დიდი აურზაური...
სიცილიურ მატჩამდე სილვიო ბერლუსკონიმ სპეციალური განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ადრიანო გალიანი რჩება კლუბში და სულაც არ აპირებს პოლიტიკური კარიერის დაწყებას. "მილანის" პრეზიდენტის თქმით, ამიერიდან კლუბს ორი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება: ადრიანო გალიანი და ბარბარა ბერლუსკონი. სენიორ
არადა, სულ რამდენიმე დღის წინ გალიანი ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ "მილანის" დატოვებას აპირებდა და ეს ამბავი, სავარაუდოდ, "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის პაექრობის შემდეგ მოხდებოდა. ანუ ადრიანოს წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და მას აზრი შეაცვლევინეს... რა მოხდა ასეთი და საერთოდ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები "მილანის" კულუარებში? - ეს თემა იტალიურ სპორტულ მედიაში დეტალურად გაშალეს.
გალიანი VS ბარბარა
სანამ გალიანი "მილანიდან" წასვლის შესახებ გააკეთებდა განცხადებას, საქმიანი შეხვედრა ჰქონდა ბარბარა ბერლუსკონისთან, სადაც მოხდა კიდეც ცხარე კამათი... ჩვენი აპენინელი კოლეგების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარბარამ გალიანის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და ცვლილებების აუცილებლობაზე ჩამოაგდო სიტყვა.
გალიანიმ შეხვედრა ნაადრევად დატოვა და ჟურნალისტებს ცხელ გულზე გადაეყარა - სწორედ მაშინ გაკეთდა ეს კომენტარი:
"შემიძლია დავადასტურო, რომ კლუბიდან მივდივარ და სავარაუდოდ, ეს "აიაქსთან" შეხვედრის შემდეგ მოხდება. მივიღებ თუ არა კომპენსაციას? - ამას არ აქვს მნიშვნელობა და ამ ეტაპზე ვერც პასუხს გაგცემთ. მე ვრჩები "მილანის" თავგადაკლულ გულშემატკივრად და არც ერთ შემთხვევაში არ ვიმუშავებ სხვა კლუბში".
გალიანის განცხადებას უდიდესი აჟიოტაჟი მოჰყვა - სოციალური ქსელის საშუალებით, "მილანის" ტიფოზებმა გალიანის გამოსამშვიდობებელი წერილები უძღვნეს და არც ფოტოები დაუკლიათ. არაერთმა ცნობილმა პერსონამ გააკეთა კომენტარი და ბუნებრივია, ყველამ მის უდიდეს პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი. ჩატარდა არაერთი გამოკითხვა - მაგალითად, გალიანის 10 საუკეთესო ტრანსფერის გამოსავლენად და ა.შ. თუმცა...
დიდი შერიგება
ამ ამბებმა სილვიო ბერლუსკონის გარეშე ჩაიარა და რა გასაკვირია, რომ პრეზიდენტმა არეული საქმის დალაგება განიზრახა. გალიანის განცხადებიდან მეორე დღეს "მილანის" ოფისში დიდი შერიგება შედგა - შეხვედრას ადრიანო გალიანი, ბარბარა ბერლუსკონი, არიედო ბრაიდა, დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წარმომადგენელი და თავად სილვიო ესწრებოდნენ.
მოლაპარაკებამ კონსტრუქციულად ჩაიარა და მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ - "მილანს" ორი ვიცე-პრეზიდეტი ეყოლება. ეს იქნება ერთგვარი კოაბიტაცია, რომელმაც კლუბი კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს. სილვიო ბერლუსკონის თქმით, ამიერიდან ისიც აქტიურად ჩაერთვება კლუბის საქმეებში:
"ყველაფერი რიგზეა და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადრიანო გალიანი კლუბიდან არ მიდის. მისი გამოცდილება ფასდაუდებელია და ის კვლავაც ჩვენთან გააგრძელებს მოღვაწეობას. მენეჯმენტში გარკვეული ცვლილებები მოხდება და ეს ნორმალური პროცესია. ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს ბარბარა მიხედავს, რადგან მას ეს საქმე კარგად გამოსდის.
აქვე, მინდა გამცნოთ, რომ ამიერიდან, გაცილებით აქტიურად ჩავერთვები კლუბის საქმეებში და შევეცდები, პირადად მოვაგვარო ბევრი აქტუალური საკითხი. "მილანი" ერთი ოჯახია, ასე იყო, არის და იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XIV ტური: გალიანი რჩება, "მილანი" იგებს