მაგრამ ერთ დღესაც მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. გავიღიმე და იქიდან დაიწყო ჩემი აღმასვლა. მას შემდეგ ყოველთვის ვიღიმი, რადგან ამას უდიდესი ძალა აქვს"
ეს არტურო ვიდალის სიტყვებია, ფეხბურთელის, რომელიც დღეს 26 წლისაა და "იუვენტუსში" თამაშობს. ქვემოთ მასთან საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით...
- მაინც რატომ წავი
- არ ვიცი, ამის შესახებ არასდროს მიკითხავს. ჩილეში რთულია ცხოვრება და უსახსრობის გამო უამრავი ოჯახი ინგრევა. დღეს ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.
- ექვსშვილიან ოჯახში მეორე ხართ. ალბათ, და-ძმებისთვის მამის მაგივრობაც ხშირად გაგიწევიათ...
- რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი, თუმცა მაშინ ბევრი არაფერი მქონდა. ოჯახის წევრები მუდამ ჩემს გვერდით არიან და ეს ძალას მმატებს.
- როცა უცხოეთში მიდიოდით, ალბათ, ყველაზე მეტად დედასთან განშორება გაგიჭირდათ...
- დიახ, ასეა, რადგან დედაჩემმა ჩემთვის არაფერი დაიშურა. სწორედ მან მასწავლა, რა არის კარგი და რა - ცუდი. სხვათა შორის, დედა "მებრძოლს" მეძახდა და ეს მეტსახელი მოგვიანებით ტურინშიც შემარქვეს.
- პირველი გოლი თუ გახსოვთ?
- რა თქმა უნდა?! ჩემი პირველი გუნდი "როდელინდო რომანი" იყო, საიდანაც დავიწყე ოცნების ასრულება.
- ჩანს, რომ ბავშვობის მოგონებები თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია...
- ასეა. მე მიჯაჭვული ვარ ჩემს მხარეზე და იმ სოფელზე, სადაც გავიზარდე. როცა ჩილეში ვარ, ყოველთვის ჩავდივარ მშობლიურ სან-ხოაკინში, რომელიც სანტიაგოსთან ახლოს მდებარეობს.
- როგორ ხვდებიან ჩილეში... მაგალითად, შობას?
- საოცარი დღესასწაულია. 24 დეკემბერს, თორმეტის ნახევარზე, ბავშვები ეზოში გადიან და სიმბოლურ წრეს ქმნიან, ზუსტად 12 საათზე კი სახლში ბრუნდებიან და ნაძვის ხის ქვეშ მათთვის განკუთვნილ სათამაშოებს ხსნიან. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერები არიან ისინი ამ დროს და რა ჟრიამულია სახლში.
- რა განცდა გეუფლება, როცა ჩილეს ეროვნული ნაკრების ფორმა გაცვია?
- ამაყი ვარ, რადგან ქვეყნის ღირსების დაცვა უდიდესი პატივია. მე ნამდვილი პატრიოტი ვარ და ჩილეს ნაკრებში ყოველთვის უდიდესი ენთუზიაზმით ვთამაშობ. დიდი ხანია სამშობლოში არ ვცხოვრობ და როცა იქ მიწევს თამაში, განსაკუთრებულად ვნერვიულობ.
- რომელია ყველა დროის საუკეთესო ჩილელი ფეხბურთელი? შენ თუ სამორანო?
- ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესოთა შორის მომიხსენიებენ. ჯერჯერობით, ესეც საკმარისია. იმედია, როცა კარიერას დავასრულებ, გულშემატკივართა ერთი ნაწილი მაინც იტყვის, რომ ვიდალი ყველა დროის საუკეთესო ჩილელი ფეხბურთელია.
- ბრაზილიურ მუნდიალზე ჩილეს ნაკრებს რა შანსები აქვს?
- ბრაზილიაში ჩვენი ცხოვრების მუნდიალი შედგება, სადაც წარუმატებლად გამოსვლის უფლება, უბრალოდ, არ გვაქვს. შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელსაც დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია. არავის ვურჩევდი ჩვენი შესაძლებლობების შეუფასებლობას.
- კარიერის დასაწყისში დაცვის ცენტრში თამაშობდი, შემდეგ ნახევარდაცვაში გადაგიყვანეს. თანამედროვე ფეხბურთში უნივერსალიზმი განსაკუთრებულად ფასდება...
- ბავშვობიდან ვცდილობდი, მთელ მოედანზე მერბინა და ერთი ამპლუით არ შემოვფარგლულიყავი. ეს თვისება მწვრთნელებს ძალიან მოსწონდათ და ასეა დღესაც. მოედანზე არა ერთი როლის შესრულება მიწევს და შესაძლოა, ეს, როცა კარიერას დავასრულებ, კარგ მწვრთნელად ჩამოყალიბებაში დამეხმაროს.
- ანტონიო კონტეს თქმით, ომში რომ მოუწიოს წასვლამ, თან აუცილებლად გაგიყოლებს. როგორი ურთიერთობა გაქვს "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელთან?
- შესანიშნავი. კონტე ყოველთვის გვერდში მედგა და ასეა დღემდე. ძალიან გამიმართლა, რომ ანტონიოსთან მიწევს მუშაობა. ის ბრწყინვალე მწვრთნელი და კარგი ადამიანია.
- როცა სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბს ერთი დღის დაგვიანებით დაუბრუნდი, კონტემ დაგსაჯა და "ფიორენტინასთან" განაცხადს მიღმა დაგტოვა. სწორად მოიქცა?
- რა თქმა უნდა?! სასჯელს ვიმსახურებდი.
- არა ერთი გრანდი გეპატიჟებოდა, მაგრამ "იუვენტუსთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივე. რატომ?
- "იუვენტუსი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც საოცარი გულშემატკივრები ჰყავს. ჟრუანტელი მივლის, როცა ჰიმნს მღერიან და ჩემს გვარს სკანდირებენ. არ მქონდა საფუძველი, რომ სხვაგან გადასვლაზე მეფიქრა.
- ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა, ალბათ, უდიდესი იმედგაცრუება იყო...
- კი, ასეა. ჩვენ იმდენად ძლიერი გუნდი გვყავს, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეგვეძლო, ჯგუფში ჩარჩენა კი ნამდვილად მეტისმეტი იყო. ბოლო თამაში წავაგეთ და არც სხვა შეხვედრებში ვბრწყინავდით. ვეცდებით, შეცდომები მომდევნო სეზონში გამოვასწოროთ.
- ევროპალიგაზე ასპარეზობა თქვენთვის ტვირთია თუ დამატებითი მოტივაცია?
- ფინალი ტურინში გაიმართება და ეს ჩვენთვის უდიდესი სტიმულია, რომ გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ევროპალიგაზე წარმატება ჩემპიონთა ლიგის სირცხვილს ჩამოგვწმენდს.
- "რომას" დიდი ჰანდიკაპით უსწრებთ. "იუვე" ჩემპიონია?
- "იუვენტუსი" მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ ვინ გაიმარჯვებს მიმდინარე სეზონში, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. წინ კიდევ ბევრი ტურია.
- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ არასდროს იღლები და შეგიძლია გაუჩერებლად საათობით ირბინო...
- კი, სირბილი არ მიჭირს და დაღლასაც იშვიათად ვგრძნობ. ხანდახან კონტე სასტვენს მაძლევს და მავალებს, რომ ფეხბურთელები სწორად "გავახურო" ვარჯიშის წინ.
- ბევრ ფორვარდზე მეტი გოლი გაგაქვს...
- გოლის გატანა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მაშინაც კი, როცა თერთმეტმეტრიანს ვურტყამ. ვცდილობ, გუნდისთვის მაქსიმალურად სასარგებლო ვიყო და როცა გოლი გამაქვს, ენით აუწერელი გრძნობა მეუფლება.
- თუმცა, საჯარიმო დარტყმებს იშვიათად ასრულებ...
- ამ კომპონენტზე აშკარად სამუშაო მაქვს, მაგრამ სანამ გუნდში ანდრეა პირლოა, ჯარიმებს ის შეასრულებს.
- რის გამო დატოვებდი "იუვენტუსს"?
- ვერც კი წარმომიდგენია ტურინიდან აბარგება. "იუვესთან" ერთად ევროპაში უნდა გავიბრწყინო, იქამდე ცვლილებებზე არც ვფიქრობ.
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week