კლარენს ზეედორფის 2.5-წლიანი კონტრაქტი "მილანში"

AutoSharing Option
როგორც წინა ნომერში გაცნობეთ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "მილანს" კლარენს ზეედორფი ჩაუდგება სათავეში.

37 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კარიერა ბრაზილიურ "ბოტაფოგოში" დაასრულა და მილანში უკვე მწვრთნელის რანგში ჩადის.

დიახ, ლომბარდიული გრანდის მესვეურებმა ჰოლანდიელს ბრმად გამოუცხადეს ნდობა, რადგან ამ უკანასკნელს არათუ სამწვრთნელო წარმატებები, სამუშაო გამოცდილებაც კი არ უმაგრებს ზურგს.

როგორც ჩანს, "ზემ" ფეხბურთელობის პერიოდში გამოავლინა სამწვრთნელო უნარები და ამიტომაც არის მასზე გაცემული ამხელა ავანსები - თვით მასიმილიანო ალეგრიმ ადრიანო გალიანის არჩევანის სწორედ კლარენსზე შეჩერება ურჩია;

არადა, განიხილებოდა ფილიპო ინძაგის კანდიდატურაც, რომელმაც "მილანის" ახალგაზრდულ
გუნდში უკვე მოასწრო თავის გამოჩენა. ბოლოს და ბოლოს, "როსონერის" ჰყავს მაურო ტასოტი, რომელიც ათ წელიწადზე მეტია, გუნდში მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობს და სეზონის ბოლომდე მისთვისაც შეიძლებოდა შანსის მიცემა.

ასეა თუ ისე, არჩევანი ზეედორფზე შეჩერდა და ამ უკანასკნელმაც ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. ზეს იტალიელი ჟურნალისტები ბრაზილიაში შეეხმიანნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს:

"ვადასტურებ, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და ჩამოვალ თუ არა მილანში, 2.5-წლიან ხელშეკრულებას გავაფორმებ. გუშინდელი ღამე მეტად მძიმე იყო ჩემთვის, რადგან ფეხბურთელის კარიერაზე საბოლოოდ ვთქვი უარი - თუმცა ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომელსაც არ ვნანობ.

მაქვს შანსი, ისეთ დიდებულ გუნდში ვიმუშაო, როგორიც "მილანია". ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "როსონერიში" 10 დაუვიწყარი წელი გავატარე და მსურს, კლუბს სარგებელი მოვუტანო.

რა ტაქტიკით ვითამაშებთ? - ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ; "მილანში" შვიდი ისეთი ფეხბურთელი დამხვდება, ვის მხარდამხარაც მითამაშია და მსურს, მათაც დაველაპარაკო. ვიცი, რომ გაშლილი ხელებით მელიან, რაც ძალიან მახარებს.

"მილანი" ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე უნდა დავაბრუნოთ, ეს ჩემი მიზანია"
.

ზეს ტაქტიკა
კლარენს ზეედორფმა ტაქტიკა-სტრატეგიაზე საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ მისი ხედვა დაახლოებით ერთი თვის წინ "გაძეტა დელო სპორტმა" გაგვაცნო - მაშინ კლარენსი ადრიანო გალიანის შეხვდა და თავისი მოსაზრებები გაუზიარა, რასაც შემდეგ ავტორიტეტული გამოცემის ფურცლებიდან მთელი საფეხბურთო იტალია გაეცნო.

დადგა დრო, როდესაც ზეედორფმა იდეები მოედანზე უნდა გადაიტანოს და რადგან თემა ასეთი აქტუალური გახდა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ კლარენსის მაშინდელი აზრები...

"გაძეტას" მტკიცებით, ჰოლანდიელი "მილანისთვის" ზედგამოჭრილ სქემად 4-2-3-1-ს მიიჩნევს, სადაც მარიო ბალოტელი ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოიაზრება, მის უკან კი კეისუკე ჰონდა, რიკარდო კაკა და სტეფან ელ შაარავი უნდა გაისარჯნონ - იაპონელი ცენტრში, რიკი და "პატარა ფარაონი" კი ფლანგებზე. ამ დროისთვის, ელ შაარავი ტრავმირებულია და წესით, მის ადგილზე რობინიო უნდა ვიხილოთ.

საყრდენ ხაზზე რიკარდო მონტოლივოს, სალი მუნტარის და ნაიჯელ დე იონგის როტაციაა მოსალოდნელი, დაცვის ოთხეულზე საუბარი კი ამ ფორმაციის "მილანში" უმადური საქმეა.

ასე ფიქრობდა ზეედორფი დაახლოებით ერთი თვის წინ, თუმცა მას შემდეგ, შესაძლოა, აზრიც შეეცვალა. ვნახოთ...

პირველი სამიზნე
იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ცნობები, რომ "მილანის" მესვეურები პსვ-ის ნახევარმცველის, ადამ მაჰერის გადაბირებას ლამობენ. 20 წლის შუახაზელი თავისი გუნდის ლიდერად ითვლება და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებშიც სტაბილურად ასპარეზობს.

ამბობენ, რომ მაჰერის გადაბირება პირადად კლარენს ზეედორფის ინიციატივაა, რომელიც დღეს-ხვალ "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, მილანელები შეეცდებიან, რომ მაჰერი იჯარის წესით გადაიბირონ და თუ ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა, ზაფხულში გამოისყიდონ კიდეც. თუმცა რთული სათქმელია, რამდენად დათანხმდებიან ასეთ წინადადებას ჰოლანდიელები.

ავტორიტეტული გამოცემა ვარაუდობს, რომ ტრანსფერი ალბათ მაინც უფრო ზაფხულში შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული