მარკო ტარდელი: "იუვეს" ახალი სისხლი სჭირდება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" გულშემატკივრები საშობაო პაუზას გაორებული შეგრძნებით ხვდებიან - მათი საყვარელი გუნდი სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ბრწყინვალედ ასპარეზობს და სკუდეტოს მოპოვების ნომერ პირველი პრეტენდენტია, მაგრამ ამავდროულად, ანტონიო კონტეს შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგაზე შეირცხვინეს თავი. რა აკლია "ვეკია სენიორას" საიმისოდ, რომ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზეც წარმატებით იასპარეზოს? - ამ თემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა "იუვეს" ცოცხალმა ლეგენდამ, მარკო ტარდელიმ, რომელიც ტურინულ გრანდში 1975-85 წლებში ასპარეზობდა:

რეცეპტი
კონტე ნაყოფიერად მუშაობს და ძლიერი გუნდიც შექმნა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არაა. ხშირად მესმის,
რომ თუნდაც იანვრის სატრანსფერო პერიოდში, "იუვეს" პოლიტიკა მხოლოდ წამყვან ფეხბურთელთა შენარჩუნება იქნება, რაც არასწორი მგონია. ისეთი გუნდებიც კი, როგორებიც "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" არიან, მუდმივად ეძებენ ახალ ვარსკვლავებს და ამის ნათელი მაგალითი ნეიმარის და გარეთ ბეილის ტრანსფერებია. ასე რომ, რეცეპტი მუდმივი განვითარება, ახალი ფეხბურთელების ძიება და ამით, შედარებით სუსტი რგოლების გაძლიერებაა. ჩემი აზრით, დღეს "იუვენტუსს" მინიმუმ 2-3 ექსტრა-კლასის ფეხბურთელის დამატება სჭირდება, განსაკუთრებით, ფლანგებზე...

ევროპალიგა
რაც მოხდა, მოხდა - "იუვენტუსი" ევროპალიგის გათამაშებაში იასპარეზებს და აუცილებლად უნდა მოიგოს ეს ტურნირი. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინალი ტურინში გაიმართება. "ვეკია სენიორას" სჭირდება საერთაშორისო ტიტული, რადგან ბოლო წლებში მხოლოდ შიდა ასპარეზზე იგებს. 1/16-ფინალში "იუვეს" ისევ თურქეთში უწევს ჩასვლა და ამჯერად, "ტრაბზონსფორთან" პაექრობა; ვენდეტაზე ლაპარაკი გადამეტებული მგონია, რადგან ეს ფეხბურთია და მარცხის გამო გულში ბოღმა არ უნდა ჩაიდო. თანაც, "გალათასარაი" "გალათასარაია", "ტრაბზონსფორი" კი "ტრაბზონსფორი". კარგი იქნება, თუ ფეხბურთელებს ვენდეტაზე საუბრით არ დავამძიმებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული