ჯუზეპე მაროტა: "იუვენტუსს" აუცილებლად გავაძლიერებთ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" სატრანსფერო ამბები იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანია. უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება, საიდანაც სიმართლის დადგენა ურთულესი საქმეა. ამ ფონზე "კორიერე დელო სპორტში" გამოქვეყნებული ჯუზეპე მაროტას მოკლე ინტერვიუ ნამდვილად მისწრებაა.

"იუვეს" სპორტულ დირექტორს მეტწილად სწორედ სატრანსფერო თემებზე მოუხდა საუბარი...

- როგორ შეაფასებთ განვლილ სეზონს?
- რა თქმა უნდა, წარმატებულად, რადგან ჩვენ სკუდეტოს დავეუფლეთ. ცნობილია, რომ მწვერვალზე ასვლა უფრო მარტივია, ვიდრე იქ დარჩენა. ამიტომ ქებათა ქება მწვრთნელ-ფეხბურთელებს. მთავარია, ასევე გავაგრძელოთ და პოზიციები არ დავთმოთ.

- ამისთვის შემადგენლობის გაძლიერებაა საჭირო...
- ანტონიო
კონტეს ბოლომდე ვეთანხმები, როდესაც აცხადებს, რომ თუნდაც არსებული დონის შესანარჩუნებლად, შემადგენლობის გაძლიერებაა საჭირო. მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა შეგვექმნას და ამას ყველანი დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენ საერთაშორისო წარმატებები გვწყურია და ეს გასაგებია, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატში ყურადღების მოდუნება დამღუპველი იქნება.

- გონსალო იგუაინი "იუვენტუსში" ითამაშებს?
- იგუაინის თაობაზე მადრიდელებთან შეხვედრა თვით ანდრეა ანიელიმ გამართა და ვგონებ, მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება. ამ დროისთვის, გონსალოს ტურინში გადმობარგების შანსებს 70%-ით შევაფასებდი, ანუ ალბათობა საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, არგენტინელი "იუვენტუსს" და მთლიანად იტალიურ ფეხბურთს კარგად მოერგება.

- ამბობენ, რომ სტევან იოვეტიჩის გადაბირებაც გსურთ...
- სტევანი უმაღლესი კლასის შემტევია და მის გადაბირებას ნებისმიერი კლუბი ისურვებდა. იოვეტიჩს სიამოვნებით ვიხილავდი "ვეკია სენიორაში" და ამ მიმართულებითაც გვაქვს ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ შეთანხმებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. იგუაინი და იოვეტიჩი ერთად? - ესეც შესაძლებელია, გამორიცხული არაფერია.

- ამბობენ, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებისას, ანტონიო კონტეს უმთავრესი პირობა არტურო ვიდალის შენარჩუნება გახლდათ. მართალია?
- კონტრაქტში ეს არ ჩაწერილა, მაგრამ სიტყვიერად არტურო ვიდალის დარჩენის საკითხზე მართლაც გვქონდა საუბარი. კონტემ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ არტურო მას სჭირდება... არც ჩვენ გვსურს ვიდალის გაყიდვა და შესაბამისად, აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა. ასევე, ლაპარაკი იყო პოლ პოგბაზე, რომელსაც აუცილებლად შევინარჩუნებთ.

- ფაბიო კვალიარელა, ალესანდრო მატრი, სებასტიან ჯოვინკო, ნიკლას ბენდტნერი, ნიკოლა ანელკა...
- უკვე მივხვდი, რაც უნდა მკითხოთ... ფაქტია, რომ ყველანი ვერ დარჩებიან გუნდში და ნაწილს "იუვეს" დატოვება მოუწევს. ნიკლას ბენდტნერმა და ნიკოლას ანელკამ ვერ გაამართლეს და ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ კლუბებს. სხვების საკითხი კი ჯერ გადაწყვეტილი არაა.

ფერნანდო ლორენტე უკვე გადმოვიყვანეთ და დიდია შანსი, მას კიდევ ერთი, ან სულაც ორი ფორვარდი დაემატოს, რაც სხვების შევიწროვებას გამოიწვევს. ამიტომ ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ ჩამოთვლილ თავდამსხმელთაგან ნაწილმა გუნდი დატოვოს.

- ანჯელო ოგბონას გადაბირებას და შესაბამისად, დაცვის გაძლიერებას თუ აპირებთ?
- ჩვენი მიზანი ყველა რგოლის გაძლიერებაა, თუმცა კონკრეტულად ოგბონას მიმართულებით ნაბიჯები არ გადაგვიდგამს. წინ დიდი დროა და სიჩქარე არაა საჭირო. "იუვენტუსი" აუცილებლად გაძლიერდება, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რა მოხდება ზაფხულში "ბებერი ქალბატონის" თავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული