10. ლუკა ტონი (ვერონა)
ზაფხულში 36 წლის ლუკა ტონის ბევრმა კარიერის დასრულებაც კი ურჩია, მაგრამ ფეხბურთელმა თავისი გაიტანა და სერია A-ში აღზევებულ "ვერონას" შეუერთდა. ლუკამ თავისი გუნდი იპოვა, გოლების გატანა დაიწყო და ვენეტოელთა წარმატებულ ასპარეზობაში დიდი წვლილი შეაქვს. ტონის 9 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და მოედანზე კოლოსალურ სამუშაოს ასრულებს. ტონის მუნდიალზე
9. ჟერვინიო (რომა)
"რომას" ბრწყინვალე ასპარეზობის შესახებ ბევრი ითქვა და კიდევ უფრო მეტი დაიწერა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუდი გარსიას ახალწვეულებშიც უმართლებს - კევინ სტროტმანს თავიდან ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ბოლო ხანს მკვეთრად მოუმატა და ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი.
აი, ჟერვინიო კი ნამდვილი აღმოჩენაა, კოტდივუარელი იდეალურად შეეწყო ახალ გუნდს და ფრანჩესკო ტოტისთან ერთად, უძლიერესი შემტევი ტანდემი შექმნა. მართალია, "რომა" ტრიოთი უტევს, მაგრამ მეორე გარემარბი, ალესანდრო ფლორენცი უფრო მეტად შუახაზელთა დახმარებაზეა ორიენტირებული. ჟერვინიოს ანგარიშზე 3 გოლი და არაერთი საგოლე გადაცემაა.
8. ბორხა ვალერო (ფიორენტინა)
ბორხა ვალერომ აშკარად თავისი გუნდი და თავისი მწვრთნელი იპოვა. მეორე სეზონია, ესპანელი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. მიმდინარე სეზონში ვინჩენცო მონტელამ მას რამდენჯერმე შეუცვალა პოზიცია და ხან საყრდენად ათამაშა, ხან გამთამაშებლად და ხანაც ფლანგზე. ბორხა ყველგან ძლიერია და ყველგან აკეთებს იმ საქმეს, რასაც მწვრთნელი ავალებს.
ჯერჯერობით ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი არ სწყალობს, თუმცა იმედოვნებს, რომ შანსი მასაც მიეცემა.
7. როდრიგო პალასიო (ინტერი)
როდრიგო პალასიო "ინტერის" ლიდერად და მთავარ დამრტყმელ ძალად ყალიბდება. ის, რომ "ნერაძურიმ" სეზონი კარგად დაიწყო და მაღალი ადგილებისთვის იბრძვის, დიდწილად არგენტინელი თავდამსხმელის დამსახურებაა. როდრიგოს 7 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე გადაცემა გაკეთებული, ანუ "ინტერის" გოლთა თითქმის ნახევარში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული.
"როდესაც პალასიო მოედანზეა, იცი, რომ მინიმუმ ერთი გოლი გარანტირებული გაქვს" - ეს ვალტერ მაცარის სიტყვებია.
6. ალესიო ჩერჩი (ტორინო)
ალესიო ჩერჩის რეკორდი სეზონში 8 გოლია და ამ რეკორდს მიმდინარე სეზონში აუცილებლად გააუმჯობესებს. ჩერჩის უკვე აქვს 8 გოლი გატანილი და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ჯუზეპე როსის ჩამორჩება. ამასთან, ალესიო მყარად იკიდებს ფეხს იტალიის ეროვნულ ნაკრებში და თუ ასე გააგრძელა, აუცილებლად გაემგზავრება მუნდიალზე.
ჩერჩი ფლანგის ფეხბურთელია, უპრობლემოდ ატყუებს ორ-სამ მეტოქეს და არც კარში დარტყმა ეშლება. მიმდინარე სეზონში ალესიო "ტორინოს" სული და გულია.
5. კარლოს ტევესი (იუვენტუსი)
კარლოს ტევესის "იუვენტუსში" გადასვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ყველაზე მეტი ხმაური კი მისთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემამ გამოიწვია. გულშემატკივართა ნაწილმა ჩათვალა, რომ კარლიტოსი არ იყო ალესანდრო დელ პიეროს ღირსეული მემკვიდრე და მისი ნომერი არ უნდა მოერგო. ტევესმა მშვენივრად მოირგო 10-ნომრიანი ამუნიცია და შესანიშნავადაც ირჯება.
ანტონიო კონტეს როტაციები სჩვევია და უკვე მესამე სეზონია, შეტევის წინა ხაზზე მუდმივად ცვლის ფეხბურთელებს - ერთადერთი, ვისაც ეს როტაცია არ ეხება, სწორედ კარლოს ტევესია. არგენტინელის ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა და ეს მაშინ, როდესაც მოედანზე კოლოსალურ სამუშაოს ასრულებს, უკანაც ხშირად იწევს და შუახაზელებს ეხმარება.
4. მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი)
მას შემდეგ, რაც "ნაპოლი" ესეკილ ლავეციმ და ედინსონ კავანიმ დატოვეს, გუნდის უდავო ლიდერი, გული და სული სწორედ მარეკ ჰამშიკია. მიმდინარე სეზონი სლოვაკმა შემტევმა ბრწყინვალედ დაიწყო, რაზეც გატანილ გოლთა რაოდენობაც მეტყველებს. მარეკის ანგარიშზე 6 გოლია და თუ ასე გააგრძელა, ბომბარდირთა დავაში მოწინავე პოზიციას შეინარჩუნებს.
არადა, ჰამშიკი არ არის ფორვარდი და როგორც წესი, სიღრმიდან ასპარეზობს. "ნაპოლიში" ბევრი კარგი ფეხბურთელი ასპარეზობს, დაწყებული ხოსე კალეხონით, გაგრძელებული ლორენცო ინსინიეთი და დამთავრებული გონსალო იგუაინით, მაგრამ ჰამშიკი მაინც საუკეთესოა.
3. მირალემ პიანიჩი (რომა)
საუკეთესო ფეხბურთელთა დასახელებისას, ხშირად თავდამსხმელებს არჩევენ და ეს ლოგიკურია - წინა პლანზე სწორედ ფორვარდები არიან წამოწეულნი, რადგან გულშემატკივრებს ყველაზე მეტად მათი გოლები ახარებთ და მოსწონთ. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს სხვა ამპლუის ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე უდიდეს სამუშაოს ასრულებენ და მით უმეტეს მაშინ, თუ ყველა სიკეთესთან ერთად, არც გოლების ნაკლებობას უჩივიან.
ასეთი ფეხბურთელი მირალემ პიანიჩია, რომელიც ცენტრის სრული ბატონ-პატრონია და შეტევაშიც ბრწყინვალედ ერთვება. მარტო რომაულ დერბიში შესრულებული დუბლი რად ღირს და ესეც რომ არა, ბალკანელი ნამდვილად იმსახურებს ადგილს რჩეულთა შორის.
2. ჯუზეპე როსი (ფიორენტინა)
"ვილიარეალში" ასპარეზობისას ჯუზეპე როსიმ იმდენად მძიმე ტრავმა მიიღო, რომ მისი საფეხბურთო კარიერაც კი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. მთლიანობაში, თითქმის ორი წელი გაუცდა და ცოტას თუ სჯეროდა, რომ ძველებურად შეძლებდა ათამაშებას. ამად იყო, რომ სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებულ ესპანურ კლუბს გაუჭირდა ჯუზეპეს გასხვისება, რადგან მყიდველი, უბრალოდ, არ ჩანდა.
საბოლოოდ, "ფიორენტინამ" გარისკა და ამ რისკმა აშკარად გაამართლა. მიმდინარე სეზონში როსის 9 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე გადაცემა გაკეთებული. ჯუზეპე ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას და ვეჭვობთ, რომ მისი გადასწრება ურთულესი იქნება. ჯუზეპე უკვე დაბრუნდა იტალიის ნაკრებში და ჩეზარე პრანდელი მასზე უდიდეს იმედს ამყარებს.
1. ფრანჩესკო ტოტი (რომა)
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ 37 წლის ასაკში ფრანჩესკო ტოტი შეუჩერებელია და კვლავაც სასწაულებს სჩადის მინდორზე. დიახ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საზომი არა იმდენად გოლების და საგოლე პასების რაოდენობაა, რამდენადაც ის განუმეორებლობის შეგრძნება, რომელიც ამ ფეხბურთელს მუდმივად თან სდევს. საოცარი ტექნიკა, მოედნის იდეალური ხედვა, მზაკვრული პასები და ყუმბარისებური დარტყმა; ქარიზმა და ლიდერის თვისებები - ეს ყველაფერი ერთ ფეხბურთელშია და მას წლები ვერაფერს აკლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფრანჩესკო ტოტის მოედანზე დაბრუნება შესაძლოა გაჭიანურდეს