20 წლის თავდამსხმელმა ვარჯიშზე ტრავმა გაიმიზეზა და როგორც ექიმები აცხადებენ, დაახლოებით ერთი თვის გამოტოვება მოუწევს.
მოკლედ, "პატარა ფარაონი" უქმადაა და ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვისაც დიდი დრო აქვს. ქვემოთ სტეფანის მოკლე ინტერვიუს გაეცნობით, რომელიც "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის პაექრობამდეა ჩაწერილი...
- ამბობენ, რომ კიდევ ერთი თვე მკურნალობა მოგიწევთ...
- ვერ ვიჯერებ, რომ ეს ამბავი ჩემ თავს ხდება, მაგრამ რეალობას თვალი უნ
- მით უმეტეს, "მილანს" შეტევაში აშკარად უჭირს...
- სეზონის დასაწყისია და გუნდს ყველა რგოლში თანაბრად აქვს პრობლემები. ეს ჩვეულებრივი ამბავია და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ვითარება მალე გამოსწორდება. იტალიის ჩემპიონატში კიდევ უამრავი მატჩი უნდა ჩავატაროთ, ჩემპიონთა ლიგაზე კი ისედაც კარგად მივდივართ. "სელტიკთან" მძიმე ბრძოლა იყო, მაგრამ მთავარია, რომ სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში.
- რისი მიღწევა შეუძლია ამ "მილანს"?
- გასულ სეზონში მაღალ დონეზე ვითამაშეთ და დიდი მიზნების მისაღწევად მხოლოდ გამოცდილება დაგვაკლდა. გახსოვთ, ალბათ, ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" ორი ბურთის სხვაობით მოვუგეთ, განმეორებით შეხვედრაში კი კონცენტრაცია დავკარგეთ.
დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში ასეთი რამ, უბრალოდ, აღარ მოხდება. "მილანი" გაცილებით ძლიერია, ვიდრე წინა წლებში და ამაში მალე დარწმუნდებით.
- მიმდინარე სეზონში "მილანმა" არაერთი მატჩი გადაარჩინა ბოლო წუთებზე. რას უნდა მივაწეროთ ეს?
- ბევრი უკმაყოფილოა, რომ "მილანი" გოლებს დამატებულ წუთებზე იტანს, მაგრამ მათ ვერაფრით ვანუგეშებ. როდესაც ვაგებთ, თითქოს ძალა გვემატება და ბოლო წუთებზე საკუთარ თავზე მაღლა ვხტებით. ვგონებ, ეს "მილანის" კოდშია ჩადებული, გამარჯვებული მენტალიტეტის გუნდებს ეს ახასიათებთ.
- მარიო ბალოტელი ისევ აჰყვა ნერვებს და ისევ მიიღო დისკვალიფიკაცია...
- ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მარიო აბსოლუტურად მართალი იყო. სულაც არ მსურს, ამ ფრაზით ბალოტელი წავახალისო, მაგრამ ფაქტია, რომ ნეაპოლელები მას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფეხებში ურტყამდნენ. მარიოც ადამიანია და ერთ ეპიზოდში თავი ვერ შეიკავა. ვფიქრობ, ფედერკალჩოს ბალოტელისთვის დისკვალიფიკაცია არ უნდა გამოეწერა.
- ალბათ, ერთი სული გაქვთ, როდის ითამაშებთ კაკასთან ერთად...
- რიკარდოს უკვე დავუმეგობრდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბრწყინვალე პიროვნებაა. საინტერესო ამბები მომიყვა იმ "მილანზე", რომელმაც ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. კაკა დიდი ჩემპიონია და მასთან ერთად თამაში უდიდესი პატივია.
- კაკა-ელ შაარავი-ბალოტელის ტრიოზე უკვე ბევრს საუბრობენ...
- მიუმატეთ რობინიო და ალესანდრო მატრი, ხუთეული ხომ უფრო კარგად ჟღერს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებებს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. არც ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა დავივიწყოთ, რომლებმაც ჩვენ არყოფნაში დიდი სამუშაო შეასრულეს - თუნდაც ვალტერ ბირსა. კინაღამ გამომრჩა, მოუთმენლად ველოდებით ჯამპაოლო პაცინის დაბრუნებას.
- სერია A-ს მიმდინარე გათამაშება მოულოდნელობებით დაიწყო...
- არავინ ელოდა, რომ "რომა" და "ინტერი" სატურნირო ცხრილის სათავეში იქნებოდნენ, ჩვენ კი შუაგულში ვიქნებოდით გაჭედილი. თუმცა, მთელი პირველობა წინაა და ვითარება კიდევ ბევრჯერ შეიცვლება. ზოგადად, საინტერესო ჩემპიონატი გველის, შედეგების პროგნოზირება კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
- მიმდინარე სეზონი თქვენთვის, ალბათ, განსაკუთრებულია, რადგან წინ მსოფლიოს ჩემპიონატია...
- ნამდვილად ასეა და, ალბათ, სეზონის მეორე ნახევრიდან ბევრი მოუფრთხილდება ფეხებს. ბრძოლაში შესვლას არასდროს მოვრიდებივარ და არც ამ სეზონში მოვერიდები, თუმცა მუნდიალი რომ უმთავრესი საფეხბურთო მოვლენაა, ეს ცხადზე უცხადესია. ჩემი ოცნებაა, რომ ბრაზილიაში იტალიის ნაკრების ღირსება დავიცვა. წარმოიდგინეთ, ლეო მესის ტრავმა სეზონის მიწურულს რომ მიეღო, რა ამბავი ატყდებოდა...
- მესის რომ ტრავმა სეზონის ბოლოს მიეღო, "სკუადრა აძურას" ერთ-ერთი კონკურენტი მნიშვნელოვნად შესუსტდებოდა...
- პროვოკაციაზე ვერ წამომაგებთ. ლეოს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ფეხბურთელს, მხოლოდ ჯანმრთელობას და კარგ ფორმაში ყოფნას ვუსურვებ. მუნდიალზე პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ, დანარჩენი კი მოედნებზე გამოჩნდება. დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"