მასიმო მორატი და ერიკ ტოჰირი მილანის "ინტერს" ინაწილებენ

AutoSharing Option
ბოლო ორი დღეა, იტალიური სპორტული პრესის მთავარი სასაუბრო თემა "ინტერის" გარშემო დატრიალებული ამბებია. კლუბის პრეზიდენტი მასიმო მორატი ინდონეზიელ ბიზნესმენ ერიკ ტოჰირთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა, საქმე კი კლუბის პროცენტების გასხვისებას ეხება.

ხუთშაბათს გვიან ღამით, "გაძეტა დელო სპორტმა" გვამცნო, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტოჰირი "ინტერის" აქციების 80%-ს, ანუ საკონტროლო პაკეტს დაეუფლება.

ითქვა ისიც, რომ მორატები დარჩენილ 20%-ს მხოლოდ დროებით, 2 წლის განმავლობაში იტოვებენ და 2015 წლის ზაფხულს, დარჩენილ აქციებსაც ავტომატურად დათმობენ. "გაძეტას" მტკიცებით, კლუბის ახალი პრეზიდენტი სწორედ ტოხირი იქნება, დირექტორთა
საბჭოში კი მორატების ოჯახიდან მხოლოდ ანჯელო მორატი დარჩება, მასიმოს ახლო ნათესავი. მოკლედ, "გაძეტა დელო სპორტმა" მთელი საფეხბურთო იტალია აალაპარაკა, კალჩოში ხომ უცხოელ ინვესტორებს დიდად არ სწყალობენ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს არც ერთ კლუბს უცხოელი ინვესტორი არ ჰყავს და რამდენჯერაც ამის მცდელობა იყო, ტიფოზთა მხრიდან აქტიური პროტესტი მოჰყვა და მოლაპარაკებებიც ჩაიშალა. ერთი ეგაა, "რომაში" ჩაიდო ამერიკული ინვესტიცია, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე იტალიური წარმოშობის ამერიკელებს ეხება. მოკლედ, "გაძეტამ" "ინტერი" პირველ მერცხლად მონათლა და ბუნებრივია,

ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ვთქვათ ისიც, რომ ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ტოჰირი 280 მილიონ ევროს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ვალების გასტუმრებაში დახარჯავს, კიდევ 100 მილიონს კი ახალი ფეხბურთელების შეძენაში. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ გუშინ, ჟურნალისტთა წინაშე თვითონ ტოჰირი წარსდგა და გავრცელებული ინფორმაცია სანახევროდ დაადასტურა:

"მასიმო მორატისთან ნამდვილად ვაწარმოებ მოლაპარაკებას და შეთანხმებასთან ახლოს ვართ. ბედნიერი ვარ, რომ ბედმა იმ კლუბს დამაკავშირა, რომელსაც დიდი ხანია ვგულშემატკივრობ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უდიდეს პატივს ვცემ მორატების ოჯახს და ვაფასებ ყველაფერ იმას, რაც ამ ხალხმა "ინტერისთვის" გააკეთა.

ჩემი მიზანი არ არის "ინტერი" მორატების გარეშე დატოვება და შესაბამისად, არ ვაპირებ არც კლუბის პრეზიდენტობას, არც აქციათა 80%-ის შეძენას. ჩემი სურვილია ვიყო ამ უდიდესი კლუბის ნაწილი, მაგრამ არა პრეზიდენტი და ერთპიროვნული მმართველი. ამ ეტაპზე, უფრო კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, რადგან მოლაპარაკება ჯერ კიდევ გრძელდება"
.

სკელოტოს სამი ვარიანტი
გადაწყვეტილი ამბავია, რომ ესეკილ სკელოტო "ინტერს" დატოვებს და კარიერას რომელიმე სხვა გუნდში გააგრძელებს. დაინიშნა თუ არა "ნერაძურის" მთავარ მწვრთნელად ვალტერ მაცარი, პირველი რაც გააკეთა, შავი სიის შედგენა გახლდათ, რომელშიც ესეკილ სკელოტოს გვარიც მოხვდა. ერთი სიტყვით, 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი ტრანსფერზე დააყენეს და შედეგმაც არ დააყოვნა, მისი გადაბირების სურვილი ოფიციალურად უკვე სამმა კლუბმა დააფიქსირა: "უდინეზემ", "ბოლონიამ" და თურქულმა "გალათასარაიმ".

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ყველას თურქებმა დაასწრეს და ფეხბურთელთან საქმიანი შეხვედრის გამართვაც მოახერხეს. სკელოტო კმაყოფილი დარჩენილა შეთავაზებული პირობებით და მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მოუთხოვია.

მეორე საკითხია, მოახერხებენ თუ არა თურქები მილანური გრანდის მესვეურებთან შეთანხმებას - გამომდინარე იქიდან, რომ იტალიელები ესეკილის მოშორებაზე არიან, წესით მასში დიდი თანხა არ უნდა მოითხოვონ.

კულუარული ინფორმაციით, 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლომბარდიელები სკელოტოს დაუფიქრებლად გაასხვისებენ - თუმცა, არის ერთი გარემოებაც, ესეკილის სატრანსფერო უფლებების ნახევარს დღემდე "ატალანტა" ფლობს და ნებისმიერი გადაწყვეტილება ბერგამოულ კლუბთან უნდა იყოს შეთანხმებული.

ასევე იხილეთ:
მასიმო მორატი ლეონარდოს უხმობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული