კულმინაცია 30 მაისს: მასიმილიანო ალეგრი თუ კლარენს ზეედორფი?

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დაადასტურა, რომ მასიმილიანო ალეგრის ბედი და შესაბამისად, გუნდის მთავარი მწვრთნელის საკითხი ხუთშაბათს, 30 მაისს გადაწყდება.

ცნობილია, რომ თვითონ გალიანი ალეგრის დატოვების მომხრეა, მაგრამ აი, სილვიო ბერლუსკონი ცვლილებებისკენ იხრება. ამბობენ იმასაც, რომ პრეზიდენტის ფავორიტი კლარენს ზეედორფია და თუ ალეგრი მაინც გაუშვეს გუნდიდან, პოსტს სწორედ 36 წლის ჰოლანდიელი დაიკავებს. თუმცა თავად ზეედორფმა "როსონერისთან" ყველანაირი მოლაპარაკება უარყო და შემდეგი განაცხადა:

"მილანიდან არავინ დამკავშირებია და შესაბამისად, ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. სილვიო ბერლუსკონისთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და თუ საჭიროდ ჩათვლის, აუცილებლად
დამირეკავს. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით".


მოკლედ, ზეედორფმა თავი შორს დაიჭირა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. შეიძლება ყველაფერი ერთ წუთში შეიცვალოს, რაც თანამედრივე ფეხბურთში ბევრჯერ მომხდარა. რაც შეეხება 30 მაისის შეხვედრას, მას ბერლუსკონი, გალიანი, არიედო ბრაიდა და დირექტორთა საბჭოს სხვა წევრები დაესწრებიან. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა თვითონ ალეგრიმ დააჩქარა, რადგან "რომას" მესვეურები ეპატიჟებიან.

ამბობენ, რომ დედაქალაქში მასიმილიანოსთვის ხელშეკრულებაა გამზადებული და თუ ის "მილანიდან" დაიფრინეს, მყისვე გაემგზავრება მარადიულ ქალაქში. ერთი სიტყვით, უკვე 31 მაისის ნომერში შესაძლოა არა მხოლოდ ალეგრის "მილანიდან" გათავისუფლება, მისი "რომაში" დანიშვნაც გამცნოთ.

ბოიანი "ბარსაში" ბრუნდება?
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოიან კრკიჩის "მილანური" კარიერა დასრულდა და ესპანელს "ბარსელონაში" მოუწევს დაბრუნება. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ბოიანი ლომბარდიულ გრანდში იჯარის წესით ასპარეზობდა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 15 მილიონ ევროს შეადგენს.

თვითონ ფეხბურთელს მილანში სურდა დარჩენა, მაგრამ "როსონერის" მესვეურებმა თანხის გადახდაზე უარი თქვეს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან კრკიჩმა ვერ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში - მხოლოდ 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი შეაგდო და ორი საგოლე პასი გააკეთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მილანის" ფანატებმა მთავარ მწვრთნელად კლარენს ზეედორფის დანიშვნის წინააღმდეგ აქცია გამართეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული