იტალია. სერია A. I ტურის გამოხმაურება: მუნდიალზე თამაში ლუკა ტონისაც უნდა! [VIDEO]

AutoSharing Option
ესეც ასე - სერია A-ს 2013-14 წლების გათამაშებამ სტარტი აიღო და დაიწყო მარათონი, რომელიც მაისში დასრულდება.

ფავორიტთა უმეტესობამ პირველ ტურებში სამი ქულა მოიპოვა, სენსაცია კი ვერონაში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "მილანი" დაჯაბნა.

ბუნებრივია, იტალიურ სპორტულ პრესაში ყველაზე დიდი გამოხმაურება "როსონერის" მარცხს და ლუკა ტონის ბენეფისს მოჰყვა...

ტონის ორი გასროლა
"ვერონას" გულშემატკივართა ნაწილმა ლუკა ტონის ტრანსფერი აქტიურად გააპროტესტა, რადგან ტანმაღალი ფორვარდი ბოლო ორი წელი ვერაფერ ფეხბურთს აჩვენებდა.

გასულ სეზონში "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა და იმდენად მძიმედ გამოიყურებოდა, რომ ბევრმა მას კარიერის დასრულება
ურჩია - ეგ კი არა, კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში ლუკა ვეტერანი ფეხბურთელებისგან ბევრით არაფრით გამოირჩეოდა და მართლაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ მისმა მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა.

ერთი მატჩით შორს მიმავალი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი სეზონი 36 წლის თავდამსხმელმა შესანიშნავად დაიწყო - კრისტიან აბიატის კარში ორი გოლი შეაგდო, ორივე თავით და "ვერონას" პირველი ქულები ჩაუწერა აქტივში...

მატჩის შემდეგ ტონიმ სტანდარტული კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სწორედ ასეთ სტარტზე ოცნებობდა. მოგვიანებით კი გაცილებით საინტერესო განცხადებაც გააკეთა:

"ჩეზარე პრანდელის კომენტარს გავეცანი, სადაც ითქვა, რომ იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შანსი ფრანჩესკო ტოტის და თვით ალესანდრო დელ პიეროსაც კი აქვთ.

ასეთ შემთხვევაში, "სკუადრა აძურაში" მოხვედრის იმედს მეც ვიტოვებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრანდელის თავი მოვაწონო.

ბრაზილიურ მუნდიალზე ასპარეზობა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ".


მილანური პოლუსები
იტალიურ სპორტულ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ სერია A-ს წამყვანი კლუბებიდან სატრანსფერო ფანჯარა მხოლოდ "ინტერმა" ჩააგდო. შესაბამისად, მიმდინარე სეზონში მილანური გრანდი ბევრმა ჩამოწერა და ეს სადღაც ლოგიკურიცაა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სუსტი შემადგენლობა "ნერაძურის" ათწლეულებია, არ ჰყოლია.

მართალია, ამ ზაფხულს არც "მილანს" დაუხარჯავს კოლოსალური თანხები, მაგრამ ამ კლუბის გაახალგაზრდავებისკენ მიმართული პოლიტიკა ყველასთვის გასაგებია და ისედაც, მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში მეტი ვარსკვლავი და ექსტრა-კლასის მოთამაშეა.

მოკლედ, თუ "ინტერს" მაქსიმუმ ევროსაგზურის მოპოვებისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებენ, "მილანი" სკუდეტოს მაძიებლად მოიაზრება.

პირველ ტურში ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, რამაც კალჩოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. "მილანი" კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია, ვალტერ მაცარი კი აქეს და ადიდეს - მოკლედ, სენიორ ვალტერს ჯერჯერობით ხოტბა არც "ინტერში" აკლია...

ვალტერ მაცარი ("ინტერის" მწვრთნელი):
"გუნდი იმაზე უფრო სწრაფად პროგრესირებს, ვიდრე წარმომედგინა და ეს ძალიან მახარებს.

"ინტერმა" გასულ სეზონში ბევრი საშინაო მარცხი იწვნია და ამ გამარჯვებას ოქროს ფასი ჰქონდა. საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ რეაბილიტაცია იყო საჭირო და მიზანს მივაღწიეთ.

ვიცოდით, რომ მეტოქე დაცვიდან ითამაშებდა და შესაბამისი სტრატეგია შევარჩიეთ. კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით და იმედია, მომდევნო პაექრობას უფრო მაღალ დონეზე ჩავატარებთ".

ადრიანო გალიანი ("მილანის" ვიცე-პრეზიდენტი):
"ერთი მარცხისგან ტრაგედია ნამდვილად არ უნდა შევქმნათ და ვერაფრით გავიზიარებ იმ კრიტიკას, რომელიც ვერონაში მარცხის შემდეგ დაგვატყდა თავს.

კარგი იქნებოდა, სამი ქულა აგვეღო, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. გუნდი ჯერ არაა ოპტიმალურ ფორმაში და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმნიშვნელოვანეს შეხვედრებს ვატარებთ.

რა დასამალია და ამ ეტაპზე პრიორიტეტი სწორედ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვედრაა".


რომაული ჰარმონია
ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც "ლაციომ" "უდინეზეს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მეტოქე, 2:1.

ვლადიმირ პეტკოვიჩს სიურპრიზები არ შემოუთავაზებია, მისი გუნდი ისეთივე იყო, როგორიც გასულ სეზონში და ფეხბურთელებიც სწორედ ისინი გამოირჩნენ, ვინც გასულ სეზონში ბრწყინავდა - თუნდაც გოლების ავტორები: ერნანესი და ანტონიო კანდრევა.

მაინც რა არის ამ "ლაციოს" პროგრამა-მაქსიმუმი? - უმეტესობა, ალბათ, ჩემპიონთა ლიგის საგზურს იტყოდა, მაგრამ რომაელთა თავკაცმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

"მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ, იყო შანსი, რომ მეორე გოლი გაგვეშვა და ორი ქულა დაგვეკარგა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ მოდუნება არაფრით არ შეიძლება და ბოლო წუთამდე ბრძოლაა საჭირო.

შეუძლია თუ არა "ლაციოს" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა? - სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სკუდეტოსთვის ბრძოლაც შეგვიძლია. მთავარი სწორი მუშაობა და ცოტა იღბალია".


გასულ სეზონში შერცხვენილმა "რომამ" სასტარტო შეხვედრაში სამი ქულა მოიპოვა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "ჯალოროსის" ბანაკში ოპტიმისტური განცხადებები გაკეთებულიყო.

ტრადიციულად, თავი ფრანჩესკო ტოტიმ გამოიდო და განაცხადა, რომ ახალ მთავარ მწვრთნელს გუნდი სწორი გზით მიჰყავს:

"რუდი გარსია საქმეს უნარიანად უძღვება და დარწმუნებული ვარ, ამის შედეგს მალევე დაინახავთ. "ლივორნო" მოტივირებული დაგვხვდა, მაგრამ სწორი თამაშის და კლასის ხარჯზე, გამარჯვება სწორედ ჩვენ მოვიპოვეთ.

მთავარია, არსებული ხარვეზები გამოვასწოროთ, კიდევ უფრო გავძლიერდეთ და რაც მთავარია, სტაბილურად ვიასპარეზოთ.

ბოლო წლებში ჩვენი მთავარი პრობლემა არასტაბილურობაა - შეგვეძლო მოგვეგო ნებისმიერ მეტოქესთან, მაგრამ ამავდროულად, წაგვეგო ბოლო აუტსაიდერთან. ეს დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს და ამის კონტურებს ნამდვილად ვხედავ".


რუდი გარსიამ მოსალოდნელზე შემტევი ფეხბურთი ათამაშა გუნდს, რამაც მასსა და ლუის ენრიკეს შორის პარალელების გავლება გამოიწვია - თუმცა იტალიელი სპორტული ჟურნალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ "ჯალოროსიმ" "ლივორნოსთან" მეტად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.

ორგანიზებულობა, ერთსულოვნება და ზოგადად, გუნდურობა "რომას" ნამდვილად აკლდა და დიდწილად, სწორედ ამის გამო ვერ აღწევდა წარმატებებს ხსენებული ლუის ენრიკეს ან გნებავთ, ზდენეკ ზემანისა და აურელიო ანდრეაცოლის ხელში.

ფავორიტები
პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში მოდერნიზებული "ნაპოლია" მოქცეული, რომელმაც "ბოლონიას" სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ტურში ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა.

კარგად წარმოჩნდნენ ნეაპოლელთა ახალწვეულები: რაულ ალბიოლი, ხოსე კალეხონი, გონსალო იგუაინი და თუნდაც დრის მერტენსი, რომელიც მხოლოდ მეორე ნახევარში გამოჩნდა მინდორზე.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი მაინც მარეკ ჰამშიკი იყო ძველი გვარდიიდან, რომელმაც თითქოს ედინსონ კავანის როლიც აიღო თავის თავზე და გნებავთ, თვით ესეკილ ლავეცის, რომელსაც ნეაპოლიტანელები დღემდე მისტირიან... სლოვაკი შემტევი, უბრალოდ, შეუდარებელი იყო და გარდა იმისა, რომ ორი გოლი შეაგდო, თითქმის ყველა მწვავე იერიშში მთავარი როლი ეკისრა.

რაც შეეხება მის მეორე გოლს, მართლაც ფანტასტიკური გამოვიდა - ტექნიკის უმაღლესი დონე გამოავლინა, როდესაც ერთი სხარტი მოძრაობით მცველები უკან მოიტოვა, ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და უზუსტესად დაარტყა. ნამატჩევს, ჰამშიკიც და მისი გუნდის მთავარი მწვრთნელიც უაღრესად კმაყოფილნი გახლდნენ...

მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი):
"ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მთელმა გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და შედეგიც სახეზეა.

"ბოლონია" საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელიც ცხრილის ზედა ნაწილში მოსახვედრად იბრძოლებს - ასეთი მეტოქის ყველა კომპონენტში დაჯაბნა იოლი საქმე ნამდვილად არ არის.

"იუვენტუსთან" ერთად, "ნაპოლი" სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება და ეს მეტად სასიამოვნო განცდაა".


რაფაელ ბენიტესი ("ნაპოლის" მწვრთნელი):
"ნამდვილად არ მიკვირს, რომ მეტოქეს სამი გოლი გავუტანეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ბოლო ერთი კვირა გუნდმა მკვეთრად მოუმატა და ეს ვარჯიშებზეც თვალსაჩინო იყო.

ახალწვეულები ისე გრძნობენ თავს, თითქოს აქ წლებია თამაშობენ. ეს ყველაფერი კი ოპტიმიზმს მიღვივებს.

რაც შეეხება "იუვენტუსთან" კონკურენციას, ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა - ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".


ტურინში კარლოს ტევესს აქებენ, თანაც ისე, თითქოს ამით ურჩი ბავშვის კიდევ უფრო მორჯულება სურთ. თვითონ არგენტინელი "იუვეს" სიყვარულში ეფიცება და ამტკიცებს, ასეთი მოტივირებული მხოლოდ კარიერი საწყის წლებში ვიყავიო.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ სულ ახლო წარსულში კარლოსი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას ლამობდა... "იუვე" ფავორიტია, პირველი ქულები აქტივში აქვს, დანარჩენი კი, რაფა ბენიტესის არ იყოს, დროთა განმავლობაში გამოჩნდება.

იტალია. სერია A. I ტური
26 აგვისტო
ფიორენტინა-კატანია 2:1

გოლები: 1:0 როსი (14), 1:1 ბარიენტოსი (22), 2:1 პისარო (28).
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - სავიჩი, გონსალო, კომპერი - პასკუალი (76. ალონსო), აკვილანი (84. ფერნანდესი), პისარო, ბორხა ვალერო, კუადრადო - როსი (66. ილიჩიჩი), გომესი.
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, მონძონი (90. როლინი), სპოლი, ბელუში - პანაიოტისი (80. ბიაჯანტი), ისკო, ლეტო (81. ლოპესი) - ბარიენტოსი, კასტრო, ბერგესიო.
გაფრთხილება: პისარო, გომესი - ალვარესი, სპოლი, ანდუხარი, ბარიენტოსი.
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 12-13(6-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 28 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. I ტური: ნაცნობი სურათი სტარტზე [VIDEO]
კარლოს ტევესი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული