ჯენარო გატუზო: გადაწყვეტილია - ბურთის გორებას აღარ ვაპირებ

AutoSharing Option
ჯენარო გატუზოს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება და ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ...

ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ცნობები რინოს "პალერმოს" მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ და ამ ამბავს უკვე აღარც თვითონ უარყოფს.

35 წლის გატუზო "რაი სპორტს" ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. კითხვა-პასუხს აქვე გთავაზობთ...

- ამბობენ, რომ თქვენი "პალერმოს" მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გადაწყვეტილია. მართალია?
- როდესაც გადაწყდება, პირველად ჩემგან გაიგებთ. უახლოეს დღეებში ანდრეა დამიკო (აგენტი) "პალერმოს" პრეზიდენტს შეხვდება, შემდეგ კი ალბათ მეც ჩავერთვები მოლაპარაკების პროცესში.

მიყვარს სიცილიაში ყოფნა, მომწონს "პალერმოს"
ამბიციური გეგმები და შესაბამისად, მოლაპარაკების დაწყებას ოპტიმისტურად ველოდები. დიახ, მე მინდა სიცილიურ გუნდში მუშაობა, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

- "სიონში" გატარებულ პერიოდს როგორ შეაფასებთ?
- შვეიცარიაში დიდი გამოცდილება მივიღე, რომელიც აუცილებლად გამომადგება. ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე და მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ. "სიონთან" დღემდე მაკავშირებს კონტრაქტი, თუმცა უახლოეს დღეებში მის გაწყვეტას ვაპირებ.

კლუბის პრეზიდენტს უნდა შევხვდე, რადგან მყარად მაქვს გადაწყვეტილი, რომ ბურთის გორებას აღარ ვაპირებ.

- როგორ გრძნობთ თავს ექსფეხბურთელის ამპლუაში?
- სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ არ გამიაზრებია, რომ მინდორზე გასვლა აღარ მომიწევს. აგვისტოს ბოლოს ალბათ ნოსტალგია მომეძალება, მაგრამ რას ვიზამ, ადრე თუ გვიან ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა. წინ ახალი გამოწვევები მაქვს და რაც მთავარია, ფეხბურთში ვრჩები.

- კლარენს ზეედორფი მასიმილიანო ალეგრის შემცვლელად განიხილება. თქვენ თუ ელოდებით სილვიო ბერლუსკონის სატელეფონო ზარს?
- სილვიო ბერლუსკონის ჩემთან საუბარშიც აღუნიშნავს, რომ კლარენს ზეედორფი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, ვინც კი ოდესმე უნახავს. ამიტომ არ მიკვირს, რომ ზე ალეგრის შემცვლელად განიხილება. მე დიდი გზა უნდა განვვლო, რომ ჩემით ბერლუსკონი დაინტერესდეს, თუმცა სიმართლე გითხრათ, ამაზე ფიქრისთვის არ მცალია. "მილანს" ჰყავს მთავარი მწვრთნელი და მას წარმატებებს ვუსურვებ.

- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მასიმილიანო ალეგრი უნდა დარჩეს?..
- კი, ნამდვილად ასე ვფიქრობ. სამი წელია, "მილანს" ძირითადად ტოვებენ ვარსკვლავები და არა პირიქით და შესაბამისად, მწვრთნელს სასწაულების მოხდენას ვერ მოვთხოვთ. ხომ ხედავთ, "ინტერი" ჩემპიონატში მეცხრე ადგილზე გავიდა, "მილანი" კი სამი წელია, სამეულში ხვდება, ერთხელ კი სულაც სკუდეტო მოიგო. მე დადებითად ვაფასებ ალეგრის მიერ გაწეულ სამუშაოს.

- და მაინც, თქვენი ოცნება, ალბათ, "მილანის" მთავარი მწვრთნელობაა...
- "მილანში" კარიერის საუკეთესო წლები გავატარე და ბუნებრივია, ამ გუნდის მწვრთნელად დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. თუმცა ჩემი სურვილი ეტაპობრივად განვითარებაა და არა მოვლენების ფორსირება. ჯერ საფუძველი უნდა ჩაიყაროს და წარმატებები აუცილებლად მოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული