იტალია. სერია A. VI ტურის შეჯამება და სიმბოლური: "რომას" დაუჯერებელი მისია

AutoSharing Option
ისევ "იუვე", ისევ მსაჯები
ტურინული დერბი ისევ "იუვენტუსმა" მოიგო და ისევე, როგორც წინა ტურში, ამჯერადაც აქტუალური მსაჯობის თემაა.

შეგახსენებთ, შუა კვირაში "ვეკია სენიორამ" "კიევო" დაამარცხა და მაშინ ვერონელთა ფორვარდ ალბერტო პალოსკის წესების დაცვით გატანილი ბურთი არ ჩაუთვალეს. მაშინ "იუვეს" კრიტიკოსებმა ბევრი ივიშვიშეს და წარმოიდგინეთ, რა ამბავს ატეხდნენ პოლ პოგბას მიერ ტურინულ დერბიში წესების დარღვევით გატანილი გოლის ჩათვლის შემდეგ...

დიახ, ფრანგმა მას შემდეგ შეარხია მეტოქის კარის ბადე, რაც კარლოს ტევესმა თამაშგარე მდგომარეობიდან ბურთი ძელს გაარტყა - მოკლედ, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო,
თუმცა არბიტრებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს.

ამ ყველაფერს ტურინული გრანდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე თავის "ტვიტერზე" გამოეხმაურა:

"სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ "იუვენტუსს" სკუდეტოს მოპოვებაში ეხმარებიან. მგონი, ბევრს დაავიწყდა, რომ ბოლო წლებში ყველაზე მეტად სწორედ "იუვე" დაიჩაგრა და ამაზე ჩამორთმეული ტიტულები მეტყველებს.

მსაჯები ცდებიან და თუ კარგად დააკვირდებით, ხშირად ჩვენს საწინააღმდეგოდ".


"ტვიტერზე" თავისი პოზიცია ტევესმაც დააფიქსირა და დაახლოებით იგივე თქვა, რაც კონტემ. ამასთან, დალურჯებული ფეხის ფოტო განათავსა და დასძინა, ჩირო იმობილეს ამ ვანდალიზმისთვის წითელი ბარათი უნდა მიეღოო.

ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ...
"რომამ" საწყისი ექვსი მატჩიდან ექვსივე მოიგო, ასეთი რამ კი კლუბის მდიდარ ისტორიას არ ახსოვს. ბრავო რუდი გარსიას, რომელმაც მალე დაატყო ხელი გუნდს და შედეგიც ჯერჯერობით აჭარბებს მოლოდინს.

ფეხბურთელები იმდენად კარგად არიან შეთამაშებულნი და გუნდიც იმდენად ჰარმონიულად ირჯება, თითქოს გარსიას შეგირდები აქამდე წლების განმავლობაში მიჰყავდა.

და მაინც, საფეხბურთო ექსპერტები, ჟურნალისტები და უბრალო გულშემატკივრები მეტწილად სკეპტიკურად არიან განწყობილნი და არ სჯერათ, რომ ამ "რომას" სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია. ვეტერანი ფეხბურთელებიც ხშირად იმეორებენ: რომაელთა ზეობა დროებითია და რუდი გარსიას გუნდი ჩავარდნას ან, გნებავთ, კრიზისს ვერ ასცდებაო.

ამ თემაზე კომენტარი "ჯალოროსის" ლეგენდამ ბრუნო კონტიმ გააკეთა:

"აღფრთოვანებული ვარ იმ სამუშაოთი, რაც რუდი გარსიამ მოკლე დროში გასწია და ვფიქრობ, რომ გუნდის პროგრესი ლოგიკური და ბუნებრივია.

ვფიქრობ, "ჯალოროსის" შეუძლია უმაღლესი მიზნებისთვის, მათ შორის, სკუდეტოსთვის ბრძოლა. ვიცი, ეს ბევრს უტოპიად მიაჩნია, მაგრამ პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

ცალკე აღნიშვნის ღირსია ფრანჩესკო ტოტის დიდებული თამაში - სეზონის დაწყებიდან ბევრი არაფერია გასული, ლეგენდარულ კაპიტანს კი უკვე ექვსი საგოლე პასი მოუგროვდა.

სლოვენიელი მარადონა და რეკორდსმენი აბიატი
ვალტერ ბირსამ გასული სეზონი "ჯენოას" რეზერვში გაატარა და მისმა "მილანში" გადაბარგებამ ბევრი გააკვირვა. ჟურნალისტებმა ახალგაზრდა სლოვენიელის განათხოვრება ივარაუდეს, მაგრამ მასიმილიანო ალეგრიმ მისი გაშვება არ მოისურვა - სწორადაც მოიქცა, რადგან წამყვან ფეხბურთელთა ტრავმების ფონზე, ბირსამ "მილანს" უკვე გაუწია დიდი სამსახური.

ლომბარდიელებმა "სამპდორია" ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს, ეს გოლი კი ბირსამ გაიტანა. ამასთან, ვალტერმა ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა და იტალიელმა ჟურნალისტებმაც მყისვე გაარკვიეს, რომ თურმე ბირსას სამშობლოში სლოვენიელ მარადონას ეძახდნენ.

ამასობაში კრისტიან აბიატი რეკორდსმენი გახდა - "მილანის" კარში მასზე მეტჯერ არავინ მდგარა და ეს უდავოდ გამორჩეული მოვლენაა.

კრისტიანმა აღნიშნულ ფაქტზე მოკლე კომენტარი გააკეთა:

"სიმართლე გითხრათ, ასეთი ამაყი იშვიათად ვყოფილვარ - აქამდე სტატისტიკას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ იყო "მილანის" რეკორდსმენი მეკარეთა შორის, განუმეორებელი შეგრძნებაა.

იმედია, კიდევ ბევრ შეხვედრას ჩავატარებ "როსონერის" შემადგენლობაში".

დაუგეგმავი გაჩერება
"ინტერმა", "ფიორენტინამ" და "ლაციომ" მეტოქეებს ქულები გაუყვეს, რითაც აშკარად გაანაწყენეს გულშემატკივრები. "ნერაძური" "კალიარის" ეპაექრა, იგებდა შეხვედრას, მაგრამ ფრეს დასჯერდა, 1:1.

ამჯერად ვალტერ მაცარის გათვლებმა არ გაამართლა - მეტიც, ჟურნალისტებმა მილანური გრანდის მწვრთნელი უდროო ექსპერიმენტებისთვის გააკრიტიკეს. მართლაც, მაცარიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ძირითად შემადგენლობაში როლანდო, პერეირა და იცხაკ ბელფოდილი გაამწესა. ეს უკანასკნელი სულაც ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი იყო.

სამივემ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და გაჩნდა ეჭვი, რომ მიმდინარე სეზონში "ინტერის" მთავარი პრობლემა მოკლე სათადარიგო სკამი იქნება. ანუ მაცარის როტაცია არ გამოსდის და ვნახოთ, რა გამოსავალს მოძებნის...

"ფიორენტინას" თავს ცუდი ამბებია: გუნდმა კიდევ ერთხელ წაიფორხილა და "პარმას" ქულები გაუყო, ჯუზეპე როსიმ კი ტრავმა მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა. მოკლედ, ფლორენციელებმა რიხით დაიწყეს, რასაც პატარა ჩავარდნა, მარიო გომესის და ჯუზეპე როსის ტრავმები მოჰყვა. უკვე ითქვა, რომ ჯუზეპე მინიმუმ ორ კვირას იუქმებს.

ქულები დაკარგა "ლაციომაც" და თანაც მას შემდეგ, რაც "სასუოლოს" ორი ბურთის სხვაობით უგებდა. პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ვლადიმირ პეტკოვიჩის სკამს წყალი შეუდგა, თუმცა ამაზე ჯერ მაინც ჩუმად და მოკრძალებით საუბრობენ.

სამაგიეროდ, ომახიანად გაიძახიან სილვიო პიოლის "ბოლონიას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რომელსაც სავარაუდოდ ვალტერ ძენგა ჩაანაცვლებს. შეგახსენებთ, რომ პიოლის "ბოლონია" "რომასთან" გაცამტვერდა.

აი, ვის გამოსდის როტაცია...
თუ ვალტერ მაცარის როტაცია ქულების დაკარგვად დაუჯდა, სრულიად სხვა ვითარებაა "ნაპოლის" შემთხვევაში. რაფაელ ბენიტესმა აქამდე ათვალწუნებული გორან პანდევი ძირითადში გაამწესა და ამ უკანასკნელმაც დუბლი მიითვალა აქტივში.

ნამატჩევს გორანი მწვრთნელს ემადლიერებოდა, მწვრთნელი კი გორანს - ამ სიამტკბილობას მარეკ ჰამშიკი შეუერთდა და განაცხადა, პანდევი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მისი ყოველთვის გვჯეროდაო.

რაფა მართლაც დიდ ფუფუნებაშია, მის გუნდში იცხაკ ბელფოდილის ადგილი ნამდვილად არ არის.

ციფრები და ფაქტები
*"ტორინოს" ტურინულ დერბიში 1995 წლის შემდეგ არ მოუგია.
* "ტორინოს" ტურინულ დერბიში 2002 წლის თებერვლის შემდეგ გოლი არ გაუტანია.
* "ტორინოს" საკუთარ მოედანზე ბოლო 8 მატჩი არ მოუგია.
* "რომამ" მიჯრით 6 სასტარტო მატჩი მოიგო და გაუშვა მხოლოდ 1 გოლი, გაიმეორა რა "ინტერის" 1967 წლის რეკორდი.
* მიმდინარე სეზონში "რომამ" პირველად გაიტანა გოლი პირველ ტაიმში.
* "ნაპოლიმ" სერია A-ს ბოლო 16 შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლი გაიტანა. ასეთი რამ ბოლოს 1975 წელს მოხდა.
* მიმდინარე სეზონში "ჯენოას" საშინაო მატჩი არ მოუგია.
* კრისტიან აბიატიმ 331-ე მატჩი გამართა "მილანის" შემადგენლობაში, სებასტიანო როსის გადაასწრო და ჩატარებული თამაშების მიხედვით, გუნდის რეკორდსმენი გახდა.
* "კალიარიმ" მიჯრით მე-4 მატჩი დაასრულა ფრედ.
* "ინტერი" ერთადერთი გუნდია სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, რომელსაც პირველ ტაიმში გოლი არ აქვს გაშვებული.
* "ლაციომ" პირველი მატჩი დაასრულა ფრედ 28 აპრილის შემდეგ.
* 2013 წელს "ლაციომ" მხოლოდ 1 მატჩი მოიგო გასვლაზე.
* ესეკილ სკელოტომ მე-100 მატჩი გამართა სერია A-ში და პირველი გოლი გაიტანა "სასუოლოში".
* "ვერონას" საკუთარ მოედანზე 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
* ხუან იტურბემ "ჯენოადან" და იაროსლავ პლაშილმა "კატანიადან", პირველი გოლი გაიტანეს სერია A-ში.
* "უდინეზეს" ბერგამოში 2006 წლის შემდეგ არ მოუგია.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. VI ტური: "რომა" დაფრინავს [VIDEO]
გოტფრიდ ლენცის რეპორტაჟი ტურინიდან: სინიორე, სინიორი...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული