ალესანდრო დელ პიერო: ვინმეს ხომ უნდა ეწეროს ათიანი?

AutoSharing Option
ალესანდრო დელ პიერო ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია და ავსტრალიურ ლიგაში ასპარეზობს, თუმცა დიდ ფეხბურთს ის ალბათ "იუვენტუსთან" ერთად დაემშვიდობა, სადაც 19 წელი გაატარა. ამ პერიოდში, ალემ 513 მატჩი გამართა და 208 გოლი გაიტანა, რაც ფანტასტიკური შედეგია.

დელ პიერო "იუვენტუსის", იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა, რომელიც პრესის ფურცლებზე უფრო იშვიათად ხვდება, ვიდრე უწინ. ამიტომ, მის ნააზრევთან გაცნობა საინტერესო უნდა იყოს...

დღეს
ავსტრალიაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და სიამოვნებას ვიღებ როგორც მოე
დანზე, ისე მოედანს მიღმა. გამაკვირვა იმან თუ როგორ უყვართ ამ ქვეყანაში ფეხბურთი და როგორ ერკვევიან მასში. აქ ჩამოსვლამდე, ვფიქრობდი, რომ ქუჩაში ვერავინ მიცნობდა, რეალობა კი სხვაგვარი გამოდგა...

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ფეხბურთი მთელ მსოფლიოს მოედო და ყველგან გაბატონდა. ავსტრალიური ლიგა საკმაოდ ძლიერია და თითოეულ თამაშში ბოლომდე მიწევს დახარჯვა. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქ დასასვენებლად ჩამოვედი, ძალიან ცდება. ჩემი მიზანი "სიდნეისთან" ერთად ტიტულის მოპოვებაა და იმედია, ამას მივაღწევ კიდეც.

გეგმები
38 წლის ვარ, ამ ასაკში კი ბევრი არა თუ მოქმედი ფეხბურთელი, წარმატებული მწვრთნელია. ყველაფერი, რაც დღეს შეიძლება დავგეგმო, მოკლევადიანი იქნება. შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო სეზონია, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ კარიერა კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივო. საბოლოო გადაწყვეტილებას შობის შემდეგ მივიღებ და უმჯობესია, ცოტაც მოვითმოინოთ. ჯერ კიდევ მსურს ფეხურთის თამაში და ვერც ვეშვები საყვარელ საქმეს - ჯერ კიდევ დიდ ბედნიერებას მანიჭებს გოლის გატანა და ამით, გულშემატკივრის აღტაცება. ამიტომ, ცოტა ხანი ფეხბურთის თამაშს კიდევ ვაპირებ.

კარიერის დასრულების შემდეგ
ამ საკითხზე უკვე ვფიქრობ, მაგრამ ჯერჯერობით, გეგმების გამხელა არ მსურს. ერთი ცხადია, ფეხბურთში დავრჩები, რადგან სპორტის უპირველესი სახეობის გარეშე ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. არ მაქვს ამბიცია, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყო - ვეცდები საქმე მშვიდად ვაკეთო და ჩემი ადგილი ვიპოვნო. მწვრთნელობა? - დღეს, მწვრთნელობა ჩემს გეგმებში არ შედის და რა იქნება შორეულ მომავალში, რთული სათქმელია. ამ ეტაპზე, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში.

კარიერა
"იუვენტუსში" გატარებული 19 წელი უძვირფასესია ჩემთვის. დღე არ გავა, რომ რომელიმე თამაში არ გამახსენდეს და რომელიმე გოლით გამოწვეული ემოცია არ დამიბრუნდეს. ეს ყველაზე დიდი განძია, რომელიც გასულ წლებში დავაგროვე. ხშირად ვიხსენებ ჩემს ბოლო დღეს "იუვეში", როდესაც სკუდეტო მოვიპოვეთ და ყველანი ბედნიერები ვიყავით.

განსაკუთრებული თამაში? - 19 წელიწადი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ ერთი კონკრეტული თამაში, ან დღე გამოარჩიო. ამ პერიოდში მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. თითოეული სკუდეტო განსაკუთრებულ ემოციებთან იყო დაკავშირებული, ჩემპიონთა ლიგის მოგება კი მართლაც საოცარი სიხარულია. ყველაზე მეტად კი ის მახარებდა, რომ ჩვენი გულშემატკივრები იყვნენ ბედნიერნი.

იუვენტუსი
"იუვენტუსი" დღესაც ძალიან ძლიერია და შემთხვევითი არაა, რომ სერია A-ს ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულია. ვფიქრობ, ანტონიო კონტეს იტალიის ფარგლებში საუკეთესო გუნდი ჰყავს და წესით, მესამეჯერაც უნდა მოიპოვოს სკუდეტო. დიახ, "ვეკია სენიორა" ფავორიტია და მჯერა, რომ პირველობას არავის დაუთმობს. მართალია, კონკურენტები გვარიანად გაძლიერდნენ, მაგრამ არც "იუვეს" მესვეურები ყოფილან გულხელდაკრეფილნი. "ვეკია სენიორას" შესწევს იმის უნარი, რომ ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით, უმაღლეს დონეზე ჩაატაროს.

კარლოს ტევესი და სხვა ახალწვეულები
კარლოს ტევესს ტურინში დიდი იმედით შევხვდნენ და სრულიად საფუძვლიანად, რადგან არგენტინელს განსაკუთრებული ნიჭი და შესაძლებლობები აქვს. გულშემატკივართა ნაწილმა მისთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა გააპროტესტა, რასაც პირადად მე ვერასდროს მივხვდები. ვინმეს ხომ უნდა ეწეროს 10-იანი? - ტევესი კი თამაშის მანერით და ქარიზმით ამ ნომერს იდეალურად მიესადაგება.

კარლოსს ტელეფონით ვესაუბრე და წარმატებები ვუსურვე, რამაც ძალიან გაახარა. დიდ იმედებს ვამყარებ ფერნანდო ლორენტეზე, რომლის თამაშითაც ბილბაოს "ატლეტიკში" აღფრთოვანებული ვიყავი. სიმაღლის მიუხედავად, კოორდინაციის შესანიშნავი უნარი აქვს და არც ტექნიკა დაეწუნება. ძალიან ნიჭიერია ანჯელო ოგბონა და ვფიქრობ, რომ ის "იუვესთვის" ყველაზე საჭირო შენაძენია. დაცვის ცენტრს გამაგრება უნდოდა და ანჯელო საუკეთესო კანდიდატურა იყო. ერთი სიტყვით, "იუვე" კიდევ უფრო ძლიერია და მეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალესანდრო დელ პიერო ზაფხულში კომენტატორად იმუშავებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული