იტალიამ იდეალურ დუეტს მიაგნო? [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, ეს იყო იტალიის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მას შემდეგ, რაც გუნდს ჩეზარე პრანდელი ჩაუდგა სათავეში. დიახ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ნიგერიასთან ფრედ დასრულებულ პაექრობას აპენინურ სპორტულ პრესაში ცალსახად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

მართალია, ეს ქება-დიდება დაცვის ცენტრს არ ეხება, მაგრამ იტალიელებს კარგად ესმით, რომ არც ანდრეა რანოკია და არც ანჯელო ოგბონა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებად არ მოიაზრებიან...

იტალიური "ტიკი-ტაკა"
ჩეზარე პრანდელიმ საწადელი აისრულა და შეტევის წინა ხაზზე ჯუზეპე როსის და მარიო ბალოტელის ტანდემი გაამწესა. მოედნის სიღრმიდან მათ
ანტონიო კანდრევა, ემანუელე ჯაკერინი, რიკარდო მონტოლივო და ტიაგო მოტა ეხმარებოდნენ.

ეს უკანასკნელი ანდრეა პირლოს პოზიციაზე გაამწესეს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. მართალია, პირლოს მსგავსად, 40-მეტრიანი გამჭოლი პასები ვერ აკეთა, მაგრამ იტალიელთა იერიშების წამომწყები სწორედ ის გახლდათ.

მთლიანობაში, "სკუადრა აძურამ" შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და "კრევინ კოტეჯზე" შეკრებილ გულშემატკივრებს არაერთხელ დასტყუა ტაში. მოკლე და სწრაფი პასები, სამსვლიანი კომბინაციები, ბურთის ბრწყინვალე კონტროლი მეტოქის პრესინგის ფონზეც კი და რაც მთავარია, მწვავე და ეფექტური იერიშები.

იტალიელებმა აურაცხელი რაოდენობის მომენტი შექმნეს ნიგერიელთა კართან და ალბათ, იმსახურებდნენ კიდეც გამარჯვებას. თავად განსაჯეთ, "სკუადრა აძურამ" მეტოქის კარის მიმართულებით 17-ჯერ დაარტყა და აქედან 11-ჯერ ბურთი კარის ჩარჩოში წავიდა. როგორც "კორიერე დელო სპორტი" წერს, ეს იყო იტალიური "ტიკი-ტაკა", რომელმაც გულშემატკივარს სიამოვნება მიანიჭა.

...მაგრამ გარღვეული დაცვა
თუ იტალიამ ასე დიდებულად ითამაშა, რატომ ვერ დაამარცხა ნიგერიის ნაკრები? - ეს კითხვა ნებისმიერს შეიძლება გასჩენოდა და ამ კითხვას აქვს თავისი პასუხი... ჩეზარე პრანდელიმ "სკუადრა აძურას" ძირითადი მცველები დაასვენა და საქმეში რეზერვისტები:
ანდრეა რანოკია და ანჯელო ოგბონა გამოსცადა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივემ ჩააგდო თამაში და სწორედ მათი ბრალია, რომ "აძურა" მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

გუნდი იგებს და გუნდი აგებს - ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ცენტრალურ მცველთა სუსტი თამაში და შესაბამისად, ბრალეულობა მაინც თვალშისაცემი გახლდათ. განსაკუთრებით ეს მაინც ოგბონაზე ითქმის, რადგან რანოკიამ რამდენიმე ეპიზოდში გამოავლინა ოსტატობა.

პირველ ტაიმში აფრიკელები ხეირიანად ორჯერ გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და ორი გოლი გაიტანეს - ორივე თავით და ორივე ცენტრალურ მცველთა შეცდომის გამო. ჩინედუ დიკემ ანდრეა რანოკიას მოუგო საჰაერო ორთაბრძოლა, შოლა ამეობიმ კი ანჯელო ოგბონას. მეორე ნახევარში ნიგერიელებმაც უხშირეს შეტევებს და სწორედ მცველთა დაბნეული ქმედებების გამო ხშირად ქმნიდნენ ხიფათს სალვატორე სირიგუს კართან.

ვერ გეტყვით, რა დასკვნები გამოიტანა ჩეზარე პრანდელიმ, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე ანდრეა ბარცალის, ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის ალტერნატივა, უბრალოდ, არ ჰყავთ.

ვინ გამოირჩა?
ცენტრალურმა მცველებმა რომ ჩააგდეს თამაში, უკვე აღვნიშნეთ და დროა, "აძურას" სხვა ფეხბურთელებზეც ვთქვათ. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ პირველ ტაიმში ტიაგო მოტამ ბრწყინვალედ შეასრულა ანდრეა პირლოს ფუნქცია და ის თამამად შეგვიძლია განვიხილოთ მაესტროს ალტერნატივად. მოტა კარგი იყო ჩაშლაშიც და შექმნაშიც, შეცდომა კი, პრაქტიკულად, არ დაუშვია.

კარგად გაისარჯა რიკარდო მონტოლივოც, ჩვეულად არიგა პასები და არც მცველთა დახმარებას თაკილობდა; აი, ანტონიო კანდრევას კი გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში... "ლაციალე" სწორხაზოვნად ირჯებოდა, ხშირად კარგავდა ბურთს და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ვერაფრით მოერგო "ფულჰემის" საშინაო არენის თავისებურ, კოლორიტულ გარემოს. კანდრევა ამოვარდნილი იყო საერთო ანსამბლიდან, თუმცა ის უდავოდ რჩება მნიშვნელოვან ფიგურად იტალიის ნაკრებისთვის.

აი, ემანუელე ჯაკერინიმ კი, ტრადიციულად, ბევრი ირბინა, ბევრი იშრომა და ჯილდოდ გოლი დაიმსახურა. პრანდელი ენდობა ემანუელეს და ნიგერიასთან მატჩის შემდეგ ეს ნდობა უთუოდ გაღრმავდებოდა. გამოვარჩიოთ მარკო პაროლოც, რომელმაც დებიუტი კარგი თამაშით აღნიშნა - გატანის ორი შანსი ჰქონდა, ართმევაზე კი შეუდარებელი იყო...

ჯუზეპე როსიმ და მარიო ბალოტელიმ კარგად გაუგეს ერთმანეთს და გამოჭედეს კიდეც პირველი გოლი - სუპერმარიომ იოლად ჩამოიცილა ერთი მეტოქე, მეკარეს პირისპირ შეჰყარა როსი და ამ უკანასკნელმაც ბურთი ბადეში გაახვია. ფორვარდები სხვა ეპიზოდებშიც გამოირჩნენ და მთლიანობაში, კარგი მატჩი ჩაატარეს.

ერთი კია, ბალოტელი ბოლო ფაზაში უღმერთოდ სცოდავდა და თამაში უგოლოდ დაასრულა მაშინ, როდესაც პოკერის შესრულება მაინც შეეძლო. უნდა შევაქოთ ალესანდრო დიამანტი, რომელმაც რამდენჯერმე სახიფათოდ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით და ერთხელ ხარიხაც შეაზანზარა. მოკლედ, ფეხბურთელთა უმეტესობამ თავი კარგად წარმოაჩინა.

ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ ჩვენმა გუნდმა მაღალ დონეზე ითამაშა. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ ამხანაგური მატჩები სწორედ ხარვეზების გამოსააშკარავებლად ტარდება. აღფრთოვანებული ვარ ჯუზეპე როსის და მარიო ბალოტელის ტანდემით - პირველად ითამაშეს ერთად და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძველი თანაგუნდელები არიან. ვფიქრობ, მათ ერთად ბევრის მიღწევა შეუძლიათ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯუზეპე როსი: იტალიის ნაკრების ღირსება დავიცავით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული