იტალიურ ფეხბურთში ისევ სკანდალი აგორდა

AutoSharing Option
იტალიურ ფეხბურთში მორიგი სკანდალი აგორდა, რომელმაც შესაძლოა, კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს, ვიდრე "კალჩოპოლის" ცნობილი პროცესები გახლდათ.

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ ერთდროულად 41 კლუბის ოფისში ჩაატარა ჩხრეკა და საეჭვო დოკუმენტები ამოიღო. საქმე ეხება ტრანსფერების განხორციელებისას დოკუმენტების გაყალბებას და ამ გზით, გადასახადების თავიდან აცილებას. გაიჩხრიკა რამდენიმე საფეხბურთო აგენტის ოფისიც, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საეჭვო ტრანსფერებში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინანსურმა პოლიციამ 41 კლუბის ოფისი გაჩხრიკა, საიდანაც 18 სერია A-ს წარმომადგენელია, 11 სერია B-ს, დანარჩენი კი ქვედა ლიგების. აქვე ჩამოვთვალოთ ფინანსურ მაქინაციებში ეჭვმიტანილი კლუბების დიდი
ნაწილი:

"იუვენტუსი", "მილანი", "ნაპოლი", "ლაციო", "რომა", "უდინეზე", "პარმა", "პესკარა", "პალერმო", "ატალანტა", "იუვე სტაბია", "ბენევენტო", "ჯენოა", "კატანია", "სპეცია", "პიაჩენცა", "ლივორნო", "ბარი", "ვიჩენცა", "სიენა", "რეჯინა", "კიევო", "ჩეზენა", "გროსეტო", "გუბიო", "ლეჩე", "ტერნანა", "სამპდორია", "ტრიესტინა", "ფიორენტინა", "პორტოგრუარო", "ბრეშა", "მანტოვა", "ტორინო", ალბინოლეფე".

მოგვიანებით გაცხადდა, რომ ფინანსური პოლიცია დოკუმენტების გაყალბების კვალს ორი საფეხბურთო აგენტის საეჭვო "მოღვაწეობის" შედეგად დაადგა - ლაპარაკია ალესანდრო მაცონის და ალესანდრო მოჯის შესახებ. დიახ, ლუჩანო მოჯის შვილს ვგულისხმობთ, რომელიც წლებია, აგენტად მუშაობს. მოკლედ, კალჩოში სკანდალი მოჯის გარეშე წარმოუდგენელია.

საგულისხმოა, რომ ეჭვმიტანილ კლუბთა სიაში კვლავაც არ მოხვდა მილანის "ინტერი". გახსოვთ, ალბათ, "კალჩოპოლის" ცნობილმა პროცესებმა ისე ჩაიარა, რომ "ნერაძურის" არავინ შეხებია. იტალიაში უკვე ხუმრობენ, რომ სერია A-ს მომდევნო გათამაშებაში "ინტერის" მთავარი კონკურენტი "პიზა", "კარპი" ან "პისტოიზე" იქნება... მართალია, ჯერ ასე მძიმედ არ არის საქმე, მაგრამ კალჩოში გამორიცხული არაფერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალიის ფინანსური პოლიცია 50-მდე ტრანსფერის საქმეს იძიებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული