რომაელთა გრანდიოზული გეგმები: ახალი სტადიონი და გრანდობა

AutoSharing Option
"რომას" ამერიკულ-იტალიური პროექტი გრძელდება. მართალია, დიდი მიღწევებით დედაქალაქელები ვერ დაიკვეხნიან, გულშემატკივრები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

სერია A-ს გასულ ტურში "ჯალოროსის" ტიფოზებმა კლუბის მფლობელის - ტომას დი ბენედეტოს მხარდამჭერი ბანერი გამოკიდეს. ამ საერთო პოზიტიურ განწყობას კი გუნდის წარმატებული ასპარეზობა კიდევ უფრო ამყარებს.

"რომას" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და აქტუალურ თემებზე ისაუბრა...

გულშემატკივართა მხარდაჭერა
კარგად ვიცი, თუ როგორი კრიტიკულები არიან ტიფოზები და ამ ფონზე ასეთი მხარდაჭერა განსაკუთრებულად დასაფასებელია. გულშემატკივრები ხედავენ, რომ საქმე სწორად მიგვყავს და კლუბში ვითარება უკეთესობისკენ იცვლება.

თუნდაც
საატრანსფერო პერიოდი ავიღოთ - მართალია, რამდენიმე ფეხბურთელს შეველიეთ, მაგრამ მათში აღებული თანხა ისევ გასაძლიერებლად დავხარჯეთ.

ერთი წლის წინ მარკინიოსი 3 მილიონ ევროდ ვიყიდეთ, ამ ზაფხულს კი პსჟ-ში 31 მილიონად გავუშვით. აღებული თანხით რამდენიმე ფეხბურთელი გადავიბირეთ, მათ შორის, კევინ სტროტმანი... ეს იყო სწორი სვლები, რაც წარმატებას მოიტანს და ამას ქომაგები კარგად ხედავენ.

უახლოესი გეგმები
უახლოესი გეგმები და მიზნები უკვე მწვრთნელ-ფეხბურთელებს უნდა მოვკითხოთ, რადგან სეზონი დაწყებულია და შედეგებიც მოედანზე უნდა გამოჩნდეს.

სეზონი კარგად დავიწყეთ და მჯერა, რომ კიდევ უკეთესად გავაგრძელებთ. აქ საქმე არა იმდენად ქულებში, რამდენადაც თამაშის მაღალ ხარისხშია.

უდანაკარგოდ ჩემპიონატს ვერავინ ჩაამთავრებს, მაგრამ თამაშის მაღალი ხარისხი სტაბილურობის და წარმატების გარანტია. სეზონის პირველ ნახევარში უფრო დაკვირვების ფაზაში ვართ, შემდეგ კი დავისახავთ კონკრეტულ გეგმებს. ვფიქრობ, "რომას" შეუძლია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება.

დიდი გეგმები და ახალი სტადიონი
"რომა" ევროპული ფეხბურთის ისეთივე გრანდი უნდა გახდეს, როგორიც მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედია". ეს ჩვენი მიზანია იმ დღიდან, რაც კლუბს ჩავუდექით სათავეში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მიზანი მიუღწეველია, ძალიან ცდება და ამაში მალე დარწმუნდებით.

ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სტადიონის მშენებლობა, რომელსაც უახლოეს მომავალში დავიწყებთ. მყარად გვაქვს გადაწყვეტილი, რომ სამ წელიწადში "ჯალოროსი" ახალ არენაზე უნდა თამაშობდეს, რომელიც 60 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი. მესმის, რომ ამის შესახებ ადრეც არაერთხელ თქმულა, მაგრამ ამჯერად უტყუარ ინფორმაციას გეუბნებით. "რომას" აუცილებლად ექნება ახალი, თავისი სტადიონი, რომლის მაკეტსაც უახლოეს დღეებში გავასაჯაროებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რომას" პრეზიდენტი: მალე ფრანჩესკო ტოტის ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული