კატანიელები "ინტერის" სამიზნეში

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერის" მესვეურები "კატანიადან" ორი არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირებას ლამობენ და ამ მიმართულებით მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია შესული.

ლაპარაკია ორ შემტევზე: 28 წლის პაბლო ბარიენტოსსა და 25 წლის ალეჰანდრო გომესზე. პირველი უფრო შემტევი ნახევარმცველია, გასულ სეზონში 31 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი შეაგდო და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში. რაც შეეხება გომესს, ცენტრფორვარდია, 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

"ინტერის" მესვეურებმა დაადასტურეს, რომ არგენტინელთა გადაბირება სურთ, მაგრამ იქვე დასძინეს, რომ სიცილიელები ძალიან
დიდ თანხას ითხოვენ. მართალია, მილანელებმა კატანიელთა მოთხოვნილი თანხა არ დააკონკრეტეს, მაგრამ ჟურნალისტთა მტკიცებით, "ინტერის" მესვეურებს 22 მილიონი ევრო ეძვირათ. მილანელები თანხის 15 მილიონამდე ჩამოწევას ითხოვენ და საბოლოო სიტყვა უკვე კუნძულელებზეა. წესით, ამ საკითხს უახლოეს დღეებში უნდა მოეფინოს ნათელი.

ამასობაში ჟურნალისტებთან გასაუბრება ფრედი გუარინმა გადაწყვიტა და განაცხადა, რომ მისი სურვილი კარიერის "ინტერში" გაგრძელებაა: "ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ცნობები ჩემი სხვა გუნდში შესაძლო გადასვლის თაობაზე. ცოტა მიკვირს კიდეც, რადგან პირადად მე არავინ დამკავშირებია. როგორც არ უნდა იყოს, "ინტერიდან" აბარგების სურვილი არ მაქვს, მილანურ გრანდში საკუთარი შესაძლებლობები არ ამომიწურავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული