კეისუკე ჰონდა "მილანს" შეუთანხმდა

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან კეისუკე ჰონდა "მილანის" ღირსებას დაიცავს.

ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით, რომ ლომბარდიელები 27 წლის იაპონელის გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებენ და როგორც ჩანს, მიზანს მიაღწიეს კიდეც. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ჰონდა "როსონერისთან" 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, მისი წლიური გასამრჯელო კი 2.5 მილიონი ევრო იქნება.

"მილანი" კეისუკეს სანაცვლოდ მოსკოვის ცსკა-ს მხოლოდ 2 მილიონ ევროს გადაუხდის, რაც რუსებს დიდად არ ახარებთ, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ. მოგეხსენებათ, ფეხბურთელის სურვილი უმთავრესია, ჰონდამ კი სწორედ იტალიურ გრანდში არჩია გადასვლა
- წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოტა ხანი უფეხბურთოთ დარჩენისთვისაც გამოთქვა მზადყოფნა, რადგან ზამთარში თავისუფალი აგენტი ხდება და გზა ნებისმიერი მიმართულებით გაეხსნება. მოკლედ, მოსკოველებს ისღა დარჩენოდათ 2 მილიონს დათანხმებოდნენ, არადა, ინგლისური "ევერტონი" ჰონდას სანაცვლოდ 7 მილიონს იხდიდა.

ამრიგად, ჰონდას სახით "მილანს" უდაოდ მაღალი კლასის ნახევარმცველი შეემატა. შეგახსენებთ, რომ კეისუკეს გადაბირება წლების განმავლობაში სურდა კიდევ იტალიურ გუნდს, "ლაციოს", მაგრამ რომაელები ვერაფრით შეუთანხმდნენ ცსკა-ს მესვეურებს. მილანელები ჰონდას მიმართულებით კონფედერაციათა თასზე იტალია-იაპონიის მატჩის შემდეგ გააქტიურდნენ და მიზანს მალევე მიაღწიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იაპონიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული