მარჩელო ლიპის პესიმისტური პროგნოზი

AutoSharing Option
მარჩელო ლიპი დიდი ხანია, რაც იტალიურ ფეხბურთს ჩამოშორებულია და კალჩოში მიმდინარე პროცესებს შორეული ჩინეთიდან ადევნებს თვალს. პერიოდულად, პრესაში მის მოსაზრებებსაც ვეცნობით ხოლმე სხვადასხვა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით. ამჯერად მაესტრომ "კორიერე დელო სპორტს" გაუზიარა თავისი მოსაზრებები...

სერია A
ნეიტრალურ გულშემატკივართა სურვილია, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლო ტურებამდე გაგრძელდეს და არც მე ვარ ამის წინააღმდეგი, თუმცა ეს აუცილებლად "რომას" გაძლიერების გზით უნდა მოხდეს და არა "იუვენტუსის" დასუსტების. "ვეკია სენიორა" მაინც ფავორიტია და მგონია, რომ ჩემპიონობას ალბათ არავის დაუთმობს.

გაცილებით დაძაბული იქნება ჩემპიონთა ლიგის მესამე
საგზურისთვის ბრძოლა, რადგან "ნაპოლი" არასტაბილურია, "ფიორენტინა" კი შესანიშნავად ასპარეზობს. არც "ინტერი" უნდა ჩამოვწეროთ, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. მთლიანობაში, საინტერესო ჩემპიონატია. ბევრი დრამატული და დაძაბული მატჩი ვნახეთ, რაც სერია A-ს იმიჯზე დადებითად იმოქმედებს.

იტალიური გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ძალიან მომწონს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იმავე ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატებს საგრძნობლად ჩამოვრჩით. შესაბამისად, ევროთასებზე წარმატების მიღწევა გვიჭირს და თუ რადიკალური ცვლილებები არ მოხდა, ასე იქნება კიდევ ათი წელი მაინც.

დიახ, უახლოესი ათი წლის განმავლობაში სერია A-ს ბინადრებს ძალიან გაუჭირდებათ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა. თითქოს, "იუვენტუსს" ყველა პირობა აქვს შექმნილი წამყვან ევროპულ გუნდებთან "საჭიდაოდ", მაგრამ შედეგი მაინც არ ჩანს. იტალიურ ფეხბურთში დიდი ფული უნდა გაჩნდეს, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. სერია A ძველებურად მიმზიდველი უნდა გახდეს ვარსკვლავებისთვის და ისინი არ უნდა გარბოდნენ საფრანგეთის ჩემპიონატში სათამაშოდ.

ლიპი კალჩოში
ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ისევ ჩავუდგე სათავეში იტალიურ გუნდს, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია, არავინ შემხმიანებია და არც წინადადებები განმიხილავს. დიდი ხანია, რაც იტალიურ საკლუბო ფეხბურთს ჩამოვშორდი და მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ფეხბურთი სწრაფად პროგრესირებს და მთავარია, დროს არ ჩამორჩე. საინტერესო იქნებოდა ბედის ცდა კალჩოში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული