ტიფოზებისგან ამოღებული "ცივი იარაღი" - ყველაფერი, ფეხბურთის გარდა

AutoSharing Option
იტალიის თასის ფინალში "ლაციომ" "რომა" დაამარცხა, ტროფეი მოიგო და ევროპალიგის საგზურიც მოიპოვა... ეს ერთი მოგება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ "ბიანკოჩელესტეს" სეზონი აქტივში ჩაეთვალოს. აი, "რომას" საქმე კი ნამდვილად ჭაკადაა.

"ჯალოროსის" მესვეურები ლამის სკუდეტოს უმიზნებდნენ და საბოლოოდ, ვერაფერი მიიღეს. ყველაზე მთავარი კი მაინც ის გახლავთ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, კალჩოში მთავარი მოვლენები არა მოედანზე, არამედ მოედანს მიღმა ვითარდება...

ერთს ყველაფერი, მეორეს არაფერი...
"ლაციომ" სეზონი ბრწყინვალედ დაასრულა და ბუნებრივია, გუნდში საოცრად კარგი ატმოსფეროა. ტიტული და ევროსაგზური - ვლადიმირ პეტკივიჩი უკეთესს ვერც ინატრებდა.
გასაგებია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კიდევ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და თუ ბალკანელმა სპეციალისტმა ასე გააგრძელა, უფრო მაღალ სიმაღლეებსაც დაიპყრობს არა მარტო იმიტომ, რომ "ლაციომ" ფინალი და შესაბამისად, თასი მოიგო - მთლიანობაში, პეტკოვიჩის გუნდი ორგანიზებულ და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს.

ვლადიმირის მატჩისშემდგომი კომენტარი 27 მაისის ნომერში გაგაცანით, დღეს კი მიროსლავ კლოზეს მოვუსმინოთ:

"ასეთი წუთებისთვის ღირს ცხოვრება და ბედნიერი ვარ, რომ "ლაციოსთან" ერთად, თასის მოპოვება შევძელი. ეს ტიტული სხვა არც ერთს არ ჰგავს, რადგან ასეთი ბედნიერი გულშემატკივარი არსად მინახავს. მათგან იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობ, რომ თითოეული მატჩისთვის გაათმაგებული ენერგიით ვირჯები. საოცარი დღეა, რომელიც არასდროს დამავიწყდება".

სრულიად სხვა განწყობაა საპირისპირო ბანაკში. "რომას" ყველა ფრონტზე მოეცარა ხელი, რამაც გუნდში ატმოსფერო გააფუჭა. ნამატჩევს პაბლო ოსვალდომ მთავარ მწვრთნელს შეუტია და განაცხადა, რომ აურელიო ანდრეაცოლი არაკომპეტენტურია.

ჟურნალისტებმა პოზიციის დაფიქსირება მწვრთნელსაც სთხოვეს, რომელმაც შეგირდს ხმის ჩაგდებისკენ მოუწოდა. მოკლე კომენტარი გააკეთა ფრანჩესკო ტოტიმ და განაცხადა, რომ ფინალურ მატჩში მისმა გუნდმა შესაძლებლობების ნახევარიც ვერ გამოავლინა. ტოტიმ ბოდიში მოუხადა გულშემატკივრებს და მომდევნო სეზონში უკეთ თამაშს დაპირდა. თუმცა ტიფოზებმა ბოდიში არ მიიღეს...

რომას ავტობუსს ქვები დაუშინეს
"სტადიო ოლიმპიკოდან" გასულ "რომას" ავტობუსს გულშემატკივართა 500-კაციანმა ჯგუფმა ალყა შემოარტყა და ქვებით დაბომბა. დიახ, "ჯალოროსის" ქომაგებმა არ აპატიეს ფეხბურთელებს დერბიში მარცხი და მათ ობსტრუქცია მოუწყვეს. როგორც იტალიელი ჟურნალისტები იუწყებიან, ავტობუსში მხოლოდ ორი ფეხბურთელი არ იმყოფებოდა: ფრანჩესკო ტოტი და დანიელე დე როსი, რომლებმაც სტადიონი საკუთარი მანქანით დატოვეს. დანარჩენებმა შიში ჭამეს და ამაზე მარკინიოს სიტყვები მეტყველებს:

"ავტობუსის თითქმის ყველა მინა ჩაილეწა და რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი ჭრილობაც მიიღო. სკამებს ვეფარებოდით და მეგონა, რომ ცოცხლებს არ დაგვტოვებდნენ. მესმის, რომ ქომაგებმა მარცხი მძიმედ გადაიტანეს, მაგრამ ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია - რომ არა კარაბინერთა ძალისხმევა, დიდი უბედურება დატრიალდებოდა".

ქალაქის ქუჩებში დაძაბულობა მატჩამდეც იყო - გუშინაც გაუწყეთ, რომ რომის მთავარმა კომისარმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და ტიფოზებისგან ამოღებული ცივი იარაღი წარმოადგინა. მოკლედ, გულშემატკივართა წინასამატჩო განწყობით და მზადებით თუ ვიმსჯელებთ, საფეხბურთო იტალია კიდევ კარგად გადარჩა.

ფინალური მატჩის დაწყებამდე "სტადიო ოლიმპიკოზე" 20-წუთიანი შოუ გაიმართა, რომლის შემადგენელი ნაწილი ცნობილი კორეული ჯგუფის მუსიკალური ნომერი Gangnam Style გახლდათ. ორივე გუნდის ტიფოზებმა ნომერი სტვენით ჩაახშვეს, გასასვლელისკენ მიმავალ მუსიკოსებს კი ნამდვილი ობსტრუქცია მოუწყვეს და სხვადასხვა საგანიც კი ესროლეს. როგორც ჩანს, ამ ცნობილ ჰიტს იტალიაში დიდად არ სწყალობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალიის თასიც და ევროსაგზურიც რომის "ლაციოს" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული