სტეფან ელ შაარავი: "ბარსასთვის" მზად ვიქნები

AutoSharing Option
სტეფან ელ შაარავი კვლავაც ლაზარეთშია და სარეაბილიტაციო კურსს გადის. "პატარა ფარაონმა" ტრავმა სექტემბრის ბოლოს მიიღო და მაშინვე ითქვა, რომ მინიმუმ ერთი თვე უქმობა მოუწევდა. ელ შაარავის "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი აქტუალურ თემებზე გაესაუბრა...

დაბრუნება...
როგორც ექიმებმა მითხრეს, სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს და ნოემბრის დასაწყისში სრულ მზადყოფნაში ვიქნები. რაც მთავარია, მე თვითონ ვგრძნობ თავს კარგად და ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები მოედანს.

6 ნოემბერს "ბარსელონასთან" გვიწევს თამაში და წესით, ამ შეხვედრაში მეც უნდა მივიღო მონაწილეობა. აქვე მინდა გულშემატკივრებს გადავუხადო უდიდესი მადლობა,
რომლებიც მუდმივად გვერდში მიდგანან და მამხნევებენ. სოციალური ქსელის საშუალებით უამრავ შეტყობინებას ვიღებ, რაც ძალიან მახარებს.

მძიმე სტარტი
ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი კარგად მიდის, აი, სერია A-ში კი მართლაც მძიმე სტარტი ავიღეთ. ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ შვიდი ტურია გასული, ჩვენ კი უკვე სამჯერ დავმარცხდით. იმედია, სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა წაგვადგება და ბევრად უკეთ ავთამაშდებით.

სატურნირო ცხრილში ჩახედვაც კი არ მინდა, რადგან "მილანის" მეთორმეტე ადგილზე ხილვა მეტად უსიამოვნოა. გასულ სეზონშიც დაახლოებით ასე მოხდა, შემდეგ კი მოვუმატეთ და ჩემპიონატი ლიდერთა სამეულში დავასრულეთ. მჯერა, რომ აღმართს მალე დავადგებით - საამისოდ, ტრავმირებული ფეხბურთელების გამოჯანმრთელებაა აუცილებელი და კარგია, რომ კაკა უკვე მწყობრშია. ბრაზილიელი "როსონერის" ახალ ძალას და ენერგიას შემატებს.

კონკურენცია
საბედნიეროდ, გუნდშიც და ეროვნულ ნაკრებშიც მწვავე კონკურენციის პირობებში მიწევს ყოფნა და ეს მხოლოდ დადებითად მოქმედებს ჩემზე. მალე ჯამპაოლო პაცინი გამოჯანმრთელდება, ალესანდრო მატრიც ათამაშდება და "მილანის" ძირითადში დამკვიდრება არ იქნება იოლი.

თანაც, მასიმილიანო ალეგრი ახალ ტაქტიკას ამუშავებს, 4-3-1-2-ზე გადადის და შესაბამისად, გარემარბები ძველებურად აღარ სჭირდება. მართალია, მე სხვა არაერთ პოზიციაზე შემიძლია თამაში, მაგრამ თვითონ ალეგრის სიტყვებია, რომ ყველაზე უკეთ ფლანგზე ვირჯები.

ეს ცვლილებები არ მაშინებს, უფრო მეტი შემართებით ვარ და მჯერა, რომ საუკეთესო სეზონს ჩავატარებ. აღარაფერს ვამბობ ეროვნულ ნაკრებზე, სადაც უდიდესი კონკურენციაა - უზომოდ ამაყი ვიქნები, თუ პრანდელი ბრაზილიაში გასამგზავრებელ 23-კაციან განაცხადში შემიყვანს. თუმცა ამისთვის გუნდში წარმატებით თამაშია საჭირო და ამას კარგად ვხვდები.

სატრანსფერო ჭორები
შესაძლოა, სეზონში 8 და 10 მილიონ ევროს არ ვიღებ, მაგრამ ეს ჩემთვის არასდროს ყოფილა უმთავრესი. ბავშვობიდან "მილანის" გულშემატკივარი ვარ და ამ გუნდში თამაში უდიდესი პატივია. "როსონერიში" ბედნიერი ვარ და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს.

შესაბამისად, გავრცელებული სატრანსფერო ცნობები ჩემი ინგლისის პრემიერლიგაში შესაძლო გადაბარგების შესახებ, ჭორია და მეტი არაფერი. მე "მილანში" მსურს კარიერის გაგრძელება და აქვე დასრულება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მძიმე თვე ფეხბურთის გარეშე - ინტერვიუ სტეფან ელ შაარავისთან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული