ასეთი იყო კრისტიან ვიერი, გოლების მანქანა, რომელსაც ყველგან გაჰქონდა, სადაც კი უთამაშია - გუნდები კი, იცოცხლეთ, ბევრი მოიარა. ბობო ვიერიმ 40 წლის ასაკში სამწვრთნელო ლიცენზია აიღო და იტალიელ ჟურნალისტთა
სამწვრთნელო ლიცენზია
ლიცენზიის აღება დიდი ხანია, მინდოდა, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სურვილის ასრულება გამიჭიანურდა. ვერ ვიტყვი, რომ მომდევნო სეზონიდან რომელიმე გუნდის გაწვრთნას ვაპირებ, მაგრამ რადგან ლიცენზია ავიღე, სამომავლოდ მწვრთნელის ამპლუაში აუცილებლად მიხილავთ. სიმართლე გითხრათ, ბავშვებთან მუშაობის დიდი სურვილი არ მაქვს და მსურს, პირდაპირ პროფესიონალურ გუნდს მოვკიდო ხელი. თანამედროვე ფეხბურთში ახალგაზრდა მწვრთნელებს ენდობიან და მეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
როგორია ჩემი სამწვრთნელო ფილოსოფია? - თავდამსხმელი ვიყავი და ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ვანიჭებდი უპირატესობას. რაც უფრო მეტ დროს გაატარებ მეტოქის ნახევარზე, მით უფრო უსაფრთხოდ იგრძნობ თავს და გოლის გატანის მეტი შანსიც გექნება. მოკლედ, ტიპურ იტალიელ მწვრთნელთა რიცხვში არ მოვიაზრები.
საოცნებო გუნდი
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ხშირად უკითხავთ, თუ რომელ გუნდს ეკუთვნის ჩემი გული... ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი და მქონდა კიდეც ამის საბაბი. სწორედ ასეთი უბრალო და თითქოს უმნიშვნელო თემების გამო იტალიაში ყველაზე იოლია, თავი რაღაც უბედურებაში გაყო და ათასობით ადამიანი გადაიმტერო. დღეს, როცა ფეხბურთელის კარიერა დავასრულე, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გული "იუვენტუსს" ეკუთვნის. ბავშვობიდან ტურინული გრანდის გულშემატკივარი ვარ და ეს განცდა დღემდე არ გამნელებია.
ვერ წარმოიდგენთ, რამხელა შვება ვიგრძენი, თითქოს უდიდესი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან და თითქოს რაღაც საოცარ საიდუმლოს ავხსენი ფარდა. როგორც იქნა, მე ეს ვთქვი: "იუვენტუსის" გულშემატკივარი ვარ.
დღეს
ფეხბურთელის კარიერა დიდ მსხვერპლს მოითხოვს, რადგან საუკეთესო წლებში თავისუფალი დრო, პრაქტიკულად, არ გაქვს. დროის დიდ ნაწილს თვითმფრინავში ატარებ, რაც ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად დამღლელი იყო. ამიტომ ვცდილობ, ერთ ადგილზე რაც შეიძლება დიდხანს გავჩერდე და ახლობლებს მეტი დრო დავუთმო.
პერიოდულად ვეტერანთა მატჩებში ვმონაწილეობ, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ამას წინათ, იტალიის ვეტერანთა ნაკრებში ვიასპარეზე ძველ მეგობრებთან ერთად და როდესაც ლურჯი მაისური მოვირგე, საოცარი განცდა დამეუფლა. ფეხბურთი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ალბათ, ასე იქნება ყოველთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვეტერანთა მეორე სუნთქვა