რიკარდო კაკა "მილანს" უბრუნდება

AutoSharing Option
იტალიური სპორტული პრესა სანაკრებო ბატალიებზეა გადართული, მაგრამ აქა-იქ საინტერესო საკლუბო ცნობებიც ვრცელდება. ორი ასეთი ინფორმაცია "მილანს" და კერძოდ, სერია A-ს მომდევნო ტურში დაგეგმილ "მილანი"-"უდინეზეს" მატჩს ეხება.

გახსოვთ, ალბათ, ქომაგთა რასისტული შეძახილების გამო "როსონერი" სადისციპლინო კომიტეტმა დასაჯა და გარდა ფინანსური სანქციისა, გუნდს მომდევნო საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარება მიუსაჯა.

ამ ამბავს იტალიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა - "მილანს" სერია A-ს სხვა გუნდების გულშემატკივრებმა აუბეს მხარი და დაიმუქრნენ: თუ ლომბარდიულ გრანდს სანქცია არ მოეხსნება, ყველა სტადიონზე რასიზმი იფეთქებს და დაე, მომდევნო ტურში
უკლებლივ ყველა მატჩი ცარიელი ტრიუბუნების ფონზე ჩატარდესო.

მოკლედ, პროტესტმა შედეგი გამოიღო და სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილება შეცვალა - "მილანი" "უდინეზეს" გულშემატკივრებით დახვდება.

ამ თემაზე მოკლე კომენტარი კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გააკეთა:

"სადისციპლინო კომიტეტმა ზეწოლას ვერ გაუძლო და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო. მადლობა ყველას, ვინც სოლიდარობა გამოგვიცხადა და ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ შედეგს.

აქ საქმე ერთ კონკრეტულ შეხვედრაში არაა, ბოლო-ბოლო, ჩავატარებდით "უდინეზესთან" მატჩს ცარიელი ტრიბუნების ფონზე, მაგრამ არ შეიძლება უსამართლობამ იზეიმოს. რამდენიმე ადამიანის გამო 50 000 გულშემატკივარი არ უნდა დაისაჯოს".

"მილანთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ცნობა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, "უდინეზესთან" შეხვედრაში შესაძლოა რიკარდო კაკამ იასპარეზოს.

ბრაზილიელი შემტევი გამოჯანმრთელდა, მალე სრული დატვირთვით ივარჯიშებს და შაბათის შეხვედრაში 15-20 წუთით თამაში შეეძლება. თუმცა, შესაძლოა, "მილანის" მწვრთნელებმა არ გარისკონ და კაკა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" პაექრობისთვის შემოინახონ.

თავად კაკამ "გაძეტა დელო სპორტს" მოკლე კომენტარი მისცა და განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ რიკიმ ტრავმა სეზონის სტარტზე მიიღო და თავისივე გადაწყვეტილებით, გამოჯანმრთელებამდე ხელფასს არ იღებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კაკამ ადრიანო გალიანი აღაფრთოვანა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული