ანტონიო კონტემ იტალია გააოცა - სკანდალი მარიო ბალოტელის გარშემო

AutoSharing Option
16 ნოემბერს იტალიის ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ხორვატიის ნაკრებს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, დიდ ნაბიჯს გადადგამს ევროფორუმისკენ. მატჩი მილანში, "სან სიროზე" გაიმართება.

18 ნოემბერს "სკუადრა აძურა" გენუაში უკვე ალბანეთს დაუპირისპირდება, თუმცა ეს შეხვედრა ამხანაგურია და შესაბამისად, ნაკლებ ინტერესს იწვევს.

ანტონიო კონტემ იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, რომლებსაც ამ ორ შეხვედრაში დაეყრდნობა. სიამ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან "აძურას" თავკაცმა მოულოდნელი არჩევანი გააკეთა.

მივყვეთ თანმიმდევრობით...

მცველები
დე შილიო (მილანი), დარმიანი
(ტორინო), კიელინი (იუვენტუსი), ოგბონა (იუვენტუსი), მორეტი (ტორინო), რანოკია (ინტერი), რუგანი (ემპოლი), პასკუალი (ფიორენტინა).

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ იტალიის ნაკრების დაცვას ორი მნიშვნელოვანი ფიგურა აკლია: ტრავმირებული ინაციო აბატე და დისკვალიფიცირებული ლეონარდო ბონუჩი. ლეო ძირითადი შემადგენლობის უცვლელი ფიგურაა, აბატეს კი კარგი სეზონი აქვს და "მილანში" ერთ-ერთი საუკეთესოა. მოკლედ, მნიშვნელოვანი მატჩის წინ კონტეს დიდი ძალა დააკლდა.

კონტე, სავარაუდოდ 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოედანზე 5 ნომინალური მცველი იქნება. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ფლანგებზე მატია დე შილიო და მატეო დარმიანი გაირჯებიან, აი, ცენტრში კი ჯორჯო კიელინის, ანჯელო ოგბონას და ანდრეა რანოკიას ვიხილავთ.

განაცხადში კვლავ მოხვდა "ემპოლის" ახალგაზრდა მცველი დანიელე რუგანი. აი, ემილიანო მორეტის გამოძახებამ იტალიაში ნამდვილი შოკი გამოიწვია. 33 წლის მცველს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება, რაც ამ ასაკში სახუმარო საქმე ნამდვილად არაა. დიახ, ეს ის მორეტია, კარიერის საუკეთესო წლები "ვალენსიაში" რომ გაატარა და "სკუადრა აძურაში" მოხვედრა მაშინ არ ღირსებია. დღეს მორეტი "ტორინოს" ფეხბურთელია და აგერ, კონტეს მიწვევაც მიიღო.

იტალიელმა ჟურნალისტებმა კონტე გააკრიტიკეს კიდეც და არჩევანი დაუწუნეს - ბევრი ელოდა "სამპდორიას" მცველების: დანიელე გასტალდელოს, ალესიო რომანიოლის ან ლორენცო დე სილვესტრის გამოძახებას, რომლებსაც შესანიშნავი სეზონი აქვთ, მაგრამ მწვრთნელმა არჩევანი მორეტიზე, რუგანიზე და თუნდაც ოგბონაზე შეაჩერა.

ვნახოთ, როგორ გაამართლებს ანტონიოს არჩევანი.

ნახევარმცველები
ბერტოლაჩი (ჯენოა), ბონავენტურა (მილანი), კანდრევა (ლაციო), დე როსი (რომა), მარკიზიო (იუვენტუსი), პაროლო (ლაციო), სორიანო (სამპდორია), ვერატი (პსჟ, საფრანგეთი).

დებიუტანტები ნახევარდაცვაშიც არიან: 23 წლის ანდრეა ბერტოლაჩი "ჯენოადან" და ამავე ასაკის რობერტო სორიანო "სამპდორიადან". ორივე კარგ ფორმაშია, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრები არიან და გამოძახებაც დაიმსახურეს.

განაცხადში ვერ ვხედავთ ანდრეა პირლოს, რომელმაც განაცხადა კიდეც, რომ ყველა სანაკრებო შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

დანიელე დე როსი, კლაუდიო მარკიზიო და მარკო ვერატი სახეზე არიან, სამაგიეროდ, ტიაგო მოტა დარჩა თამაშგარეთ. მორიგი მიწვევა მიიღო ეროვნულ გუნდში ჯაკომო ბონავენტურამ და როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტები აცხადებენ, უფრო ალბანეთთან შეხვედრაში მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

თავდამსხმელები
ბალოტელი (ლივერპული, ინგლისი), იმობილე (დორტმუნდი, გერმანია), ჯოვინკო (იუვენტუსი), პელე (საუთჰემპტონი, ინგლისი), ძაძა (სასუოლო), ჩერჩი (ატლეტიკო, ესპანეთი), ელ შაარავი (მილანი).

ანტონიო კონტეს განაცხადში 7 ნომინალური თავდამსხმელია, ასეთი რამ კი იტალიის ნაკრებს დიდი ხანია, არ ახსოვს. მართალია, სტეფან ელ შაარავის და ალესიო ჩერჩის სიღრმიდანაც შეუძლიათ თამაში, მაგრამ მაინც თავდამსხმელები არიან.

საფეხბურთო იტალია მარიო ბალოტელის დაბრუნებამ გააკვირვა, რადგან "ლივერპულის" ფორვარდი საშინელ ფორმაშია და ინგლისში გოლი ვერ გააქვს.

ამასთან, სკანდალი აგორდა, რომელიც პრესაში გავრცელებულმა ცნობამ გამოიწვია - ლაპარაკია იმაზე, რომ ანტონიო კონტე აიძულეს, რომ ბალოტელი განაცხადში შეეყვანა.

საქმე იმაშია, რომ "სკუადრა აძურას" სპონსორი კომპანია "პუმაა", რომელიც ამავდროულად, მარიოს პირადი სპონსორია. ცნობილია ისიც, რომ კონტე თავის 4 მილიონ ევროს წელიწადში სწორედ "პუმასგან" იღებს - გავრცელებული ხმების თანახმად, კომპანიის წარმომადგენლებს კონტესთან შეხვედრა ჰქონდათ, რასაც მოჰყვა კიდეც მარიოს გამოძახება.

ბუნებრივია, ანტონიომ ყველაფერი უარყო და აღნიშნულ ცნობას ბოდვა უწოდა.

გაკვირვება გამოიწვია ალესიო ჩერჩის გამოძახებამ, რომელიც ცუდ ფორმაშია და მადრიდის "ატლეტიკოს" ვერაფრით ეხმარება. არადა, განაცხადს მიღმა მანოლო გაბიადინი დარჩა, რომელსაც შესანიშნავი სეზონი აქვს და "სამპდორიას" წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვს.

მოკლედ, კონტემ საფეხბურთო იტალია გააოცა - მის მიერ დასახელებულმა შემადგენლობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და მით უფრო საინტერესოა, რა მოხდება იტალია-ხორვატიის პაექრობაში. წარუმატებელი შედეგის შემთხვევაში, კონტეს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუნდაც ოგბონა რას ქვია? ოგბონა დღეს იტალიის ერთერთი საუკეთესო მცველია და ბარძალის ტრამვის პირობებში შეუცვლელად თამაშობს იუვეს თირითადში, ვისაც ოგბონა შეადარეთ ისინი ამ იუვეს განაცხადშიც ვერ მოხვდებიან
juventus
14:34 11-11-2014
0
სამაგიეროდ, ოგბონა ზანგია
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული