იტალია. სერია A. XIV ტურის შეჯამება და სიმბოლური: გოლების წვიმა ფინიშზე

AutoSharing Option
სერია A-ს მე-14 ტურის ბოლო აკორდი ორშაბათს გამართული ორი მეტად საინტერესო პაექრობა გახლდათ: ფლორენციაში "ფიორენტინამ" "ვერონა" მიიღო, რომში კი "ლაციო" "ნაპოლის" დაუპირისპირდა. ამ ორ შეხვედრაში ერთად 13 გოლი გავიდა, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს - ტურის შეჯამებაც ორშაბათის მატჩებით დავიწყოთ.

გოლები, გოლები, გოლები...
"ფიორენტინამ" და "ვერონამ" ერთმანეთს გახსნილი ფეხბურთი შესთავაზეს და შედეგად, გოლების წვიმა მივიღეთ. მატჩი ხუთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ბორხა ვალერო ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და უზუსტესი დარტყმით გახსნა ანგარიში, 1:0.

თუმცა სულ რაღაც ერთ წუთში რომულომ საპასუხო გოლი გაიტანა
და დაგვანახვა, რომ "ვერონა" იოლად არაფერს დათმობდა, 1:1. ამ ეპიზოდიდან კიდევ რამდენიმე წუთი იყო გასული, როდესაც ხუან იტურბემ შორი მანძილიდან დაარტყა და ფლორენციელთა კარში მეორე გოლი გაიტანა, 1:2. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბრაზილიელ გოლკიპერ ნეტოს უკეთ მართებდა თამაში.

ერთ წუთში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ბორხა ვალერომ, რომელმაც ორი მეტოქე ჩამოიცილა და უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაქვითა, 2:2. ამ ეპიზოდში ესპანელ ნახევარმცველს რეკოშეტიც წაეხმარა. მოკლედ, მე-15 წუთისთვის ანგარიში უკვე 2:2 იყო და ამით რომ არ დამთავრდებოდა ყველაფერი, ცხადი გახლდათ.

ტაიმის მიწურულს ხუან ვარგასმა გაიბრწყინა და დააწინაურა მასპინძლები, მეორე ნახევრის სტარტზე კი ჯუზეპე როსიმ თერთმეტმეტრიანით ფლორენციელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, 4:2. ამასთან, ხელით განზრახ თამაშისთვის ვერონელებს ბოშკო იანკოვიჩი გაუძევეს.

თითქოს აქ საბოლოოდ გაირკვა გამარჯვებულის ვინაობა, მაგრამ არც მთლად მასე იყო საქმე - 72-ე წუთზე ჟორჟინიო ფრელომ ულამაზესი გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ გააღვიძა ინტრიგა. საბოლოოდ, ფლორენციელებმა მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერეს აქტივში.

ნამატჩევს ვინჩენცო მონტელამ შემდეგი განაცხადა: "ყოველთვის ვერ გაიტან ოთხ გოლს და ამიტომ განვლილ მატჩს მხოლოდ დადებითად ვერ შევაფასებ. შეტევაში რომ ასე ეფექტურად არ გვეთამაშა, ქულებს დავკარგავდით და ლიდერებსაც დავშორდებოდით. უფრო ყურადღებით გვმართებს თამაში დაცვით ფაზაში და ამაზე აშკარად სამუშაო გვაქვს".

გუნდების სახელებით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ უფრო საინტერესო მატჩი გაიმართა რომში, სადაც "ლაციომ" "ნაპოლის" უმასპინძლა. ორივე გუნდი წარუმატებელ მატჩთა სერიით შეხვდა ამ მნიშვნელოვან პაექრობას და შესაბამისად, გამარჯვებას ოქროს ფასი ჰქონდა. საბოლოოდ, სამი ქულა ნეაპოლელებს დარჩათ, რომლებმაც უპირატესობით წარმართეს შეხვედრა და მოგება ალალად დაიმსახურეს.

ანგარიში ტაიმის შუაწელს გონსალო იგუაინმა გახსნა, რომელმაც ბრწყინვალე დრიბლინგი გამოაცხო, გზად სამი მცველი ჩამოიცილა და ბურთი მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში შეაგორა, 0:1.

სულ მალე ვალონ ბერამი აიჭრა და საკუთარ კარში გაიტანა - 1:1. ტაიმი ასეც დასრულდა, მეორე ნახევრის სტარტზე კი გორან პანდევმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და სტუმრები კიდევ ერთხელ დააწინაურა, 1:2. ამას გონსალო იგუაინის კიდევ ერთი ლამაზი გოლი მოჰყვა და ნათელი გახდა, რომ "ნაპოლი" გამარჯვებას ხელიდან აღარ გაუშვებდა.

მართალია, დიაო კეიტამ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ზედ საფინალო სასტვენის წინ ხოსე კალეხონმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:4. ნამატჩევს ნეაპოლელთა თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი შესაძლებლობების მხოლოდ 75%-ს იყენებს:

"ძალიან რთული მატჩი გამოვიდა და მით უფრო სასიამოვნოა, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. გამარჯვება ჰაერივით გვესაჭიროებოდა, რადგან ბოლო დროს "ნაპოლის" კრიზისზე აქტიურად ალაპარაკდნენ. რთული კალენდარი გვაქვს და გასაკვირი არაა, რომ სადღაც ფეხი დაგვიცდა - თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უმაღლესი მიზნებისთვის. ამ დროისთვის "ნაპოლი" შესაძლებლობების 3/4-ს იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად მოვუმატებთ".


საგულისხმო ამბები
"იუვენტუს არენაზე" რომ 12 000 სკოლის მოსწავლე მიიყვანეს, ამის შესახებ 3 დეკემბრის ნომერში ვვწერდით და ისიც გამცნეთ, რომ "იუვეს" ფეხბურთელები უაღრესად კმაყოფილნი დარჩნენ კლუბის მესვეურთა ასეთი გადაწყვეტილებით.

ისიც ვთქვით, რომ "ინტერმა" ახალი პრეზიდენტის თვალწინ სირცხვილი ჭამა და "სამპდორიას" ქულები გაუყო. თუმცა აქ არა იმდენად ქულების გაყოფაშია საქმე, რამდენადაც უფერულ თამაშში. ერიკ ტოჰირი მთელი თამაში ამთქნარებდა და ჰქონდა კიდეც ამის საბაბი - "ნერაძურიმ" ხეირიანად მხოლოდ ორჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით.

აქვე კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ "ფიორენტინა"-"ვერონას" მატჩს და აღვნიშნოთ, რომ თამაშს "ვიოლას" ლეგენდარული ფორვარდი გაბრიელ ომარ ბატისტუტა დაესწრო. ბატიგოლს "არტემიო ფრანკიზე" შეკრებილი გულშემატკივრები ოვაციებით მიეგებნენ და შემდეგ კარგა ხანს მის სახელს სკანდირებდნენ. ბატისტუტას მწვრთნელობა აქვს გადაწყვეტილი, ევროპაში სურს მუშაობა და ეს ფლორენციული მატჩის შემდეგაც დაადასტურა:

"დიახ, მწვრთნელობა მაქვს გადაწყვეტილი და ძალების მოსინჯვა ევროპაში მსურს. "ფიორენტინა"? - მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემს საყვარელ გუნდს ჩავუდგები სათავეში, მაგრამ ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია. ვინჩენცო მონტელა ბრწყინვალედ მუშაობს და მინდა მას წარმატებები ვუსურვო. მადლობა ტიფოზებს თბილი დახვედრისთვის. ემოციებით ვარ აღსავსე და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ისევ უნდა გავიდე მინდორზე".


"უდინეზესთან" მატჩის შემდეგ "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ მალე არტურო ვიდალთან ახალი ხელშეკრულება გაფორმდებოდა, სიტყვა კი 3 დეკემბერს აასრულა...

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინულმა გრანდმა 26 წლის ჩილელ ნახევარმცველს ახალი ხელშეკრულება გაუფორმა, რომელიც 2017 წლამდეა გათვლილი. არტურომ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი სურვილი კარიერის "იუვენტუსში" დასრულებაა.

ციფრები და ფაქტები
* "იუვენტუსს" მიჯრით 6 მატჩია, გოლი არ გაუშვია. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 2002 წელს ჰქონდა.

* "იუვენტუსს" საკუთარ მოედანზე 16 მატჩია, არ წაუგია.

*"იუვენტუსი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ყველა შეხვედრაში გაიტანა გოლი.

* "რომამ" მიჯრით 4 მატჩი დაასრულა ფრედ. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 2000 წელს ჰქონდა.

* "რომამ" პირველად დაასრულა მატჩი ფრედ ბერგამოში 2001 წლის შემდეგ.

* "ნაპოლიმ" პირველად მოუგო "ლაციოს" გასვლაზე 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ.

* გორან პანდევმა "ნაპოლიდან" მე-300 მატჩი გამართა სერია A-ში და 70-ე გოლი გაიტანა.

* ალესანდრო აგოსტინიმ "ვერონადან" მე-300 მატჩი გამართა კარიერაში.

* "ფიორენტინა" და "ვერონა" პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სერია A-ში 21-ე საუკუნეში.

* ბორხა ვალერომ "ფიორენტინადან" მეორედ შეასრულა დუბლი კარიერაში.

* "ვერონამ" მე-300 მატჩი წააგო სერია A-ში.

* "კატანიას" "მილანი" 1963 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია.

* "მილანმა" პირველი გასვლითი მატჩი მოიგო სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში.

* რიკარდო კაკას "კატანიასთან" 6 მატჩი აქვს გამართული და ამდენივე გოლი გატანილი.

* რენანმა "სამპდორიადან" პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში.

* "ტორინოს" ბოლო 13 მატჩია, კარი მშრალად არ შეუნახავს.

* "ლივორნოს" "კიევოსთვის" არასდროს მოუგია.

ტურის სიმბოლური ნაკრები (4-3-1-2)
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XIV ტური: გალიანი რჩება, "მილანი" იგებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული