ჯანლუიჯი ბუფონი: ბრაზილიის და ესპანეთის დონის ჯერ არ ვართ

AutoSharing Option
დოსიე
ჯანლუიჯი "ჯიჯი" ბუფონი


დაიბადა: 1978 წლის 28 იანვარს
დაბ. ადგილი: კარარა (ტოსკანა)
ამპლუა: გოლკიპერი

კარიერა
1995-2001 - პარმა
2001-დან დღემდე - იუვენტუსი
ეროვნული გუნდი: 133 თამაში

ტიტულები
იტალიის ჩემპიონი: 6-გზის
იტალიის თასი: 1
იტალიის სუპერთასი: 4-გზის
უეფას თასი: 1
ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში: 1
მსოფლიოს ჩემპიონი: 1

8 ივლისს ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჯანლუიჯი ბუფონის ინტერვიუ შემოგვთავაზა.

35 წლის ბუფონი ფეხბურთელთა იმ ელიტის წარმომადგენელია, რომელთა წარდგენაც, პრაქტიკულად, არავისთან არის საჭირო. ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მეკარე აგერ, უკვე 15 წელია, თავის საქმეში
საუკეთესოთა შორისაა.

თაობები შეიცვლება, მაგრამ, ვეჭვობთ, რომ ბუფონი ისევ ელიტურ გოლკიპერად დარჩება.

მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, "პარმასთან" ერთად უეფას თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი... ასაკის მიუხედავად, მან კონფედერაციათა თასზე დაამტკიცა, რომ იტალიის ნაკრებისთვის კვლავ შეუცვლელია და დიდი ალბათობით, ისევ ჯიჯი გაიყვანს გაისად მუნდიალზე კაპიტნის სამკლავურით "სკუადრა აძურას".

ახლახან, ბრაზილიაში მან სამი პენალტი მოიგერია და იტალიას მესამე ადგილი მოუტანა.

- ურუგვაის ნაკრებთან პენალტების სერიაში სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერიეთ. აქამდე თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა თქვენს კარიერაში?
- დიახ, იყო, თუმცა მე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. პენალტის მოგერიება მეკარის საქმეა. დიდებულია, როცა სამ პენალტს მოიგერიებ ასეთ ტურნირზე, მაგრამ გრძნობას ანელებს იმის შეგრძნება, რომ ეს იყო მხოლოდ მე-3 ადგილისთვის მატჩი, რომ ჩვენ შეიძლებოდა ვყოფილიყავით ფინალშიც. ეჰ, ერთი პენალტი ესპანეთთან რომ ამეღო, ხომ ვითამაშებდით "მარაკანაზე".

- ცოტა მკაცრად ხომ არ აფასებთ საკუთარ თამაშს ტურნირის განმავლობაში?
- რაც დრო გადის, უფრო კრიტიკული ვარ საკუთარი თავისადმი და ნაკლებს ვზეიმობ ამა თუ იმ წარმატების გამო. რა თქმა უნდა, წარმატება მახარებს, მაგრამ საკუთარი თავისადმი ძალიან მომთხოვნი გავხდი.

- რას იტყვით ურუგვაის ნაკრებთან შეხვედრაზე?
- ძალიან მძიმე მატჩი იყო ორი მიზეზით: გვყავდა დიდებული მეტოქე და ძალიან ცხელოდა, მაგრამ ბოლომდე გავძელით და მოხარული ვარ, რომ წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანე. კიდევ ერთი მარცხი ძალიან დამთრგუნველი იქნებოდა. ამიტომ უნდა ვიამაყოთ, რომ ძალიან გადაღლილებმაც კი გამოვნახეთ ჩვენში ძალები და ვაჩვენეთ მებრძოლი ხასიათი.

- რას "წაიღებს" იტალია ამ ტურნირიდან?
- ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ წარმატებულად გამოვედით. ამიტომაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. "აძურამ" აჩვენა, რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეუძლია უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა. მეორე საამაყო რამ კი ისაა, რომ ჩვენ მეგობრული ფეხბურთელების კრებული ვართ. სხვათა შორის, ეს არცთუ ხშირია ეროვნულ ნაკრებებში.

- ახლა შეაფასეთ თქვენი გამოსვლა კონფედერაციათა თასზე...
- ბრაზილიის ნაკრებთან ცუდ ნახევარ საათს თუ არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის კარგი ტურნირი იყო. ბედნიერი ვარ, რომ შეჯიბრი კარგ ხასიათზე დავასრულე, ურუგვაისთან სამი პენალტი მოვიგერიე.

- როგორ ფიქრობთ, კონფედერაციათა თასზე თამაშის გამოცდილება დაეხმარება იტალიას გაისად მუნდიალზე?
- რა თქმა უნდა. ჩვენ ძალიან ბევრი თითქოსდა დეტალი ვიცით, რომლებიც საბოლოო ჯამში ბრაზილიაში უკეთ თამაშისთვის გამოგვადგება. აქ ვგულისხმობ ამინდს, პირობებს, მეტოქეებს, მოკლედ, ყველაფერს. ჩემი აზრით, ამის გამო სხვებთან შედარებით პატარა უპირატესობაც გვექნება.

- ბრაზილიასთან და ესპანეთთან მარცხის შემდეგ მაინც ფიქრობთ, რომ იტალიის ნაკრები მათი თანასწორია?
- არა, ჩვენ სხვადასხვა დონეზე ვართ. ჩვენი გუნდი ბოლო წლებია, პროგრესირებს. იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ გაგრძელდება და მალე სასურველ ფორმას მივაღწევთ.

სიმართლე გითხრათ, იმაზე კი არ ვფიქრობთ, რამდენად კონკურენტუნარიანები გავხდით სხვებთან მატჩებში, არამედ იმაზე, როგორ მივაღწიოთ სასურველ დონეზე 2014 წლის მუნდიალისთვის.

- და რა არის გასაკეთებელი საამისოდ?
- ვფიქრობ, სწორი გზით მივდივართ. კონფედერაციათა თასზე კარგად გამოვედით და იტალიური ფეხბურთის რეპუტაციაც გავზარდეთ. ახლა საჭიროა, მუნდიალზეც ასევე მომზადებულები წარვსდგეთ პუბლიკის წინაშე.

- დაბოლოს, პენალტების სერიის წინ თქვენ და ურუგვაელთა მეკარე ფერნანდო მუსლერა ერთად იცინოდით. თუ საიდუმლო არაა, რაზე მხიარულობდით?
- გოლკიპერებს, როგორც წესი, ერთმანეთში კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს ვუყვებოდით, რა ძნელი ტურნირი გამოდგა, როგორ გამოვიფიტეთ. მე ვუთხარი მუსლერას, რომ პატარა უპირატესობა მათ მხარეს იყო, რადგან პენალტების სერია გადატანილი არ ჰქონდათ და ემოციურად ჩვენსავით გადაღლილები არ იყვნენ. არ უშველათ ამ უპირატესობამ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯანლუიჯი ბუფონი: ვერ გაგახარეთ ესპანეთთან, გაგახარეთ ურუგვაისთან!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული