21 წლის შემტევს მთელი ზაფხულია, ფლორენციიდან აბარგება სურს და როგორც ჩანს, საწადელს მიაღწია კიდეც. მართალია, "მილანში" არ გადადის, როგორც ეს თავად სურდა, მაგრამ არც "რომა" უნდა იყოს ურიგო ვარიანტი.
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, რომაელები ლიაიჩის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდიან, ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო კი 1.8 მილიონი ევრო იქნება.
ითქვა ისიც, რომ კონტრაქტში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ადემის გამოსყიდვა ნებისმიერ კლუბს 15 მილიონ ევროდ შეეძლება და
ამით ნათლად ჩანს, რომ ლიაიჩს კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს და "ჯალოროსის" ტრამპლინად განიხილავს. გახსოვთ ალბათ, სწორედ ასეთი პუნქტით ისარგებლა ედინსონ კავანიმ და რადგან მასში პსჟ-მ 63 მილიონი ევრო გადაიხადა, "ნაპოლის" მესვეურები ტრანსფერს წინ ვეღარ აღუდგნენ. ამ თემაზე კომენტარი "ფიორენტინას" პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ გააკეთა:
"ჩვენ ვეღარ დავუშვებთ იმას, რაც რიკარდო მონტოლივოს შემთხვევაში მოხდა და შესაბამისად, ადემ ლიაიჩის წასვლის ალბათობა ძალიან მაღალია. დიახ, ჩვენ პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევუთანხმდით "რომას", მაგრამ სანამ ხელშეკრულებებს ხელი არ მოეწერება, კითხვის ნიშანი ჯერ კიდევ რჩება.
მით უმეტეს, თავად ფეხბურთელი "ჯალოროსის" მესვეურებთან ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკებას.
ბოლომდე ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ადემი "მილანში" გადაბარგდეს - ხომ შეიძლება, ბოლო მომენტში ლომბარდიელები გააქტიურდნენ და ვითარება რადიკალურად შეიცვალოს? - ამიტომ, უმჯობესია, არ გავუსწროთ წინ მოვლენებს".
გამორიცხული ნამდვილად არ არის, ბოლო მომენტში ვითარება რადიკალურად შეიცვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ადემ ლიაიჩი "რომაში" გადაბარგებასთან ძალიან ახლოა. რაც შეეხება რიკარდო მონტოლივოს მაგალითს - დელა ვალე მის "მილანში" თავისუფალი წესით გადასვლას შეეხო.
რიკარდოს ფლორენციულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ლომბარდიულ გრანდში ყველანაირი კომპენსაციის გარეშე გადავიდა. ლიაიჩს "ფიორენტინასთან" ხელშეკრულება ერთი წლის თავზე ეწურება და ბუნებრივია, ტოსკანელებს მასთან განშორება ეჩქარებათ.
რადგან "ვიოლასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფეხს ითრევს, საუკეთესო გამოსავალი მისი გასხვისებაა.
ერთი სიტყვით, ადემი "რომაში" გადადის, რომელიც პაბლო ოსვალდოს უკვე გამოეთხოვა და დიდი ალბათობით, ერიკ ლამელასაც ინგლისის პრემიერლიგაში გაუშვებს.
აქვე ვთქვათ, რომ ახალგაზრდა არგენტინელი შემტევის გადაბირებას "ტოტენჰემი" ეშურება და როგორც აპენინელი ჟურნალისტები იუწყებიან, ამ საქმეს წინ აღარაფერი უდგას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"