"კალჩოში" სიახლეების ქარი ქრის

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება რომ მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს, ამაზე ყველა თანხმდება. წინა პლანზე ისეთი გუნდები წამოვიდნენ, რომლებიც ბოლო დროს ვეღარ უწევდნენ კონკურენციას ბობოლებს - ლაპარაკია "რომასა" და "ფიორენტინაზე". სამაგიეროდ, ღრმა კრიზისში ჩაეფლო "მილანი" და აღარც "ლაციო" უქნია ღმერთს, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად მაღალი ადგილებისთვის იბრძოდა.

ქვემოთ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ტენდენციებზე გავამახვილებთ ყურადღებას...

კონტე კარგი მოტივატორია
სეზონის წინ ბევრს ჰქონდა ეჭვები, რომ "იუვენტუსს" მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნებოდა და ამ მოსაზრებას ნამდვილად ჰქონდა არსებობის უფლება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "ვეკია სენიორამ"
ზედიზედ ორჯერ მოიპოვა სკუდეტო, ასეთ დროს კი ფეხბურთელებს ძველებური ჟინი აღარ მოსდევთ.

ანტონიო კონტემ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი სწორედ იმაზე ზრუნვა გახლდათ, რომ ფეხბურთელებს მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ შექმნოდათ. ასეთ დროს მწვრთნელი უფრო ფსიქოლოგი ხდება და მეორე პლანზე გადადის სხვადასხვა ტაქტიკური სქემა და სტრატეგია.

კონტემ ისიც აღნიშნა, რომ ახალი ფეხბურთელების გადაბირებას ამ საქმეში ლომის წილი უნდა შეეტანა - თქმა არ სჭირდება, რომ "იუვეს" კარლოს ტევესმა, ფერნანდო ლორენტემ და ანჯელო ოგბონამ ახალი ენერგია შემატეს. მოკლედ, კონტე არა მარტო კარგი ტაქტიკოსი, კარგი ფსიქოლოგიც აღმოჩნდა.

"ნაპოლის" პრობლემა უცვლელია
ბოლო წლებში "ნაპოლის" მთავარ პრობლემად უშუალო კონკურენტებთან წარუმატებელი თამაში გახლდათ. შეგვიძლია არაერთი მაგალითი გავიხსენოთ, როგორ დაასრულა სკუდეტოსთვის ბრძოლა ვალტერ მაცარის გუნდმა კონკურენტთან ჭიდილში და თანაც, თითოეული ასეთი მატჩი უშანსოდ წააგო.

დიახ, მაშინ გუნდს ვალტერ მაცარი წვრთნიდა, რომელიც დღეს "ინტერის" თავკაცია, "ნაპოლის" კი რაფაელ ბენიტესი უდგას სათავეში. რაფა კარგად მოერგო ახალ გარემოს, სქემის შეცვლით და კარგი სატრანსფერო კამპანიით ახალი ძალა შთაბერა გუნდს, მაგრამ ჯერჯერობით ძველი პრობლემა პრობლემად რჩება.

გასულ ტურში ნეაპოლელები "იუვენტუსს" ესტუმრნენ და გამანადგურებელი ანგარიშით წააგეს, იქამდე კი "რომასაც" დაუთმეს 3 ქულა. ჩემპიონთა ლიგაზე 4-დან 3 მატჩი აქვთ მოგებული, მაგრამ ის ერთი მარცხი ლონდონის "არსენალთან" სწორედ ზემოთქმულთა კატეგორიიდან გახლდათ და შეიძლება ნეაპოლურ გუნდს ძვირად დაუჯდეს. მოკლედ, ჯერჯერობით ვერც ბენიტესის "ნაპოლი" ბრწყინავს გრანდებთან პაექრობაში.

ტოტიზე ჩამოკიდებულნი
ჩემპიონატში "რომამ" ოთხი მატჩი გამართა ფრანჩესკო ტოტის გარეშე და ვერც ერთში ვერ გაიტანა ერთ გოლზე მეტი. რუდი გარსია მყისვე ალაპარაკდა, რომ კაპიტნის გარეშე გუნდს შეტევაში ძალიან უჭირს. არადა, ტოტისთან ერთად, "ჯალოროსი" შეუჩერებელი გახლდათ და დიდწილად, სწორედ მისი წყალობით გამოცხვა გამარჯვებათა ფანტასტიკური სერია. მოკლედ, "რომაში" თაობები იცვლებიან, გუნდის ლიდერად და მთავარ დამრტყმელ ძალად კი კვლავაც ფრანჩესკო ტოტი გვევლინება.

ახალი ინფორმაციის თანახმად, ტოტის კიდევ დაახლოებით სამ კვირას მოუწევს უქმობა და მოედანს დეკემბერში დაუბრუნდება. "რომა"-"სასუოლოს" შეხვედრაში მასპინძელთა ქომაგებმა დიდი ბანერი გამოფინეს, ბანალური, მაგრამ მრავლისმთქმელი შინაარსით: "არ არის ტოტი, არ არის შოუ".

მაცარის ფენომენი
ზემოთ ვახსენეთ, რომ ვალტერ მაცარის "ნაპოლის" პრობლემა უშუალო კონკურენტებთან მატჩები გახლდათ, მაგრამ მთლიანობაში, ამ მწვრთნელის ღვაწლი ნეაპოლური გუნდისთვის განუზომელია. მაცარიმ უდიდესი სასელექციო სამუშაო გასწია და მოკლე დროში "ნაპოლი" საფეხბურთო პერიფერიიდან ელიტაში აიყვანა.

იტალიაში ამბობენ, რომ სენიორ ვალტერს ძალუძს, არაფრისგან გააკეთოს დიდი გუნდი და ჯერჯერობით ეს თეზისი იდეალურად მიესადაგება მის "ინტერში" მოღვაწეობას. მაცარის მილანში არცთუ ვარსკვლავური შემადგენლობა დახვდა - მეტიც, ალბათ ასეთი არავარსკვლავური შემადგენლობა "ნერაძურის" ბოლო 20 წელში არც ჰყოლია.

ბევრმა ახალ მწვრთნელს სრული კრახი უწინასწარმეტყველა, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ხდება - "ინტერი" მყარად დგას ფეხზე, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილშია, მაღალი ადგილებისთვის იბრძვის და რაც მთავარია, ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს. მაცარიმ იცის, როგორ შექმნას მაღალი ადგილებისთვის მებრძოლი გუნდი არაფრისგან.

მონტელა მაესტროთა კვალზე
იტალიური სამწვრთნელო სკოლა მსოფლიო მასშტაბით განთქმულია და დღესაც არ კარგავს პოზიციებს. ამ სკოლის გამორჩეულ წარმომადგენლებს აპენინებზე მაესტროს უწოდებენ და მაგალითისთვის რამდენიმე გვარის დასახელებაც კმარა: ჯოვანი ტრაპატონი, მარჩელო ლიპი, ფაბიო კაპელო, არიგო საკი...

მოკლედ, ბობოლა მწვრთნელების ნაკლებობას კალჩო არასდროს უჩიოდა და როგორც ჩანს, ეს ტენდენცია გაგრძელდება.

ამასთან, უკვე თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ბობოლათა შორის იქნება ვინჩენცო მონტელა, მწვრთნელი, რომელიც "ფიორენტინაში" ბრწყინვალედ მუშაობს. ლიდერის თვისებები, შესანიშნავი საკადრო პოლიტიკა, ტაქტიკური განსწავლულობა და ბევრი სხვა თვისება, რომელიც ახალგაზრდა მწვრთნელის წარმატებულ მუშაობას განაპირობებს.

მონტელა თანაბარი წარმატებით იყენებს 3-5-2-ს და 4-3-3-ს, თამამად უცვლის პოზიციას ფეხბურთელებს და შეგირდები ყველაზე რთულ მომენტშიც შეუძლია განაწყოს საბრძოლველად, რისი მაგალითიც მიმდინარე სეზონის ყველაზე დასამახსოვრებელი პაექრობა გახლდათ, რომელშიც "ფიორენტინამ" "იუვენტუსს" 4:2 მოუგო.

გალიანის მძიმე დროება
"მილანი" იმდენად მძიმე ვითარებაშია, რომ საფეხბურთო იტალია გამოსავალს არა მწვრთნელის ცვლილებაში, არამედ კიდევ უფრო მაღლა ეძებს. კიდევ უფრო მაღლა ადრიანო გალიანი დგას, ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც კლუბში სილვიო ბერლუსკონის მისვლის დღიდან მუშაობს - ეს ამბავი კი, არც მეტი, არც ნაკლები, 27 წლის წინ მოხდა.

ფაქტია, რომ ბოლო წლებში გალიანის პოლიტიკა არ ამართლებს - ის მუდმივად წუწუნებს ფულზე და უშვებს ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც შემდეგ სხვა გუნდებში ბრწყინავენ.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ანდრეა პირლოა, რომელიც დღემდე "იუვენტუსის" ლიდერი და ტურინული გრანდის წარმატებების სულისჩამდგმელია; შეგვიძლია გავიხსენოთ ალბერტო აკვილანი, რომელიც "ფიორენტინას" შუა ხაზში შეუცვლელი ფიგურაა; აღარაფერს ვამბობთ ტიაგო სილვასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩზე, რადგან მათი ტრანსფერებით კლუბმა ფინანსური ხეირი მაინც ნახა. მოკლედ, გალიანის კრიზისი უკვე ტენდენციაა და ამბობენ, რომ ეს მას პოსტის დატოვებად დაუჯდება.

გვიდოლინის შემოქმედებითი კრიზისი
"უდინეზემ" ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო და საერთოდაც, ეს გუნდი აღარ გავს იმ "უდინეზეს", რომელიც ბოლო წლებში მუდმივად მაღალი ადგილებისთვის იბრძოდა და უკან იტალიური ფეხბურთის გრანდებს იტოვებდა.

ფრიულელთა ბოლოდროინდელი წარმატებების მთავარი შემოქმედი ფრანჩესკო გვიდოლინი გახლდათ, რომელმაც თავისი უცნაური ტაქტიკა-სტრატეგიებით და სწორი საკადრო პოლიტიკით გაითქვა სახელი. გვიდოლინს შეუძლია, სადღაც ჩილეს პერიფერიაში მოძებნოს ალექსის სანჩესი და ის ვარსკვლავად აქციოს - სწორედ მისი კადრებით გაიძეძგნენ იტალიური ფეხბურთის გრანდები:

"ნაპოლიში" - გეკჰან ინლერი, პაბლო არმერო და კამილო ცუნიგა ირჯებიან, "იუვენტუსში" - მაურისიო ისლა და კვადვო ასამოა, ჩემპიონატის ლიდერის, "რომას" კარს კი ასევე ექსუდინელი მორგან დე სანკტისი იცავს. მოკლედ, გვიდოლინს ყოველთვის შეეძლო მოენახა საჭირო კადრები, აერჩია სწორი ტაქტიკა-სტრატეგია და გაეოცებინა საფეხბურთო იტალია, მაგრამ მიმდინარე სეზონს სხვა პირი უჩანს... "უდინეზე" ვერ თამაშობს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა გაჭედილი, გვიდოლინს კი აშკარად შემოქმედებითი კრიზისი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული