იტალია. სერია A. XXV ტურის შეჯამება და სიმბოლური: მოჯის აჩრდილი ტურინში

AutoSharing Option
25-ე ტურის მთავარი მატჩი ტურინში შედგა, სადაც "იუვენტუსმა" "ტორინო" დაამარცხა. ამ მატჩმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან საყოველთაო აზრით, ანტონიო კონტეს გუნდს არბიტრი ნიკოლა რიცოლი დაეხმარა. ტურინულ დერბიზე ქვემოთ ვიტყვით, იქამდე კი ორშაბათის მატჩებს გადავხედოთ...

ფრეები
ორშაბათის შეხვედრებში "ნაპოლიმ" "ჯენოას" ვერ მოუგო, "ფიორენტინა" კი "პარმას" დაუზავდა. თუ ემილიაში ფლორენციელებს მძიმე ბრძოლას ვუწინასწარმეტყველებდით, ნეაპოლელთა წაფორხილება ნაკლებად სავარაუდო იყო. 25-ე ტურის შემდეგ, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაფაელ ბენიტესის ერთადერთი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და თანაც, საკვალიფიკაციო ეტაპის გზით.

დიახ, "ნაპოლის" სტაბილურობა
აკლია და თითქოს ძრავა არ ჰყოფნის იმისთვის, რომ არათუ "იუვენტუსს", თუნდაც "რომას" გაუწიოს წინააღმდეგობა. საგულისხმოა, "ნაპოლი" ამავე გუნდის ექსფეხბურთელმა ემანუელე კალაიომ დასაჯა, როდესაც 85-ე წუთზე ანგარიში გაქვითა და "ჯენოას" ქულა მოუტანა. შეგახსენებთ, რომ ეს ის კალაიოა, რომლის გოლების წყალობითაც სამხრეთელებმა ქვედა ლიგებს თავი დააღწიეს და ელიტაში აღზევდნენ. სტუმართა გოლამდე თავი გონსალო იგუაინმა გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაში გაიმყარა პოზიციები.

მატჩის შემდეგ კალაიო იყო ყურადღების ცენტრში, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა: "ნუ განმსჯით მკაცრად გატანილი გოლის გამო, რადგან ეს ჩემი საქმე, სამსახურია. "ნაპოლი" ყოველთვის იყო ჩემს გულში და იქნება, მაგრამ ამის გამო გოლზე უარს ვერ ვიტყოდი".

"პარმამ" და "ფიორენტინამ" ორ-ორი გოლი გაცვალეს და ქულები გაიყვეს. უფრო ახლოს გამარჯვებასთან ემილიელები იყვნენ, რომელთა რიგებში თავი ანტონიო კასანომ და კარვალიო ამაურიმ გამოიჩინეს... ფლორენციელებმა 85-ე წუთზე გაათანაბრეს ანგარიში, როდესაც უზუსტესად მატი ფერნანდესმა დაარტყა, იქამდე კი ხუან კუადრადო გამოირჩა. "ფიორენტინას" ურიგოდ არ უთამაშია, მაგრამ ქულები დაკარგა და კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, "ნაპოლის" კიდევ უფრო მიახლოებოდა.

ტურინული დერბი
ამ მატჩზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ რადგან იტალიურ სპორტულ პრესაში ვნებათაღელვა არ წყდება, ტურის შეჯამებაში კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ. შეხვედრის კულმინაცია კარლოს ტევესის დიდებული გოლი გახლდათ, მაგრამ იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელმაც პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო - "ტორინოს" შემტევი ომარ ელ ქადური "იუვეს" მცველებმა საჯარიმოში მოცელეს და მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა, მაგრამ ასე არ მოიქცა.

იყო კიდევ რამდენიმე სადავო ეპიზოდი, რომელიც არბიტრმა ტურინელთა სასარგებლოდ განსაჯა. ყოველივე ამან იტალიურ სპორტულ პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და თითქოს იმ დროში დაგვაბრუნა, როდესაც "იუვეს" მუდმივად სდებდნენ ბრალს მსაჯების დახმარებაში - თუ რით დასრულდა ეს ამბავი, კარგად გემახსოვრებათ და ბუნებრივია, ეს თემა "ვეკია სენიორას" მესვეურებს განსაკუთრებულად აღიზიანებთ.

ჯამპიერო ვენტურა ("ტორინოს" მწვრთნელი): "მსაჯი საეჭვოდ ბევრ ეპიზოდში შეცდა და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ეს რას დავაბრალო. არადა, რიცოლი უმაღლესი კლასის არბიტრია და მას ასეთი რამ არ უნდა დამართნოდა. ფაქტია, რომ "იუვემ" ტურინული დერბი სწორედ მსაჯის შეცდომების წყალობით მოიგო. ანტონიო კონტეს უძლიერესი გუნდი ჰყავს და ამას არ უარვყოფ, მაგრამ ამ კონკრეტულ შეხვედრაში, მინიმუმ ქულას ვიმსახურებდით".

რიკარდო მეჯორინი (ტორინო): "დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. "იუვენტუსი" 12 კაცით გვეთამაშებოდა და ეს მეთორმეტე, გულშემატკივარი ნამდვილად არ ყოფილა. გაუგებარია, თუ რაში სჭირდება ისეთ ძლიერ გუნდს, როგორიც "იუვენტუსია", დახმარება. ვეცდებით, დაკარგული მომდევნო შეხვედრებში ავინაზღაუროთ".

ანდრეა ანიელი ("იუვენტუსის" პრეზიდენტი): "სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ "იუვენტუსს" მსაჯები ეხმარებიან. უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი და ვაღიაროთ, რომ "ვეკია სენიორა" დღეს საუკეთესო გუნდია იტალიაში. ვერც კი ვიხსენებ ისეთ ეპიზოდს, როდესაც მსაჯები აშკარად შეცდნენ ჩვენი გუნდის სასარგებლოდ - რომელ მიკერძოებასა და დახმარებაზეა ლაპარაკი, გაუგებარია".

პერსონები
გასულ ტურში ერთ-ერთი ყველაზე თვალსასეირო ბურთაობა რომში გაჩაღდა, სადაც "ლაციომ" "სასუოლოს" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა, 3:2. ეს იყო ფეერიული შეხვედრა, რომლის გვირგვინი სტეფან რადუს ბრწყინვალე გოლი გახლდათ - რუმინელმა შორი მანძილიდან, მარცხენა ფრთიდან დაუბათქუნა მეტოქის კარის მიმართულებით და მეკარე უშანსოდ დატოვა. რადუ სეზონში ერთ ან მაქსიმუმ ორ გოლს იტანს, მაგრამ მისი გოლები ყოველთვის შთამბეჭდავი და გამოსარჩევია.

"ლაციო" ვახსენეთ და მის პრეზიდენტზე, კლაუდიო ლოტიტოზე უნდა ვთქვათ. "ბიანკოჩელესტეს" გულშემატკივრებმა "სასუოლოსთან" მატჩის წინ ლოტიტოს საპროტესტო აქცია მოუწყვეს და არც თამაშის მსვლელობისას დააკლეს. ტიფოზებს არ მოსწონთ ლოტიტოს მმართველობის ფორმა და მას კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის გაყიდვისკენ მოუწოდებენ. ამ თემაზე პრეზიდენტმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

"მინდა ვუთხრა ყველას, რომ "ლაციოს" გაყიდვას არ ვაპირებ. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და ერთად მივაღწევთ წარმატებებს. "ლაციო" ჩემს შვილს უნდა დავუტოვო მემკვიდრეობით, რადგან ამ კლუბზე ზრუნვა ჩვენი ოჯახის მოვალეობაა"
.

ანტონიო დი ნატალემ 184-ე გოლი გაიტანა სერია A-ში და ამ მაჩვენებლით გაბრიელ ბატისტუტას გაუთანაბრდა. შესაბამისად, ტოტო ბატიგოლთან სერია A-ს ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-10-მე-11 ადგილებს იყოფს. ერთი გოლიც და დი ნატალე მეათე ადგილზე ერთპიროვნულად დამკვიდრდება, რის შემდეგაც კარიერის დასრულებაც შეიძლება.

ამასობაში, მარიო ბალოტელიმ მოილხინა გენუაში და ერთ-ერთ ღამის კლუბში პაპარაციც შემოელახა. ინციდენტის შემდეგ ფოტოგრაფმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა და ბალოტელის დაკითხვა მოუწყვეს; მარიო ფოტოგრაფთან სიტყვიერ შელაპარაკებას ადასტურებს, მაგრამ უარყოფს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, მიმდინარეობს გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე.

ტურის სიმბოლური ნაკრები
აგაცი (კიევო) - ანტონინი (ჯენოა, მარჯვ.), რამი (მილანი, ცენტრი), როლანდო (ინტერი, ცენტრი), ბრივიო (ატალანტა, მარცხ.) - რომულო (ვერონა, მარჯვ.), ნაინგოლანი (რომა, ცენტრი), ასამოა (იუვენტუსი, მარცხ.) - ტაარაბტი (მილანი, მარცხ.), კასანო (პარმა, მარჯვ.), ტევესი (იუვენტუსი, ფორვ.).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული