ვალტერ მაცარი: ჟოზესთან ბევრი საერთო მაქვს

AutoSharing Option
"ინტერმა" ჩავარდნა დასძლია და მიჯრით მოიგო ორი მატჩი, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ხასიათზე მოიყვანა და აალაპარაკა. "ნერაძურის" თავკაცმა ჟურნალისტის რამდენიმე საინტერესო კითხვას უპასუხა.

- ყველაზე რთული დრო უკან მოიტოვეთ?
- იმედი მაქვს, თუმცა წინ კიდევ უამრავი ტურია და ფხიზლად გვმართებს ყოფნა. ერთი მოდუნება და ისევ კრიტიკის ქარცეცხლში გავეხვევით. "ინტერი" ჩამოყალიბების სტადიაშია და ეს არასტაბილურობაც აქედან მოდის. მწვრთნელს დრო უნდა მიეცეს, რომ თავისი ხედვა მოედანზე გადაიტანოს.

- ერნანესის ტრანსფერზე რას იტყვით?
- ერნანესის ტიპის ფეხბურთელი ძალიან გვაკლდა და ეს
პირველ მატჩებზე გამოჩნდა. ბრაზილიელი ბურთს კარგად იჭერს და ცენტრში დიდ ძალას გვმატებს. დრო გვიჩვენებს, რამდენად გამართლებული იყო მისი გადმოყვანა, მაგრამ ჯერჯერობით რომ საქმეს კარგად ართმევს თავს, ცხადზე უცხადესია. ზედიზედ ორი მატჩი მოვიგეთ და ამაში ერნანესმა დიდი წვლილი შეიტანა.

- იქნებ დარწმუნდეს ერიკ ტოჰირი, რომ ტრანსფერები აუცილებელია...
- ტოჰირი დარწმუნებულია, რომ გაძლიერების გარეშე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია, მაგრამ შუა სეზონში სატრანსფერო ბუმს ნამდვილად ვერ მოაწყობდა. მისტერ ერიკი აკვირდება პროცესებს, სწავლობს ვითარებას და ზაფხულში, ალბათ, გარკვეულ სიურპრიზებს შემოგვთავაზებს.

- ამბობენ, რომ რაფაელ ბენიტესი "ინტერში" ჟოზე მოურინიოს აჩრდილს ებრძოდა. თქვენც ასე ხართ?
- დადებითი პასუხი რომ გაგცეთ, ალბათ, გაგიკვირდებათ... ბენიტესზე ვერაფერს გეტყვით, მე კი მოურინიოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით, ჩვენი საფეხბურთო ხედვა ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს. ჟოზეს ამერიკული ტურნეს დროს შევხვდი, ბევრი ვისაუბრეთ და მაშინ მივხვდი, რომ ბევრ საკითხს ერთნაირად ვუყურებთ. იმედი მაქვს, იმავე წარმატებას მივაღწევ "ინტერში", რასაც მან მიაღწია.

- რამდენად რეალურია, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგოს?
- ამაში გასაოცარს და წარმოუდგენელს ვერაფერს ვხედავ. "ინტერი" უდიდესი ტრადიციების და ისტორიის მქონე გუნდია, რომელიც ყოველთვის უმაღლეს მიზნებს ისახავს. შესაძლოა, დღეს საუკეთესო დროება არ გვიდგას, მაგრამ ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს; რომ აღარაფერი ვთქვათ ხუთ წელიწადზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგრე თქვა, ხო, "მისტერ ერიკი"-ო?
კიდე კაი, "სენიორ ერიკი" არ თქვა, თორე მთლად თქვენი დონე იქნებოდა!
dudu
17:50 18-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული