შედეგად, "რომას" 30 წლის ლიდერი არა მარტო მის კარიერას, ზოგადად იტალიურ საკლუბო ფეხბურთს და კალჩოს მთავარ პრობლემას შეეხო...
რომა
"რომა" ჩემი ცხოვრების ნაწილია და მასზე უარის თქმა მეტად რთული საქმეა.
ერთხელ ჩეზარე პრანდელიმ მითხრა, რომ ჩემივე წინსვლისთვის გარემოს გამოცვლა აჯობებდა, თუმცა მასაც კი არ დავუჯერე.
მსურს კარიერა მშობლიურ გუნდში დავასრულო, სადაც დავიწყე თამაში და სადაც დღემდე ვირჯები. არადა, არაერთი შეთავაზება მაქვს როგორც იტალიიდან, ისე უცხოეთიდან.
არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე კარიერა სწორედ ალბიონზე გავაგრძელო...
თუ წასვლაა, უცხოეთი...
თუ მაინც გადავწყვიტე "რომადან" წასვლა, კარიერას აუცილებლად უცხოეთში გავაგრძელებ. "რომას" მეტოქედ თავი ვერ წარმომიდგენია და ამას არც დავუშვებ.
დიდია შანსი, არჩევანი პრემიერლიგაზე შევაჩერო, რადგან ინგლისურ სტადიონებზე განსაკუთრებული ატმოსფეროა.
შესაძლოა, კარიერის ბოლო სეზონი ამერიკაში გავატარო, სადაც ყოველთვის კარგად ვგრძნობ თავს. შტატებში ბევრი მეგობარი თამაშობს და იქაურ ჩემპიონატს ყველა დადებითად ახასიათებს.
თუმცა, კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ და კიდევ მინიმუმ 4-5 წელი ევროპაში ვაპირებ თამაშს.
იტალიური ფეხბურთი
იტალიური საკლუბო ფეხბურთი 15-20 წლით მაინც ჩამორჩება ინგლისს, ესპანეთს და გერმანიას, მალე კი ალბათ საფრანგეთიც გაგვისწრებს. ნახეთ რა სტადიონებზე გვიწევს თამაში და რამდენი საორგანიზაციო პრობლემაა სერია A-ს მიმდინარეობისას.
პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული საკითხები უნდა მოვაგვაროთ და შემდეგ, დანარჩენზეც შეიძლება ფიქრი. სრულიად ლოგიკურია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზური დავკარგეთ - არადა, სულ ახლო წარსულში, ჩვენი ჩემპიონატი საუკეთესო იყო ევროპის მასშტაბით.
კალჩოს მაღალჩინოსნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ კრიზისი მალე დავძლიოთ და აღმავლობის გზას დავადგეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"