სკანდალი იტალიურ ფეხბურთში - "კალჩოპოლის" ახალი ტალღა

AutoSharing Option
პოლიციამ ჯენარო გატუზოს სახლი გაჩხრიკა. იტალიაში მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებული გამოძიება (53 მატჩზე აქვთ ეჭვი) და სკანდალი გრძელდება.

"რვაფეხას მორიგ საცეცს" ახლა კრემონელი "კორადო კატანები" გამოედევნენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ცოტა ხნით ადრე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის, კრისტიან ბროკის საცხოვრებელიც გაჩხრიკეს. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, დაკავებულია 4 ადამიანი, რომლებიც შუამავლები იყვნენ ჩამწყობებსა და ფეხბურთელებს შორის.

რინო გატუზო რა სახის მითქმა-მოთქმაში არ ყოფილა გახვეული და თავისი ექსცენტრიულობით ხშირად ექცეოდა ყურადღების ცენტრში, მაგრამ მატჩების ჩაწყობასთან თუ ექნებოდა რაიმე კავშირი, ალბათ ძნელად წარმოსადგენი იყო.
თუმცა აღვნიშნოთ, რომ ჯერ კონკრეტულად არავის ბრალეულობა დადასტურებულა, გამოძიება გრძელდება და ნუ ვიჩქარებთ რაიმე სახის დასკვნის გაკეთებას.

სამწუხაროა ისიც, რომ როგორც ჩანს, "კალჩოსკომესეში" (პირდაპირ თარგმანში ფეხბურთის/საფეხბურთო სანაძლეო) დიდი გუნდები და მათი ფეხბურთელები არიან გარეულნი. "მილანის" გარდა, რომელიც ყველაზე ხშირად ფიგურირებს საეჭვო მატჩებში, საუბარია "ინტერზე", "იუვენტუსზე", "ლაციოზე"...

თავად გატუზო გაგულისებულია და ირწმუნება, არაფერ შუაში ვარ, მალე ყველაფერი გაირკვევა და გამოჩნდება, რომ სუფთა ვარ, ამ შეურაცხყოფის გადატანა კი ადვილი არ იქნებაო.

"გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ვარ. თუმცა, უშუალოდ მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებით, სანერვიულო არაფერი მაქვს, ამ კუთხით სიმშვიდეს ვინარჩუნებ და ჩემი სახელი ვერ გაისვრება. მსგავსი ლაქები ჩემს კარიერაზე არ დარჩება. ფსონიც კი არ გამიკეთებია ცხოვრებაში"
- განაცხადა გატუზომ.

ამჟამად რაც ცნობილია, ეჭვქვეშაა შემდეგი მატჩები: "მილანი"-"ლაციო", "კიევო"-"მილანი" (2011 წლის თებერვალი); "მილანი"-"ბარი" (2011 წელს გამართული); "იუვენტუსი"-"ლაციო" (2012 წლის აპრილი); "პალერმო"-"ინტერი" (2013 წლის აპრილი).

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ამბავს გამოეხმაურა, "პალერმოს" ექსთავკაცი ჯუზეპე სანინოა. 2013 წლის აპრილში სწორედ ის ედგა "როზანეროს" სათავეში და სიცილიელებმა დაძაბულ შეხვედრაში "ინტერს" 1:0 მოუგეს. თავად სანინომ კი რაღაც მომენტში ნერვები ვერ მოთოკა და მინდვრიდან გააძევეს.

"თქვენ, უბრალოდ, ჩემი სახე უნდა გენახათ, როდესაც გამაძევეს და სალაპარაკო აღარაფერი იქნებოდა. ეს ნამდვილი თამაში იყო. ფეხბურთზე ფსონების კეთება და მით უფრო, მატჩების ჩაწყობა ჩემთვის ძალიან უცხო რამეა. ამ ამბავმა აღმაშფოთა და ძალიან გულს მტკენს"
- თქვა სანინომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სკანდალი იტალიაში: გატუზოს სახლი გაჩხრიკეს, ორი ფეხბურთელი უკვე დაკავებულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული