იტალიის თასი. 1/2-ფინალი: გადარბენა ნეაპოლურად [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის თასის ფინალში "ფიორენტინას" "ნაპოლი" შეხვდება - გუნდი, რომელმაც ნახევარფინალში "რომა" დაამარცხა. პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ ნეაპოლელებმა ძალები მოიკრიბეს და საკუთარ არენაზე დედაქალაქელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

33-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კრისტიან მაჯომ მარჯვენა ფრთიდან ჩააწოდა, ხოსე კალეხონმა კი თავით გადაგზავნა ბურთი კარში. მეორე გოლი 48-ე წუთზე გავიდა, როდესაც მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს, ასევე თავური დარტყმით კი რომაელთა კარი გონსალო იგუაინმა დალაშქრა. სულ მალე ნეაპოლელებმა მესამეც შეაგდეს - გოლკიპერთან პირისპირ ჟორჟინიო ფრელო დარჩა და ბურთის კარში შეგორება აღარ გასჭირვებია -
3:0.

"სტადიო სან პაოლოზე" ენითაუწერელი რამ ხდებოდა - გულშემატკივრებმა უდავოდ ითამაშეს მეთორმეტე ფეხბურთელის როლი და ეს ნამატჩევს რაფაელ ბენიტესმაც აღნიშნა. რაც მთავარია, თამაშს დიეგო მარადონა ესწრებოდა, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ნეაპოლში. ცხადია, ტიფოზებმა მარადონას სიმღერები მიუძღვნეს. თავად დიეგოც ჩვეულად ემოციური იყო და "ნაპოლის" სამივე გოლი ყველაზე თავგადაკლული ულტრასივით იზეიმა.

მაშ ასე, 3 მაისს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე ერთმანეთის პირისპირ "ნაპოლი" და "ფიორენტინა" წარდგებიან.

რუდი გარსია (რომა): "ჩვენი პრობლემები ჯერ კიდევ პირველ მატჩში დაიწყო, როდესაც 2:0-ს ვიგებდით, კონცენტრაცია დავკარგეთ და გოლები გავუშვით. რაც შეეხება დღევანდელ პაექრობას, პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო და მინიმუმ ერთი გოლის გატანა გვმართებდა. უნდა დავივიწყოთ ეს მარცხი და მთლიანად გადავერთოთ სერია A-ს მომდევნო პაექრობაზე".

რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი): "ძალიან რთული იყო "რომას" დამარცხება, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. კმაყოფილი ვარ შეგირდების გარჯით, რომლებმაც ყველა ჩემი დავალება პირნათლად შეასრულეს. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომელთა წვლილი ამ დიდ გამარჯვებაში განუზომელია. "ნაპოლი" პროგრესირებს და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით".

აურელიო დე ლაურენტისი ("ნაპოლის" პრეზიდენტი): "საოცარი საღამო იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. სტადიონზე არანორმალური ატმოსფერო იყო, მხარს კი თვით დიეგო მარადონა მიმშვენებდა. როგორც წესი, შესვენებისას გასახდელში ჩავდივარ და მწვრთნელის დავალებებს ვუსმენ ხოლმე - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ბენიტესი არასდროს მინახავს; მის სიტყვას ფეხბურთელები გასუსულები უსმენდნენ და ყველა დავალება მოედანზე გადაიტანეს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნაპოლი-რომა 3:0
გოლები: 1:0 კალეხონი (33), 2:0 იგუაინი (48), 3:0 ფრელო (51).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, გულამი - ინლერი, ფრელო (85. ენრიკე) - მერტენსი, კალეხონი, ჰამშიკი (76. ბერამი) - იგუაინი (82. ინსინიე).
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი (49. მაიკონი), კასტანი, ბენატია, ბასტოსი - პიანიჩი (62. ტოტი), სტროტმანი, დე როსი - ჟერვინიო, ლიაიჩი (56. ფლორენცი), დესტრო.

ფინალი
3 მაისი:
ფიორენტინა-ნაპოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული