"მილანში" სენატორები ბრუნდებიან - ცოტა რამ მილანური რევოლუციის შესახებ

AutoSharing Option
არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ "მილანს" სერია A-ში ასეთი ცუდი სტარტი მას შემდეგ არ ჰქონია, რაც კლუბის სათავეში სილვიო ბერლუსკონი მივიდა. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ "როსონერის" მესვეურები სერიოზულ ცვლილებებს გეგმავენ არა მარტო გუნდში, არამედ მთლიანად კლუბში.

ამ შემთხვევაში, მესვეურებში "მილანის" მფლობელს და მთლიანად, მის ოჯახს ვგულისხმობთ.

ბოლო დროს მკვეთრად გააქტიურდა ბარბარა ბერლუსკონი, რომელიც მართვის სადავეების ხელში აღებას ცდილობს და ისიც ნათლად იკვეთება, რომ გარშემო თავის გუნდს იკრებს.

ეს არც არის გასაკვირი - ბარბარას ხალხი სჭირდება, რადგან ის ვერ შეასრულებს ადრიანო გალიანის
ფუნქციებს და ვერ გაჩარხავს ისეთ ტრანსფერებს, როგორსაც სენიორ ადრიანო ახერხებდა წლების განმავლობაში.

იტალიურ სპორტულ პრესაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ სეზონის ბოლოს ადრიანო გალიანი დატოვებს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს და პოლიტიკაში გადაინაცვლებს - მისთვის ადგილი სილვიო ბერლუსკონის პარტია "ფორცა იტალიაშია" გამზადებული. და რა მოხდება "მილანში"? - გალიანის როლს ბარბარა მოირგებს, სხვა პოსტებს კი "სენატორები" დაიკავებენ - ყოველ შემთხვევაში, ასეთ პროგნოზს აკეთებს "გაძეტა დელო სპორტი".

ვინ არიან სენატორები? - ფრანკო ბარეზი, ალესანდრო კოსტაკურტა, პაოლო მალდინი და დემეტრიო ალბერტინი, ანუ ძველი გვარდია და იმ ლეგენდარული გუნდის წევრები, რომლებმაც ჯერ არიგო საკის, შემდეგ ფაბიო კაპელოს და ნაწილობრივ კარლო ანჩელოტის ხელში, ყველაფერი მოიგეს.

სტრუქტურული რეორგანიზაცია
ევროპული საფეხბურთო კლუბების უმრავლესობა, მენეჯმენტის თვალსაზრისით, იდენტურად არის მოწყობილი - კლუბს ჰყავს პრეზიდენტი ან გენერალური მენეჯერი, რომელიც მართავს დირექტორთა საბჭოს; სატრანსფერო საკითხებზე სპორტული დირექტორი მუშაობს, საორგანიზაციო საკითხებს კი ტექნიკური დირექტორი აგვარებს.

"მილანში" ყველაფერი სხვაგვარად არის - კლუბის პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ჩამოშორებულია საქმეებს, მართვის სადავეები კი ვიცე-პრეზიდენტს აქვს აღებული - მათ შორის, სატრანსფერო მიმართულებით. ეს კაცი ადრიანო გალიანია, სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა კი მის თანაშემწედ შეგვიძლია მივიჩნიოთ.

გალიანის დიდწილად შეთავსებული აქვს ტექნიკური დირექტორის ფუნქციებიც და ფინანსებსაც სწორედ ის განაგებს. მოკლედ, დღეს "როსონერიში" ქალიც გალიანია და კაციც, მაგრამ დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიდან ყველაფერი შეიცვლება.

ვინ? სად? როგორ?
იტალიელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" მმართველობის კლასიკურ მოდელზე გადაეწყობა და მთავარი მოქმედი პირი კლუბში გენერალური მენეჯერი, გნებავთ, დირექტორი გახდება, ამ პოსტს კი ბარბარა ბერლუსკონი მოირგებს. სატრანსფერო-სასელექციო საქმეებს სპორტული დირექტორი მიხედავს, ეს როლი კი, წესით, პაოლო მალდინის უნდა დაეკისროს.

კულუარული ინფორმაციით, ტექნიკური დირექტორის თანამდებობას ალესანდრო კოსტაკურტას შესთავაზებენ, რომელიც მწვრთნელობას კი აპირებს, მაგრამ ჯერ არც ერთ გუნდში არ მიუწვევიათ.

გავრცელებული ცნობის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დემეტრიო ალბერტინის შესთავაზებენ, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში არ იქნება ჩართული, მაგრამ კურირებას გაუწევს კლუბში მიმდინარე პროცესებს. აქვე აღვნიშნოთ, რომ ალბერტინი უკვე წლებია, ფედერკალჩოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მუშაობს და ამ კუთხით, დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა. საკითხავია, ექნება თუ არა დემეტრიოს უფლება, ეს ორი თანამდებობა ერთმანეთს შეუთავსოს.

რაც შეეხება ფრანკო ბარეზის, მას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობას და სპორტული დირექტორის კონსულტანტის როლს შესთავაზებენ.

მართალია, სეზონის ბოლომდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ იტალიური სპორტული მედია ასე დეტალურად აღწერს მოსალოდნელ ცვლილებებს - მოკლედ, მილანური რევოლუცია სულ უფრო აქტუალური ხდება და რაც მთავარია, ამას კომენტარებში არც მოქმედი პირები უარყოფენ - ბოლოს სწორედ ბარბარა ბერლუსკონის მოვუსმინოთ:

"ცვლილებები აუცილებელია და ამაზე უკვე ყველა ვთანხმდებით. ფეხბურთი წინ მიდის, ჩვენ კი ერთ ადგილს ვტკეპნით, რაც მენეჯმენტში არსებული პრობლემების ბრალია. კონსულტაციები გაგრძელდება და აუცილებლად შევიმუშავებთ იმ მოდელს, რომელიც კლუბს ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დააბრუნებს.

დიახ, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება იმ ფეხბურთელებთან, რომლებსაც გუნდისთვის ბევრი გაუკეთებიათ. არ შეიძლება, პაოლო მალდინის გამოცდილება არ გამოვიყენოთ, ისევე, როგორც მისი თანაგუნდელების. ყველა კითხვას უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მილანი" - ბარბარა ბერლუსკონის რევოლუციისა და პაოლო მალდინის მოლოდინში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული