იტალია. სერია A. IV ტურის შეჯამება: მოკეტე, რა!

AutoSharing Option
სერია A-ს მეოთხე ტურმა ჩაიარა და მეხუთეც, აგერ, ყურის ძირშია - 24 სექტემბერს "უდინეზე"-"ჯენოა" შუა კვირის ბრძოლებს გახსნიან. მანამდე კი გასული უქმეების საინტერესო მოვლენებს შევეხოთ.

ეჰ, მარიო, მარიო...
მარიო ბალოტელიმ პროფესიულ კარიერაში პირველი 11-მეტრიანი გააფუჭა. "ნაპოლის" მეკარე პეპე რეინამ მას კუთხე გამოუცნო და ბურთი ნახტომში მოიგერია.

ნამატჩევს რეინა დაიტრაბახებს - ბალოტელის პენალტები შესწავლილი მქონდაო. არადა, "ბალოს" აქამდე 22 უშეცდომო დარტყმა ჰქონდა შესრულებული, მათ შორის 10 - სერია A-ში.

რეინას კი, ბალოტელის პენალტებზე რომ უმეცადინია, ეტყობა აქამდე არაფერი სმენოდა (თუ ენახა)
მის "მოჭრილ" დარტყმებზე, რასაც მატჩის ბოლოს ვერაფერი მოუხერხა და "მილანს" თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა, თუმცა ის საღამო მაინც "ნაპოლისა" იყო...

თან ეს "ნაპოლიც" რაღაც წყევლასავითაა ბალოტელისთვის. "მილანამდე" მას "ინტერშიც" უთამაშია და "მანჩესტერ სიტიშიც", მაგრამ სადაც კი "ნაპოლის" გადაყრია, ყველგან წაუგია...

საფინალო სასტვენის შემდეგ თითქოს დამშვიდებული ვნებები ისევ ბალოტელიმ აადუღა. ერთი ყვითელი ბარათი თამაშისას ჰქონდა მიღებული და იმდენი ქნა, არბიტრთან საქმის გარჩევით მეორეც "გაიჩალიჩა". მთავარი ფორვარდის წითელი ბარათი და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია (გასაჩივრების უფლებით) - "მილანს", რომელსაც თავდასხმის ხაზში ისედაც უჭირს, ეს არაფერში სჭირდებოდა.

ბალოტელის საქციელმა მუდამ გაწონასწორებული მასიმო ალეგრიც კი გამოიყვანა წყობიდან. "მილანის" თავკაცი ყოველთვის ცდილობდა, მარიოს სიგიჟეები რამენაირად გაემართლებინა, მაგრამ კვირას თავი ვეღარ შეიკავა და პირდაპირ განაცხადა - ბოლოს და ბოლოს, ამ ბიჭმა უნდა მოკეტოსო!

უფლისწული დუბლით დაბრუნდა
ამ ტურს გმირებიც ჰყავდა, თან არაერთი, მაგრამ მათგან მაინც დიეგო მილიტო გვინდა გამოვარჩიოთ. გახსოვთ 14 თებერვალი? ევროპალიგის მატჩი "ინტერსა" და "კლუჟს" შორის და მატჩის მე-7 წუთი - მილიტო იღებს მუხლის ტრავმას და დიდი ხნით გამოდის მწყობრიდან...

"ინტერის" ყველა უბედურებას მის არყოფნას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ გასული სეზონის ჩაფლავებაში ძირითადი ფორვარდის დაკარგვამაც რომ ითამაშა ერთ-ერთი როლი, ამას მტკიცება რად უნდა...

და აი, "უფლისწული" კვლავ მოედანზეა. ვალტერ მაცარიმ "იუვენტუსთან" არ ათამაშა, ალბათ, ვერ გარისკა, "სასუოლოსთან" კი 54-ე წუთიდან აუნთო მწვანე შუქი, ანუ იმ დროისთვის, როცა "ინტერს" უკვე გაცამტვერებული (4:0) ჰყავდა სერია A-ს დებიუტანტი. ჰოდა, მილიტოსაც კარგი მოთელვა უნდა გამოსვლოდა...

გამოუვიდა კიდეც - დუბლი და ძირითადში სწრაფადვე დაბრუნების პერსპექტივა. ცხადია, მილიტოსთან ერთად "ინტერი" კიდევ უფრო ძლიერი იქნება...

ვინ იქნება პირველი შერისხული?
დიდი ჩემპიონატებიდან სეზონის სტარტზე სამწვრთნელო ცვლილებებს, ძირითადად, იტალიიდან ველოდებით ხოლმე. იტალიელი კი მოხსნეს უკვე, მაგრამ "სანდერლენდში" (პაოლო დი კანიო), რაც შეეხება უშუალოდ იტალიურ გუნდს, აქ უმთავრესი კანდიდატი "სასუოლოა", რომელსაც მწვრთნელად "რომას" ყოფილი ნახევარმცველი ეუსებიო დი ფრანჩესკო ჰყავს.

სტატისტიკა თვალსაჩინოებისთვის - "სასუოლომ" 4 ტურში 15 გოლი გაუშვა, რაც ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია (1933/34 წლების სეზონში "კაზალემ" ეს 16-ჯერ "მოახერხა"). პლუს ამას, "სასუოლოს" ზედიზედ 4 მარცხი არ ჰქონია 2010 წლის მარტის შემდეგ (როცა სერია B-ში ასპარეზობდა).

რაც შეეხება დი ფრანჩესკოს, "ინტერთან" დარბევის შემდეგ მან თქვა, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ამ პასუხისმგებლობაში.

შესაძლოა, კლუბის ხელმძღვანელობა არც დაელოდოს დი ფრანჩესკოს გადაწყვეტილებას და თავად მიუთითოს კარისკენ, ოღონდ ეს შუა კვირაში გასამართი ტურის შემდეგ მოხდება. "სასუოლო" "ნაპოლის" სტუმრობს და გამოცხადებული კატასტროფის წინ უფროსებს უკვე შეგულებული ჰყოლიათ ორი კანდიდატურა - დომენიკო დი კარლო და სერსე კოზმი.

ეს იცოდით?
* "ნაპოლიმ" პირველი გამარჯვება მოიპოვა "მილანთან" გასვლით შეხვედრებში 1986 წლის აპრილის შემდეგ. აქვე ორი დამთხვევაც - "ნაპოლი" იმ მატჩშიც 2:0-ს იგებდა და "მილანმა" მოგვიანებით შეძლო პრესტიჟის გოლის გატანა. ნეაპოლელთაგან ერთი ბურთი დიეგო მარადონამ შეაგდო.

* "ფიორენტინასთან" მარცხის (1:3, 2012 წლის ნოემბერში) შემდეგ "მილანს" სერია A-ში საკუთარ მოედანზე წაგება არ ჰქონდა. ეს პერიოდი "როსონერიმ" 11 მოგებითა და 2 ფრით განვლო.

* პროფესიულ კარიერაში მარიო ბალოტელიმ პირველი 11-მეტრიანი გააფუჭა. აქამდე მას 22 უშეცდომო დარტყმა ჰქონდა შესრულებული, მათ შორის 10 - სერია A-ში. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: უშუალოდ "ნაპოლის" წინააღმდეგ ბალოტელი არასოდეს ყოფილა გამარჯვებული მაშინაც, როცა "ინტერსა" და "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა.

* მიგელ ანხელ ბრიტოსმა ("ნაპოლი") სერია A-ში ბოლოს 2012 წლის 13 თებერვალს გაიტანა ("ნაპოლი"-"კიევო" 2:0).

* პირველი 4 ტურის შემდეგ "რომა" არ ყოფილა ცხრილის სათავეში 2007/08 წლების სეზონის მერე. ამას გარდა, "ჯალოროსის" 4 ტურის შემდეგ 100-პროცენტიანი შედეგი მანამდე მხოლოდ ორჯერ - 1952/53 და 1960/61 წლების სეზონში ჰქონდა.

* "რომა"-"ლაციო" იყო სერია A-ს პირველი რომაული დერბი, რომელიც სექტემბრის თვეში ჩატარდა. ბოლო 6-დან ოთხ "საგარეო" დერბიში "ლაციოს" ერთი გოლიც არ აქვს გატანილი. ამას გარდა, "ლაციალეს" მცველი ანდრე დიასი გახდა მე-16 ფეხბურთელი ("ლაციო" 9, "რომა" 7), რომელიც ბოლო 11 რომაულ დერბიში მოედნიდან გააძევეს.

* აღმოჩნდა, რომ "ფიორენტინას" ფორვარდ ჯუზეპე როსის გოლები ყოველ 94 წუთში გააქვს. ამ სეზონში მის ანგარიშზე (ყველა ტურნირის გათვალისწინებით) 5 გოლია (4 სერია A-ში, ერთიც ევროპალიგაში). გოლების სიხშირით როსი უსწრებს გონსალო იგუაინს (გოლი ყოველ 106 წუთში), კარლოს ტევესსა (139) და მარიო ბალოტელის (161).

* ფედერიკო ბალცარეტის ("რომა") სერია A-ში გოლი არ ჰქონდა გატანილი 2011 წლის აპრილის მერე ("პალერმო"-"ნაპოლი" 2:1. მაშინ ბალცარეტი "პალერმოს" ღირსებას იცავდა).

* "რომას" მიერ პირველ 4 ტურში გატანილი 10 გოლიდან ყველა მეორე ტაიმზე მოდის.

* აქამდე სერია A-ს ყველაზე უიღბლო დებიუტანტი, რომელსაც 4 ტურის შემდეგ 1 ქულაც არ ჰქონდა, "ტრევიზო" იყო (2005/06).

* "სასუოლოსთან" 7:0 "ინტერის" ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული საგარეო შეხვედრაა სერია A-ს ეგიდით. აქამდე იტალიის მთავარ ლიგაში ანალოგიური გასვლითი შოუ მოაწყვეს "იუვენტუსმა" ("პრო პატრიასთან", 1950 წლის 10 სექტემბერს) და "უდინეზემ" ("პალერმოსთან", 2011 წლის 27 თებერვალს). რეკორდი კი ეკუთვნით "მილანს", რომელმაც 1955 წელს "ჯენოას" 8:0 მოუგო და "პადოვას" - 1949 წელს, "ვენეციასთან".

* "ინტერმა" სერია A-ში 2700-ე (1339 მოგება, 757 ფრე, 604 წაგება, ბურთები - 4539:2793) მატჩი ჩაატარა. ის იტალიის ერთადერთი კლუბია, რომელსაც მთავარი ლიგის არც ერთი სეზონი არ გაუცდენია.

* 2002/03 წლების სეზონის შემდეგ "ინტერი" გახდა პირველი გუნდი სერია A-ში, რომელმაც სასტარტო 4 ტურში 13 გოლი გაიტანა. ხსენებულ სეზონში ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა "მილანსაც".

* "უდინეზეს" ფორვარდმა მაიკოსუელმა მიმდინარე სეზონის უსწრაფესი გოლი გაიტანა - მას სულ 150 წამი დასჭირდა იმ "კიევოს" კარის დასალაშქრად, რომელთანაც უდინელებს სტუმრად 2006 წლის მერე არ ჰქონდათ წაგებული.

* "ვერონამ" "იუვენტუსთან" საგარეო შეხვედრებში (სერია A და B) ზედიზედ მე-9 მარცხი იწვნია, მოყოლებული 1988 წლის 14 თებერვლიდან (0:0).

* ყველა ტურნირის ჩათვლით, "ფიორენტინამ" ზედიზედ 7 საგარეო შეხვედრა მოიგო. მანუელ პასკუალიმ ფლორენციელთა მაისურით 243-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით "იების" ლეგენდა გაბრიელ ბატისტუტას გაუტოლდა.

* "ატალანტას" მწვრთნელ სტეფანო კოლანტუონოს უშუალო დაპირისპირებებში არასოდეს დაუმარცხებია "ფიორენტინას" თავკაცი ვინჩენცო მონტელა ("ფიორენტინამდე" "რომასა" და "კატანიაში" მუშაობდა) - 1 ფრე, 5 წაგება.

* "სამპდორიამ" სერია A-ს ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (მაისში, "იუვენტუსთან"). "კალიარი" არ დამარცხებულა "სამპდორიასთან" ბოლო 10 დაპირისპირებაში (შინ და გარეთ).

* ალესიო ჩერჩიმ ("ტორინო") სერია A-ს ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა. "ბოლონიასთან" გამარჯვებით "ტორინომ" დაასრულა 9-მატჩიანი მოუგებელი საგარეო სერია - 3 ფრე, 6 მარცხი 20 იანვრიდან 23 სექტემბრამდე. ამას გარდა, "ტორინოს" ბოლონიაში 1980 წლის მერე არ ჰქონდა მოგებული.

* "პარმას" არასოდეს მოუგია "კატანიასთან" გასვლითი მატჩი - 8 ფრე და 8 მარცხი, ყველა ტურნირის ჩათვლით. პლუს ამას, "პარმას" "კატანიასთან" ბოლო 10 დაპირისპირებიდან 7-ში გოლი არ გაუტანია. თავად პარმელთა მწვრთნელ რობერტო დონადონისაც, როგორც მწვრთნელს, ჯერაც არ გაუმარჯვია "კატანიაში" - მხოლოდ 2 ქულა 6 მატჩში.

* "ჯენოამ" და "ლივორნომ" სერია A-ს ეგიდით ჩატარებულ 11 ურთიერთდაპირისპირებაში მე-9 ფრე ითამაშეს (პლუს თითო მოგება აქეთ-იქით). თავის მხრივ, "ლივორნომ" ბოლო 13 საგარეო მატჩში (სერია A და B) მხოლოდ 1 მარცხი იწვნია - 5 მოგება, 7 ფრე.

ბომბარდირები: 4 - ჰამშიკი (ნაპოლი), ჯ. როსი (ფიორენტინა); 3 - კალიეხონი (ნაპოლი), ჩერჩი (ტორინო), პაულინიო (ლივორნო), პალასიო (ინტერი), ტევესი (იუვენტუსი), ვიდალი (იუვენტუსი), ბალოტელი (მილანი), იგუაინი (ნაპოლი).

ასისტენტები: 3 - ბონუჩი (იუვენტუსი), ტოტი (რომა); 2 - რ. ალვარესი (ინტერი), ჩიგარინი (ატალანტა), გუარინი (ინტერი), იმობილე (ტორინო), მურუ (კალიარი), პიანიჩი (რომა), პოგბა (იუვენტუსი), ვიდალი (იუვენტუსი), სუნიგა (ნაპოლი).

მომდევნო ტური
24 სექტემბერი
უდინეზე-ჯენოა 22:45
დისკვალიფიკაცია: მარკეზე, მანფრედინი (ჯენ)
ტრავმა: დომიცი, ბრკიჩი, პინცი (უდი); ანტონელი, კუცკა (ჯენ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +13=10-15 (62-57)

25 სექტემბერი
ბოლონია-მილანი
კიევო-იუვენტუსი
ლაციო-კატანია
ლივორნო-კალიარი
ნაპოლი-სასუოლო
პარმა-ატალანტა
სამპდორია-რომა
ტორინო-ვერონა

26 სექტემბერი
ინტერი-ფიორენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. IV ტური: რა დროს ღრუბლებში ფრენაა?! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბალოტელის საქციელმა მუდამ გაწონასწორებული მასიმო ალეგრიც კი გამოიყვანა წყობიდან. "მილანის" თავკაცი ყოველთვის ცდილობდა, მარიოს სიგიჟეები რამენაირად გაემართლებინა, მაგრამ კვირას თავი ვეღარ შეიკავა და პირდაპირ განაცხადა - ბოლოს და ბოლოს, ამ ბიჭმა უნდა მოკეტოსო!--------------------------------------------------------------------------------------------------აბა სიტი გიჟი კი არ იყო ეგ შარი რო მოიცილა
giorgi
20:56 24-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული