ლაციო VS იუვენტუსი - ვის დარჩება იტალიის სუპერთასი?

AutoSharing Option
კვირას, 18 აგვისტოს კალჩოს ახალი სეზონი აიღებს სტარტს... "სტადიო ოლიმპიკოზე" იტალიის სუპერთასის პაექრობა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ "ლაციო" და "იუვენტუსი" წარდგებიან; პირველი, როგორც თასის მფლობელი, ხოლო მეორე, როგორც ქვეყნის ჩემპიონი.

ფავორიტად ბევრი "იუვენტუსს" მიიჩნევს, მაგრამ "ლაციო" რომ უშანსოდ არაა, ცხადზე უცხადესია...

გუნდები
"იუვენტუსმა" საწვრთნელი ეტაპის დიდი ნაწილი ამერიკაში წარმართა, სადაც ამხანაგურ მატჩთა უმეტესობა წააგო და ჟურნალისტთა კრიტიკა დაატყდა თავს.

ბუნებრივია, ტურინელებმა თავი იმართლეს და გულშემატკივრებს დაჰპირდნენ, რომ ოფიციალურ შეხვედრებში სულ სხვა "იუვეს" იხილავენ.

ამ პირველ ოფიციალურ მატჩამდე ფაქტობრივად აღარაფერია
დარჩენილი და საინტერესოა, შეასრულებენ თუ არა პიემონტელები დანაპირებს...

დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ანტონიო კონტე კვლავ 3-5-2 ტაქტიკაზე შეაჩერებს არჩევანს. ამხანაგურ მატჩთა უმეტესობაში, მწვრთნელი ახალწვეულებს: ფერნანდო ლორენტეს და კარლოს ტევესს სწყალობდა, მაგრამ "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ამჯერად ისინი თადარიგში დარჩებიან.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან არგენტინელმა და ესპანელმა თავი ბევრი ვერაფრით წარმოაჩინეს, "ლაციოსთან" პაექრობაში კი სასწორზე სუპერთასი დევს.

მოკლედ, შეტევაში სებასტიან ჯოვინკოსა და მირკო ვუჩინიჩის ტანდემს ველოდებით, რომლებსაც ზურგს ძველი გვარდია გაუმაგრებს: შტეფან ლიხტშტაინერის, ანდრეა პირლოს, არტურო ვიდალის, კლაუდიო მარკიზიოს და კვადვო ასამოას შემადგენლობით.

თუმცა, ეს ყველაფერი ვარაუდებია და შესაძლოა, კონტემ მეტოქეს სიურპრიზები შესთავაზოს.

რაც შეეხება "ლაციოს", გუნდი ალბათ 4-5-1 სქემით გაირჯება. ეს ტაქტიკა ვლადიმირ პეტკოვიჩს სხვებზე მეტად მოსწონს და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, ექსპერიმენტებს მოერიდება.

ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი მიროსლავ კლოზე იქნება, აი შუახაზელთა ხუთეულის გამოცნობა კი უმადური საქმეა.

"ლაციოც" და "იუვეც" დაბალანსებულ ფეხბურთს ითამაშებენ - თავქუდმოგლეჯილი წინ არც ერთი არ წავა, ასეთ დროს კი თითოეულ შეცდომას განსაკუთრებული ფასი ედება.

კომენტარები
ანტონიო კონტე (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი):
"მართალია, გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არაა, მაგრამ სუპერთასის პაექრობისთვის კარგად ვართ მომზადებულნი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ და სეზონი მაჟორულ ნოტზე დავიწყოთ.

საწვრთნელმა ეტაპმა ნაყოფიერად ჩაიარა და მინდა ეს პირველივე ოფიციალურ მატჩში გამოჩნდეს.

"ლაციო" ძლიერი გუნდია, რომელსაც განსაკუთრებულად კარგად გადამწყვეტი მატჩების ჩატარება გამოსდის. ვეცდებით, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციოს მთავარი მწვრთნელი):
"სეზონის პირველი მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია და მით უმეტეს, თუ ეს თამაში ტროფეის ბედს წყვეტს.

"იუვენტუსი" იტალიური საკლუბო ფეხბურთის ლიდერია და ბოლო წლებშიც დომინირებს, თუმცა ერთ კონკრეტულ თამაშში შანსები თანაბრად უნდა შევაფასოთ.

მეტოქე უძლიერესი გვყავს, მაგრამ არ გვეშინია და მოახლოებულ პაექრობას ოპტიმიზმით ველოდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იუვენტუსს იმიტო რო ბილეთი გამიფუჭდება სხვა შემთხვევაში
saba
16:09 17-08-2013
0
უეჭველი მოიგებს ლაციო
ლაციო
08:16 18-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული