კაკა: დავბრუნდი, რათა გავიმარჯვო!

AutoSharing Option
რიკარდო კაკას ტრანსფერი იტალიური სპორტული მედიის მთავარი თემაა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბრაზილიელი იქ დაბრუნდა, სადაც მას წლებია, ელოდნენ.

დიახ, 31 წლის შემტევის "როსონერიში" დაბრუნებაზე საუბრობდნენ გასულ ზაფხულსაც და იმის წინაც, მაგრამ ტრანსფერი სულ რამდენიმე დღის წინ შედგა. თუ წინა წლებში კაკა კატეგორიულ უარზე იყო ხელფასის შემცირებისა, ამჯერად სეზონურად ოთხ მილიონ ევროს დათანხმდა და "რეალი" "მილანზე" გაცვალა.

ცნობისთვის, მადრიდში ბრაზილიელი წელიწადში ათ მილიონ ევროს იღებდა. კაკამ მილანში ბრიფინგი გამართა და აქტუალურ თემებზე ისაუბრა. ამ ყველაფერზე კი ქვემოთ...

აი,
ასე ხვდებიან კაკას მილანში! (VIDEO)


დაკარგული წლები თუ?
ბევრი მიიჩნევს, რომ ჩემი "რეალში" გადასვლა შეცდომა იყო და ამით მხოლოდ დავკარგე ძვირფასი წლები. პირადად მე, ასე არ ვფიქრობ. ესპანეთში დიდი გამოცდილება მივიღე, რომელიც ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება. გავიზარდე, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი და ეს უმნიშვნელოვანესია.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, უფრო ხშირად მეთამაშა და გუნდის წარმატებებში მეტი წვლილი შემეტანა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. "რეალში" განუმეორებელი ფეხბურთელების მხარდამხარ ვასპარეზობდი, რომელთა უმეტესობა დღეს ჩემი ახლო მეგობარია. არაერთხელ კლასიკოში მივიღე მონაწილეობა, რითიც ცხოვრების ბოლომდე ვიამაყებ. ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვგონებ, არ მაქვს საფუძველი, მადრიდში გატარებული წლები წყალში გადაყრილად ჩავთვალო.

მილანი
ჩამოსვლისთანავე აღვნიშნე, რომ "მილანი" ჩემი სახლია და აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში. შევედი თუ არა "მილანელოზე", დამეუფლა შეგრძნება, რომ აქედან არცკი წავსულვარ. ბედნიერი ვარ, რომ ისევ აქ მომიწევს ყოფნა, სადაც ყველა დეტალი ჩემთვის ძალიან ახლობელია.

რა შეიცვალა? - მწვრთნელი და ფეხბურთელები, რომლებმაც ძალიან თბილად მიმიღეს. აქ იმიტომ დავბრუნდი, რომ რეგულარულად ვითამაშო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ერთი სული მაქვს, როდის გავალ "სან სიროზე" სათამაშოდ და როდის მოვისმენ ჩემი სახელის სკანდირებას... განდიდების მანია არასდროს დამმართნია, მაგრამ ვაღიარებ, რომ "მილანის" ქომაგთა შეძახილი ძალიან მომენატრა.

არც ისაა დასამალი, რომ ამ მხრივ, მადრიდში განებივრებული არ ვიყავი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ტიფოზების ნდობა გავამართლო და მათ ისეთი კაკა იხილონ, როგორიც ახსოვთ.

კარლო, ჟოზე, მასიმილიანო...
ბედის ირონიაა, რომ მადრიდი სწორედ მაშინ დავტოვე, როდესაც გუნდი კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა. ამ სპეციალისტს ჩემზე დიდი ამაგი აქვს, რასაც არასდროს დავივიწყებ. ვიცი, რომ ანჩელოტის "რეალში" გაცილებით დიდი დრო მომეცემოდა, ვიდრე აქამდე მქონდა, მაგრამ ჩემი "მილანში" დაბრუნება გარდაუვალი იყო.

ისე კი, ანჩელოტის ესპანეთში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და მჯერა კიდეც, რომ "რეალს" სულ სხვა დონეზე აათამაშებს. კარლო საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. მას გუნდის ერთ მუშტად შეკვრა ეხერხება, რაც "რეალს" ძალიან სჭირდება.

რომელ მწვრთნელთან გამიჭირდა საერთო ენის გამონახვა? - ჟოზე მოურინიოსთან, რომელიც ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე კარგი ვარ და ის ცუდი, უბრალოდ, ჩვენ საერთო ენის გამონახვა გაგვიჭირდა. ჟოზე ბრწყინვალე სპეციალისტია და ისევე, როგორც ანჩელოტის, მასაც ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

მასიმილიანო ალეგრი? - მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდი, მაგრამ მივხვდი, რომ საერთო ენის გამონახვა არ გაგვიჭირდება. ვიცნობ მის საფეხბურთო ხედვასაც და ჩვენი აზრები ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. ალეგრისთან ერთად, "მილანმა" მძიმე კრიზისი დაძლია და სკუდეტოც მოიგო. ვფიქრობ, მთავარი წარმატება მას და მასთან ერთად ჩვენ, წინ გველოდება.

მიზნები
"მილანს" შესწევს იმის ძალა, რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. "როსონერიში" ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლიათ. თუნდაც მარიო ბალოტელი ავიღოთ, ან გნებავთ სტეფან ელ შაარავი – ვფიქრობ, ამ ფორმაციის "მილანს" ყველაფრის მოგება შეუძლია და მეც აქ ამ მიზნით ჩამოვედი.

ასევე, ძალიან მინდა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს თავი მოვაწონო და სამუნდიალე განაცხადში მოვხვდე. მჯერა, "მილანში" გადასვლით ჩემი "სელესაოში" მოხვედრის შანსები ერთიორად გაიზარდა. ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის გამოტოვება არაფრის დიდებით არ მინდა და იქ მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კაკა "მილანშია" - ძალიან მიხარია, რომ შინ ვბრუნდები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული