უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, 4,9 მილიონი ევრო ჩემპიონთა ლიგის საგზურზეა გამოყოფილი, ხოლო 4,81 - ჩემპიონობაზე. სათქმელია ისიც, რომ ამ ჯილდოებს მხოლოდ ის მოთამაშეები მიიღებენ, რომელთა კონტრაქტშიც მსგავსი სახის ბონუსების სისტემა გათვალისწინებული და ჩადებულია.
ასე მაგალითად - პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, მორგან დე სანკტისი დამატებით 200 ათასს ჩაიჯიბავს, ხოლო ვასილის ტოროსიდისი ევრო-ცენტსაც ვერ მიიღებს.
ბარემ აქ ვართ და სხვა რომაულ ამბებზეც ვთქვათ ორი სიტყვა. "მგლების" ბანაკში სასიხარულოა ისიც, რომ მალე მინდორს დაუბრუნდება მატია დესტრო. როგორც "სიენას" ყოფილი თავდამსხმელის აგენტმა რენცო კონტრატომ თქვა, ფიზიკურადაც და მენტალურადაც დესტრო სათამაშოდ მზად მაქსიმუმ 10-14 დღეში იქნება, დანარჩენი კი მწვრთნელის გადასაწყვეტიაო.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონში 26 მატჩში 11 გოლი გაიტანა, რაც ურიგო შედეგი არ არის. იგი ახალგაზრდა იტალიელ ფორვარდებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიაზრება და წარმოიდგინეთ, "რომას" კიდევ დესტრო რომ დაემატება... სხვათა შორის, სიტყვა "დესტრო" იტალიურად სწორს, ნიჭიერს, ჭკვიანს და კიდევ ბევრ კარგ რამეს ნიშნავს. ხშირად იტალიელები გოლის დროსაც ყვირიან - დესტრო!
"რომას" კიდევ ერთი შემტევი, დიდი მოგზაური, რომელმაც ჯერ ვერაფრით იპოვა საიმედო და სტაბილური ნავსაყუდელი, ბედნიერია იმით, რომ გუნდში დარჩა და როგორც ჩანს, ეს ჩემი ბედი იყოო, ამბობს. მიხვდებოდით, საუბარი მარკო ბორიელოზეა, რომელიც ხანდახან სეზონში იცვლის ხოლმე ორ გუნდს.
ახლა, როდესაც ფრანჩესკო ტოტი და ჟერვინიო ტრავმირებულნი არიან, ბორიელოს მეტი სათამაშო დრო ექნება.
"მე განსხვავებული სტილის მოთამაშე ვარ. ტოტი ჩემზე მაღალი დონისაა, მაგრამ მე შემიძლია გუნდს სხვა რაღაცები შევთავაზო და ასევე, სარგებელი მოვუტანო. ვიცი, რომ თავის გამოჩენის შანსი მექნება და ამისათვის მზად ვარ. "ჯენოაში" დარჩენაზე ნამდვილად ვფიქრობდი, რადგან იქ საქმე კარგად მიმდიოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე იყო საჭირო და ახლა "რომას" სრულფასოვან და საჭირო წევრად ვთვლი თავს. ჩვენი პროგრამა-მინიმუმი ხუთეულია" - თქვა 31 წლის ბორიელომ, რომელმაც ისიც დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში მისი კონტრაქტიც გადაიხედება. ამჟამად მარკოს ხელფასი წელიწადში 4 მილიონი ევროა.
ამასობაში, მართალია, "ჯალოროსის" არცერთი თამაში არ წაუგია და 8 ტურის მერე მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული, მაგრამ გუნდის მცველს ლეანდრო კასტანს აქტიურად აკრიტიკებენ. მას ინდეფერენტულობასა და ბევრი შეცდომის დაშვებას აბრალებენ.
თუმცა თანაგუნდელს მხარში მეწყვილე მეჰდი ბენატია ამოუდგა. "უდინეზედან" მაროკოელის გადმოყვანა "რომას" ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი იყო. ალბათ, იცით, რომ მომავალ ტურში დედაქალაქელებს სწორედ უდინეში სტუმრობა და "ფრიულიზე" თამაში უწევთ, რაც ადვილი როდია.
"ხალხი არცკი ელოდება, როდის წავაგებთ და პირდაპირ გვაკრიტიკებს. ამას ფეხბურთელები შეგუებულნი ვართ, მაგრამ კრიტიკა ობიექტური უნდა იყოს. კასტანს რეალურად შეცდომა არ მოსვლია, მაგრამ მაინც ამოიჩემეს. თუმცა მწვრთნელს არ ანაღვლებს ის, თუ რას ამბობენ ჟურნალისტები, რადგან ის ხედავს იმას, რაც მინდორზე ხდება. "უდინეზესთან" შეხვედრა კი ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, მაგრამ სენტიმენტებს 90 წუთით გვერდზე გადავდებ.
უკვე ვესაუბრე ანტონიო დი ნატალეს და ვუთხარი, რომ მას ჩემ წინააღმდეგ თამაში გაუჭირდება. ვარჯიშებზე სხვანაირი ვარ და მატჩებისას სხვანაირი" - თქვა ბენატიამ.
დაბოლოს, "რომას" ლეგენდას, ჯუზეპე ჯანინის სჯერა, რომ "მგლები" ბოლომდე შეძლებენ სკუდეტოსათვის ბრძოლას და რეალურად ძალუძთ ჩემპიონობა. სამაგიეროდ, მან "ნაპოლი" ჩამოწერა.
ჯუზეპე ჯანინი: "რომა" შეუჩერებელი მატარებელივით მიიწევს წინ და ვფიქრობ, სკუდეტოსათვის ბოლომდე იბრძოლებს. მთავარი კონკურენტი "იუვენტუსი" იქნება. აი, "ნაპოლი" კი ერთი საფეხურით ქვემოთ არის, რადგან ნეაპოლელებს დაცვაში აქვთ მთავარი პრობლემები. ველოდები იმასაც, რომ "მილანი" მოუმატებს და სიმართლე ითქვას, ვთვლი, რომ "როსონერის" სეზონს სამეულში დაასრულებს".
გიორგი კაკაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დანიელე დე როსი: სკუდეტო? აბსურდია!