ჩეზარე პრანდელის საკლუბო ფეხბურთი მოენატრა, მაგრამ ჯერ ცხოვრების კულმინაციას ელის

AutoSharing Option
ჩეზარე პრანდელი 56 წლისაა, იტალიის ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში და დიდი ალბათობით, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდება.

საბოლოო გადაწყვეტილებას პრანდელი მაისში მიიღებს, იქამდე კი მხოლოდ "სკუადრა აძურასა" და მოახლოებულ მუნდიალზე ფიქრობს.

ქვემოთ სენიორ ჩეზარეს პოზიციას გაეცნობით აქტუალურ და საინტერესო თემებზე.

"იუვე" ჩემპიონია?
"იუვენტუსი" ფავორიტია და დიდი ალბათობით, მოიპოვებს კიდეც სკუდეტოს, მაგრამ ნაადრევი დასკვნების გაკეთება მაინც არ ივარგებს. ტურინელებმა ბოლო ორი გასვლითი მატჩი ფრედ დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანდახან ქულებს ანტონიო კონტეს შეგირდებიც კარგავენ.

თუ "რომა" ასე გააგრძელებს და
ჩავარდნა არ ექნება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

რაშია "იუვეს" წარმატების ფორმულა? - კონტემ გუნდს მებრძოლი ხასიათი დაუბრუნა და შემადგენლობაც სწორად შეარჩია. ტურინელებს აქვთ სტრატეგია, რომელსაც მიჰყვებიან და რომელსაც შედეგი მოაქვს. ვფიქრობ, "ვეკია სენიორას" ძალუძს, ევროპაშიც გაიბრწყინოს.

"მილანის" შანსები ლიგაში
ერთი შეხედვით, "მილანი" შორს არის იმ გუნდისგან, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში წარმატების მიღწევა შეუძლია, მაგრამ ფეხბურთი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება.

ლომბარდიელებს შეუძლიათ ძალების მოკრება და მინიმუმ, "ატლეტიკოს" ბარიერის გავლა. კლარენს ზეედორფმა მალე უნდა გადააწყოს შეგირდები თავის სქემაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიზნის მიღწევა ურთულესი იქნება.

ჩემი პროგნოზი? - პროგნოზების კეთება არ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუნდაც კრიზისში მყოფ "მილანს" ნებისმიერი ბარიერის გადალახვა შეუძლია.

მუნდიალი
მუნდიალი ჩემი განვლილი ცხოვრების და საფეხბურთო კარიერის კულმინაცია იქნება, რომელიც იმედია, ბევრ სიხარულს მომიტანს როგორც მე, ისე მთელ იტალიას.

ეს ოცნების ტურნირია, შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

ობიექტურად თუ შევხედავთ, "სკუადრა აძურა" უპირველესი ფავორიტი არაა, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ საფეხბურთო მსოფლიოს გაოცება შეგვიძლია.

ჩვენ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების, თუმცა მიწაზე მყარად ვდგავართ და ვიცით, რა მძიმე ბრძოლები გველოდება.

შემადგენლობა
ბევრი ამბობს, რომ შემადგენლობა შერჩეული მყავს, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. გადამწყვეტი სეზონის დარჩენილი ნაწილი იქნება და მუნდიალზე იმათ წავიყვან, რომლებიც მაისში საუკეთესო ფორმაში იქნებიან.

ბუნებრივია, გამოკვეთილია ის ბირთვი, რომელსაც ვენდობი და რომელსაც ბრაზილიაში წასვლის ყველაზე მეტი შანსი აქვს.

უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება ფიზიკურ მომზადებას, რადგან მარტო ტექნიკით და კლასით ფონს ვერ გავალთ. მომქანცველი სეზონის შემდეგ ასეთ ფორუმზე ასპარეზობა უდიდეს ძალისხმევას და ენერგიას მოითხოვს.

ასე რომ, 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილი არაა და კითხვის ნიშნები მაისამდე დარჩება.

მომავალი
დიდი შანსია, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დავტოვო ეროვნული ნაკრები, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მუნდიალის დაწყებამდე მივიღებ. ძალიან მომწონს "სკუადრა აძურას" სათავეში ყოფნა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ყოველდღიური მუშაობა მომენატრა.

თუ ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება მივიღე, ახალი წინადადებების განხილვას მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებისთანავე შევუდგები. ჩემი სურვილია, რომ ამბიციურ კლუბში მოვხვდე, რომელსაც გრძელვადიანი პროექტი ექნება და ფსონს ჩემზე ჩამოვა. დაახლოებით ასე ვმუშაობდი "ფიორენტინაში" და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.

თუმცა ჯერჯერობით ჩემი ფიქრები მხოლოდ მუნდიალს დასტრიალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი! მაგარი გუნდის უმაგრესი მწვრთნელი! ფორცა აძურიიიიი!
შაკო
12:38 12-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული