მარიო გომესის არჩევანი

AutoSharing Option
ლეგენდარული დინო ძოფის თქმით, ამ ზაფხულის იტალიური ტრანსფერებიდან ყველაზე გამოსარჩევი მარიო გომესის "ფიორენტინაში" გადაბარგებაა. მართალია, "იუვენტუსმა" კარლოს ტევესი და ფერნანდო ლორენტე დაიმატა, "ნაპოლიმ" კი გონსალო იგუაინი, მაგრამ ძოფის მსგავსად, ბევრი უპირატესობას სწორედ გომესს ანიჭებს.

შესაძლოა იმიტომ, რომ მარიოს ჩავარდნა, პრაქტიკულად, არ ჰქონია და სტაბილურად გაჰქონდა ყველგან და ყოველთვის, როცა მოედანზე გასვლის საშუალება ეძლეოდა. მოკლედ, გომესი იტალიაში გადასვლისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში და შესაბამისად, ჟურნალისტებთან ურთიერთობაც ხშირად უწევს. 28 წლის თავდამსხმელი "კორიერე დელო სპორტს" საინტერესო თემებზე ესაუბრა...

ფლორენციული არჩევანი
ბევრს გაუკვირდა, როდესაც
ევროპის უძლიერესი გუნდი დავტოვე და ფლორენციაში გადმოვბარგდი, თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მიუნხენელები კონტრაქტის სამი წლით გახანგრძლივებას მთავაზობდნენ, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის გარანტიები არ მქონდა. შემეძლო ამ სამ სეზონში სამი ვერცხლის სინი, სხვადასხვა თასი და თუნდაც ჩემპიონთა ლიგა მომეგო, მაგრამ ამ ყველაფერში მეორეხარისხოვანი წვლილი შემეტანა.

გადავწყვიტე, მივიღო ახალი გამოწვევა, გავიზარდო როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება; ვეზიარო ახალ კულტურას, ვისწავლო ახალი ენა, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ შესაძლოა უფრო გამომადგეს, ვიდრე მედლები. ამასთან, იტალიაში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და ბედნიერი ვარ, რომ სურვილი ამიხდა.


განვლილი გზა
მადლობელი ვარ იმის, რაც ცხოვრებამ მარგუნა და ვერც განვლილი კარიერით ვიქნები უკმაყოფილო. არაერთ დიდ ტურნირში გავიმარჯვე, გასულ სეზონში კი ყველაფერი მოვიგე. ვარ გერმანიის ეროვნული ნაკრების კანდიდატი და მიზნად მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა მაქვს დასახული. ეს ყველაფერი სიამაყის გრძნობას მმატებს, მაგრამ ამასთან, მგონია, რომ მეტი შემიძლია.

სტატისტიკას რომ გადავხედოთ, თანამედროვე ფორვარდებისგან, პრაქტიკულად, არავის ჩამოვრჩები, თუმცა ამას ცოტა თუ აფასებს. ბევრი გაცილებით უფრო ცნობილი და დაფასებული თავდამსხმელი შემიძლია ჩამოვთვალო, რომელიც ჩემზე ორჯერ უფრო ნაკლებ გოლს იტანს.

რეკლამირებული ფეხბურთელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ხშირად მიკვირს, თუ როგორ ახერხებენ ისინი მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას.

პირადად მე, შესაძლებლობების დამტკიცებას ყოველთვის მოედანზე ვცდილობ და ეს გამომდის კიდეც. მიუნხენის "ბაიერნში" 115 თამაშიდან 75 გოლი გავიტანე და მიუხედავად ამისა, სათადარიგო სკამისთვის გამიმეტეს. ნაწყენი არავისზე ვარ, უბრალოდ, ლოგიკას ვერ ვხედავ... როგორც ჩანს, 115 მატჩიდან 200 გოლი უნდა გამეტანა. "ბაიერნს" წარმატებებს ვუსურვებ, მე კი "ფიორენტინაში" შევეცდები შესაძლებლობების რეალიზებას.


"ფიორენტინა"
ფლორენციელი გულშემატკივრები მონატრებულნი არიან დიდ გამარჯვებებს და როდესაც ამაზე ვფიქრობ, მოტივაცია მიათმაგდება. ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ "ვიოლა" ევროპული ფეხბურთის გრანდი გახდეს - დიახ, კლუბის მესვეურთა გეგმა სწორედ ასეთია და ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ გეგმის ნაწილი ვარ.

იტალიის ჩემპიონატი განვითარებისთვის იდეალური ადგილია, რადგან სხვა ტოპ-ჩემპიონატებისგან განსხვავებით, აქ მაღალი ადგილებისთვის ბევრი გუნდი იბრძვის. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ერთბაშად შვიდ-რვა გუნდს უწინასწარმეტყველებენ. ასეთ კონკურენციაში კი რთულია, არ გაიზარდო და არ გაძლიერდე.

ერთი სული მაქვს როდის შევხვდებით "იუვენტუსს", "ინტერს", "მილანს", "ნაპოლის", "რომას", "ლაციოს" და სხვა ძლიერ გუნდებს, რომლებიც არაფრის დათმობას არ აპირებენ.

გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების და ვფიქრობთ, რომ თუნდაც ამ კონკურენციაში სამეულში ადგილის მოპოვება ხელგვეწიფება. სკუდეტო? - ჯუზეპე როსის კომენტარს გავეცანი და ვიცი, რომ ის მხოლოდ სკუდეტოს უმიზნებს, მაგრამ მე ასე კატეგორიული არ ვიქნებოდი... წინ რთული სეზონია, ჩვენი მიზანი კი თითოეულ შეხვედრაში გამარჯვება უნდა იყოს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინო ძოფი: მარიო გომესი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო შენაძენია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული