამასთან, ჩემპიონთა ლიგაში წარმატებები ვუსურვო".

ადრიანო გალიანი ("მილანის" ვიცე-პრეზიდენტი): "ჯოჯოხეთში ვიყავი და მადლობა ღმერთს, დავბრუნდი".

მაცარი მარცხით წავიდა
"რომა"-"ნაპოლის" მატჩი, სატურნირო თვალსაზრისით, არაფერს წყვეტდა, მაგრამ გუნდების სახელებიდან გამომდინარე, მაინც მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება. გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე დედაქალაქელებმა ნეაპოლური გუნდი დაამარცხეს და სეზონის უმთავრესი მატჩის წინ (თასის ფინალი) კარგი განწყობა შეიქმნეს... თუმცა მთავარი ამბავი მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე მოხდა, როდესაც ვალტერ მაცარიმ შემდეგი განაცხადა:

"ჯერ კიდევ ზამთარში გადავწყვიტე, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე "ნაპოლის" დავტოვებდი. აქამდე არაფერი მითქვამს, რადგან არ მინდოდა, ამას გუნდზე ცუდად ემოქმედა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდით მედგა. ვამაყობ იმ მიღწევებით, რაც "ნაპოლიში" მქონდა და ყოველთვის ვიამაყებ. დიდი მადლობა კლუბის მესვეურებს გამოცხადებული ნდობისთვის. ისინი ბოლომდე ცდილობდნენ ჩემს დაყოლიებას, მაგრამ წასვლა მყარად მქონდა გადაწყვეტილი. ჩემს შემცვლელს დიდ წარმატებას ვუსურვებ".

ვალტერ მაცარიმ "ნაპოლიში" სამი სეზონი იმუშავა, ორჯერ მოუტანა გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური და ერთხელ იტალიის თასიც მოიგო. მის შესაძლო შემცვლელად რობერტო დი მატეოს, რაფაელ ბენიტესს და მარსელო ბიელსას ასახელებენ. ბუნდოვანია თვითონ მაცარის მომავალი - მას ხან "ინტერში", ხან "რომაში" და ხანაც რუსულ "ანჟიში" უწინასწარმეტყველებენ გადაბარგებას.

გვიდოლინის სკუდეტო და შერცხვენილი ინტერი
ჩვენთვის სკუდეტო ევროპალიგის საგზურიაო, თქვა "ინტერთან" მატჩის წინ ფრანჩესკო გვიდოლინმა და დაეუფლა კიდეც ამ "სკუდეტოს". "უდინეზემ" მიჯრით მერვე მატჩი მოიგო, რაც ამ გუნდისთვის სარეკორდო მაჩვენებელია და ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე ჩაამთავრა.

ქებათა ქება გვიდოლინს, მისი გუნდი უკვე მერამდენედ იტოვებს უკან გაცილებით მდიდარ და ამბიციურ გუნდებს - ამჯერად "რომას", "ლაციოს" და "ინტერს".

ბოლო ტურში ფრიულელები "ინტერს" ესტუმრნენ და მეტოქეს განკითხვის დღე მოუწყვეს (5:2)... უმძიმესი სეზონი მილანურმა გრანდმა სამარცხვინო მარცხით "დააგვირგვინა" და ჩემპიონატი მეცხრე ადგილზე დაამთავრა. ანდრეა სტრამაჩონის ისღა დარჩენია, ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე ილაპარაკოს:

"დანავსული სეზონი იყო, ტრავმებით და მსაჯთა შეცდომებით გაჯერებული. უნდა გადავშალოთ ეს ფურცელი და ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ. "ნერაძურის" დიდი პოტენციალი აქვს და ამის დამტკიცებას მომდევნო სეზონში შევეცდებით".

სევდიანი დაბრუნება
"პესკარა"-"ფიორენტინას" 64-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც თამაშში ჯუზეპე როსი ჩაერთო. ამ ამბავს ვერაფრით ავუვლიდით გვერდს, რადგან იტალიის ნაკრების ყოფილი და სავარაუდოდ, მომავალი ფორვარდი აქტიურ სპორტს წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. დიახ, ჯუზეპემ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, სარეაბილიტაციო პერიოდში "ვილიარეალიდან" "ფიორენტინაში" გადაბარგდა და სერია A-ს უკანასკნელ ტურში დაბრუნდა...

ნამატჩევს როსი ბედნიერი და იმავდროულად, სევდიანი გახლდათ - თუ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია:

"ბედნიერი ვარ, რომ ამხელა პაუზის შემდეგ კვლავ მომეცა თამაშის საშუალება. ურთულესი ტრავმა გადავიტანე და მოედანზე კიდევ უფრო ძლიერი დავბრუნდი. ემოციები მახრჩობს, მაგრამ ამავდროულად, სევდიანი ვარ - "ფიორენტინა" ჩემპიონთა ლიგის საგზურს იმსახურებდა. რა გაეწყობა, მიზანს მომდევნო სეზონში უნდა მივაღწიოთ".

მოკლე რეზიუმე
- "იუვენტუსი" ჩემპიონია, "ნაპოლი" ვიცე-ჩემპიონი და ეს ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე იასპარეზებს.

- "მილანმა" მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვედრას საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეეცდება.

- ევროპალიგაზე "ფიორენტინა" და "უდინეზე" იასპარეზებენ, რომლებსაც იტალიის თასის გამარჯვებული დაემატება. აქვე ვთქვათ, რომ თასის ფინალში "რომა"-"ლაციოს" დაპირისპირებას ვიხილავთ.

- სერია A "პალერმომ", "სიენამ" და "პესკარამ" დატოვეს.

- გათამაშების ბომბარდირი ედინსონ კავანი გახდა, რომლის ანგარიშზეც 29 შედეგიანი დარტყმაა. მეორე ადგილი ანტონიო დი ნატალემ დაიკავა 23 გოლით, მესამე-მეოთხე ადგილებს კი სტეფან ელ შაარავი და პაბლო დანიელ ოსვალდო იყოფენ 16-16 გოლით.

- ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა მარეკ ჰამშიკმა შეასრულა "ნაპოლიდან" (14), მეორე ადგილზე ფრანჩესკო ტოტია "რომადან" (12), ხოლო მესამე - ბორხა ვალერო (11) "ფიორენტინადან".

ციფრები და ფაქტები
დიეგო მარადონას შემდეგ ედინსონ კავანი "ნაპოლის" მეორე ფეხბურთელია, რომელიც სერია A-ს ბომბარდირი გახდა.

"სიენა"-"მილანის" შეხვედრაში ფილიპ მექსემ პირველი გოლი გაიტანა სერია A-ს გათამაშებაში.

"მილანს" არ წაუგია არც ერთი შეხვედრა, რომელშიც მარიო ბალოტელიმ მიიღო მონაწილეობა.

მარიო ბალოტელიმ "მილანის" მაისურით 13 მატჩი გამართა და 12 გოლი გაიტანა.

"სიენამ" "მილანთან" მიჯრით მე-9 მატჩი წააგო.

"ფიორენტინას" თავდამსხმელმა ადემ ლიაიჩმა პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა სერია A-ში. ბოლო 12 მატჩში ადემმა 10 გოლი გაიტანა.

მატი ფერნანდესი "ფიორენტინას" მე-16 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში გოლი გაიტანა. ასეთი მაჩვენებელი სხვა არც ერთ გუნდს არ აქვს.

"ფიორენტინას" თავდამსხმელმა ჯუზეპე როსიმ წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ითამაშა.

"პესკარამ" მიჯრით 9 მატჩი წააგო საკუთარ მოედანზე.

"პესკარამ" სერია A-ს ანტირეკორდი დაამყარა, დამარცხდა რა 28 შეხვედრაში.

"იუვენტუსს" "სამპდორიასთან" გასვლითი მატჩი 2006 წლის შემდეგ არ მოუგია.

"ინტერმა" მორიგი ანტირეკორდი დაამყარა, წააგო რა 7 მატჩი საკუთარ მოედანზე.

"უდინეზემ" მიჯრით 8 მატჩი მოიგო, რაც გუნდისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

გაბრიელ სილვამ "უდინეზედან", ჟუან ჟესუსმა "ინტერიდან", მატი ფერნანდესმა "ფიორენტინადან" და მარკო ვიტილიომ "პესკარადან", პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში.

"კატანიამ" რეკორდი გაიუმჯობესა, დააგროვა რა 56 ქულა გათამაშებაში.

"ჯენოამ" ბოლო სამი მატჩი ნულოვანი ფრით დაასრულა.

ტურის სიმბოლური ნაკრები

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. ბოლო ტური: "მილანი" ბეწვის ხიდზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული