"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბის მესვეურებმა კიდევ ერთი საქმე გაჩარხეს, რომლის თანახმადაც, მომდევნო სეზონიდან "ნაპოლის" ღირსებას რაულ ალბიოლი დაიცავს. 27 წლის მცველმა ბოლო ოთხი სეზონი "სამეფო კლუბში" გაატარა, 118 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, იტალიელები ესპანელში 12 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხელშეკრულება კი 4-წლიანი გაფორმდება.
ამრიგად, თავდამსხმელის, ნახევარმცველისა და ორი მეკარის შემდეგ ნეაპოლელებმა მცველიც დაიმატეს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას "ნაპოლის" უკვე დაემატა ხოსე კალეხონი,
ეს კიდევ არ არის ყველაფერი - იმავე "გაძეტას" მტკიცებით, ნეაპოლელები ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ინტერნასიონალის" თავდამსხმელ ლეანდრო დამაიოს შეუთანხმდნენ და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ისიც რაფაელ ბენიტესის გუნდში გააგრძელებს კარიერას. 23 წლის თავდამსხმელს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 16 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი.
მისი გადაბირება არაერთ ევროპულ კლუბს სურდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა არჩევანი "ნაპოლიზე" შეაჩერა. ტრანსფერს წინ ბევრი არაფერი უდგას. "ინტერნასიონალის" მესვეურები ფეხბურთელში 18 მილიონ ევროს ითხოვენ, ნეაპოლელებს კი 15 მილიონის გადახდა სურთ. სხვაობა მხოლოდ 3 მილიონია და რთულად სავარაუდოა, რომ შეთანხმება არ შედგეს.
გაბრაზებული დე ლაურენტისი
იტალიურ სპორტულ პრესაში "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის მოკლე ინტერვიუ გამოქვეყნდა, საიდანაც რამდენიმე კითხვა-პასუხს გთავაზობთ...
- ჟულიო სეზარი, რაფაელი, მერტენსი, კალეხონი... ვინ დგას რიგში?
- მადრიდის "რეალის" მესვეურებს რაულ ალბიოლის ტრანსფერზე უკვე შევუთანხმდით და ეს ფეხბურთელიც "ნაპოლიში" გააგრძელებს ასპარეზობას. მომდევნო სეზონში გუნდი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე წინა წლებში, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებთ.
- როგორც ჩანს, ედინსონ კავანის წასვლა წაადგება გუნდს...
- ამას დრო გვიჩვენებს, დღეს კი მხოლოდ ვარაუდებით შეგვიძლია ლაპარაკი. კავანი იმ ფორვარდთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც სეზონში 40 გოლის გატანა შეუძლიათ, ასეთი კი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. არ ვარ დარწმუნებული, რომ მის ღირსეულ შემცვლელს ვიპოვით და შესაბამისად, ედინსონის წასვლას ცალსახად დადებით მოვლენად ვერ მოვნათლავთ.
- მხოლოდ თქვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, შეინარჩუნებდით კავანის?
- შევინარჩუნებდი, რათა მეჩვენებინა პარიზელი შეიხებისთვის, რომ ყველას და ყველაფერს ფულით ვერ იყიდი. ეს პრინციპის საქმე იყო, მაგრამ კონტრაქტში ჩადებული ერთი პუნქტის გამო სურვილი ვერ ავისრულე. 63 მილიონი ევრო ერთ ფეხბურთელში, რომელსაც შეიძლება ფეხი გადაუბრუნდეს და მთელი სეზონი გამოტოვოს... ეს სრული აბსურდია და მსგავსი ტრანსფერები ფეხბურთს კარგს არაფერს მოუტანს. დროა, უმაღლესმა საფეხბურთო ორგანოებმა მსგავსი აბსურდებისგან დაგვიცვან ის ხალხი, ვისთვისაც ფეხბურთი ცხოვრებაა და არა მხოლოდ გასართობი საშუალება.
- გაბრაზებული ჩანხართ...
- მაქვს საბაბი, თუმცა გაბრაზებით საქმეს არ ეშველება. სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს ფინანსური ფეარ პლეის პრინციპი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ნაპოლიმ" რაულ ალბიოლი შეიძინა