"ნაპოლი" შემართებით იწყებს: პირთამდე გავსებული "სან პაოლო"

AutoSharing Option
"სტადიო სან პაოლოზე" მეტად საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "ნაპოლი" და "გალათასარაი" დაუპირისპირდნენ.

ნეაპოლელთა მიმართ ინტერესი გაათმაგებულია და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ სპარინგ-მატჩზე სტადიონი თითქმის პირთამდე გაივსო. თუმცა, ისიც დავძინოთ, რომ ამ შეხვედრაში "ნაპოლის" სპონსორის, "ლეტეს" თასი გათამაშდა. ამასთან, გულშემატკივართა წინაშე გონსალო იგუაინი წარდგა, რომელიც მინდორზე თვით კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გაიყვანა. არგენტინელს ტიფოზები ოვაციებით შეხვდნენ, რამაც ფეხბურთელი ემოციებით აავსო. გონსალოს თქმით, ასეთ დახვედრაზე ვერც კი იოცნებებდა.

მოკლედ, "სან პაოლოზე" ბრწყინვალე საფეხბურთო ატმოსფერომ დაისადგურა და თამაშიც ისეთი
გაჩაღდა, თქვენი მოწონებული. მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ გოლებზე გავამახვილებთ ყურადღებას. თამაში ხუთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც გორან პანდევს ბურთი საჯარიმოში ჩაუკიდეს და მანაც, თავური დარტყმით ფერნანდო მუსლერა უშანსოდ დატოვა, 1:0. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა, მეორეში კი გულშემატკივრებმა სამი შედეგიანი დარტყმა იხილეს.

58-ე წუთზე, თურქებმა გაათანაბრეს ანგარიში, თუმცა შეხვედრის მიწურულს მასპინძლებმა ორჯერ იხეირეს... ჯერ შეცვლაზე შესული კამილო ცუნიგა გავიდა მეკარესთან პირისპირ და შანსი ხელიდან არ გაუშვა, შემდეგ კი ნეაპოლელებმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვეს, რომელიც გოლად ლორენცო ინსინიემ აქცია.

მთავარი მაინც რაფაელ ბენიტესის ტაქტიკური მონახაზია, რომელსაც იტალიურ სპორტულ პრესაში დიდი ყურადღება დაეთმო. ვალტერ მაცარის "ნაპოლი" მუდმივად 3 მცველით თამაშობდა, ესპანელმა კი 4-2-3-1 ტაქტიკაზე შეაჩერა არჩევანი.

თანამედროვე ფეხბურთში, აღნიშნული სქემა ერთ-ერთი დომინანტია და როგორც ჩანს, რაფაც მოდას აყვა. საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია ბლერიმ ჯემაილის და გეკჰან ინლერს ეკავათ, მათ წინ ტრიო მოქმედებდა ლორენცო ინსინიეს, ხოსე კალეხონის და მარეკ ჰამშიკის შემადგენლობით. რაც შეეხება ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდს, ეს როლი გორან პანდევმა იტვირთა. ბუნებრივია, მოხდა ცვლილებებიც და ბენიტესმა საქმეში სხვა ფეხბურთელებიც იხილა.

ახალწვეულთაგან აქტიური იყო ხოსე კალეხონი, შეცვლაზე შესულმა დრის მერტენსმა კი თავი ბევრი ვერაფრით წარმოაჩინა. შესანიშნავად ითამაშა ლორენცო ინსინიემ და მატჩის მიწურულს გატანილი თერთმეტმეტრიანი ალალად დაიმსახურა. დამაჯერებელი იყო მეკარე რაფაელი, რომელმაც რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია და არც გაშვებულ გოლში იყო დამნაშავე. არ უთამაშიათ პეპე რეინას, გონსალო იგუაინს და რაულ ალბიოლს. ნამატჩევს, ბენიტესი კმაყოფილი იყო:

"ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, რომელშიც ძლიერ მეტოქეს ვაჯობეთ. შემადგენლობის მხრივ, "გალათასარაი" ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში და ამ გუნდთან სრული უპირატესობის მოპოვება, იოლი საქმე არაა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ახალწვეული ვათამაშე, გუნდი ერთ მუშტად იყო შეკრული და არც შეთამაშების მხრივ შეგვქმნია პრობლემები. ასე თუ გავაგრძელებთ, ჩვენი შეჩერება ყველას გაუჭირდება".

ჯექსონ მარტინესი ნეაპოლშია
ამასობაში, ნეაპოლში "პორტუს" 26 წლის თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი ჩავიდა, რათა კლუბთან კონტრაქტის ბოლო დეტალები შეათანხმოს. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, იტალიურმა და პორტუგალიურმა კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ჯექსონის ვიზიტიც ამის ნათელი დადასტურებაა.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, კოლუმბიელი ფორვარდის წლიური ფასამრჯელო 2 მილიონი ევრო იქნება, რომელიც სხვადასხვა ბონუსების სახით, შესაძლოა 4-მდეც კი ავიდეს. დაიწერა ისიც, რომ მარტინესი ნეაპოლურ კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. რაც შეეხება კლუბებს შორის მოლაპარაკებას - ჟურნალისტთა ვარაუდით, მხარეები 35 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. პორტუგალიელები 40 მილიონს ითხოვდნენ, იტალიელებს 32-ის გადახდა სურდათ და როგირც ჩანს, დათმობაზე ორივე მხარე წავიდა. მოკლედ, ჯექსონ მარტინესი იტალიაშია, ტრანსფერს კი წინ პრაქტიკულად არაფერი უდგას.

ნაპოლი-გალათასარაი 3:1
გოლები: 1:0 პანდევი (5), 1:1 ამბორატი (58), 2:1 ცუნიგა (81), 3:1 ინსინიე (90-პენ.).
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მესტო, კანავარო (46. ფერნანდესი), ბრიტოსი, არმერო (46. დოსენა) - ჯემაილი (77. რადოშევიჩი), ბერამი (46. ინლერი) - ინსინიე, ჰამშიკი (76. მერტენსი), კალეხონი (68. ცუნიგა) - პანდევი (65. კალაიო).
გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა - ებუე (46. სარიოღლუ), ნუნკეი, შეჯუ, რიერა - მელო (46. ბაიტარი), ჰ. ალთინთოფი, ინანი - სნეიდერი (68. ბულუთი) - ილმაზი (46. ამბორატი), დროგბა (68. ელმანდერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ბენიტესი: კიდევ ერთი ფორვარდი გვჭირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული